კალათბურთი

16:55 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის მორიგი საოცარი თამაში ესპანეთის ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ „მანრესას“ ესტუმრა და ძალიან ადვილად 81:61 იმარჯვა.

მასპინძლებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში მოახერხეს მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა და 22:19 მოიგეს, მაგრამ ამის შემდეგ „ტენერიფემ“ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა. მეორე და მესამე პერიოდი სტუმრებმა შესაბამისად 11 და 12-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და ბუნებრივია თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

გიორგიმ კი, მორიგი შესაშური მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა ცენტრმა 23:19 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, შედეგად, ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, 26-ს გაუტოლდა.

„ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერი შეტევაში ტრადიციულად პრაქტიკულად უშეცდომოდ გაისარჯა, 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინს მცირედი დააკლდა, რომ ზედიზედ მეოთხედ გამხდარიყო მატჩის MVP, რომელიც მისივე თანაგუნდელი სანტიაგო იუსტა გახდა, რომლის სარგებლიანობის მაჩვენებელმა 28 შეადგინა. სწორედ მას ჩამორჩა ჩვენებური ჩაგდებული ქულების რაოდნებითაც (21 ქულა 18-ის წინააღმდეგ).

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 5 ტურის თავზე 3 გამარჯვების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი, 27 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე თორნიკე შენგელიას „ბასკონიასთან“ გამართავს.

0.154633