ფეხბურთი

10:17 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება: ყველგანმავალი "კიტე" და ლოგიკური ნულები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრაში ირლანდიას უგოლოდ დაუზავდა. კელტთა წინააღმდეგ მოუგებელი სერია კი, არაფრის დიდებით არ დასრულდა - 11 მოუგებელი მატჩი...

ვლადიმირ ვაისის გუნდმა რიგ ეპიზოდებში მეტოქე მართლაც დაჯაბნა, მაგალითად გააკეთა უფრო მეტი პასი, ბურთსაც უფრო ხშირად აკონტროლებდა, კარისკენაც უფრო მეტჯერ დაარტყა და უფრო მეტი კუთხურიც ჩააწოდა. თუმცა, კარი ჩარჩოში ერთხელაც არ დაურტყამს. უცნაურია, მაგრამ ერთი თვის წინ დანიასთან უგოლო ფრეს ძალიან ჰგავდა ეს მატჩიც - იქაც იგივე სურათი იყო, თითქოს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ კარში დარტყმა მაშინაც დაგვავიწყდა (90-ე წუთზე დავარტყით ერთადერთხელ).

სამაგიეროდ, როგორც მაშინ დანიას, ახლა უკვე ირლანდიას ჩვენს კართან განსაკუთრებულად ბევრი ხიფათი არ შეუქმნია. მოკლედ, ნულოვანი ფრე სრულიად ლოგიკური შედეგი იყო.

WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს გუშინდელი მატჩიდან:

გიორგი ლორია 6 - როგორც უკვე ვთქვით, სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა და მეკარეებსაც დიდი ჯაფა არ დასდგომიათ. ლორიამ ირლანდიელთა ყველაზე სახიფათო დარტყმა 89-ე წუთზე გაანეიტრალა, როდესაც აარონ კონოლის აჯობა.

ოთარ კაკაბაძე 6 - თავიდან ჯეიმს მაკლინის წინააღმდეგ გაუჭირდა. დასაწყისშივე საჯარიმოსთან თამაშის წესი დაარღვია, რის შედეგადაც ირლანდიამ ბურთი ძელს მოარტყა. დროის გასვლასთან ერთად უფრო დამაჯერებელი გახდა და მარცხენა ფლანგისგან განსხვავებით გამწვავებასაც არ ერიდებოდა. რიგ ეპიზოდებში გამოუვიდა კიდეც.

გურამ კაშია 6.5 - დაცვის ცენტრმა ირლანდიელ შემტევებს პრაქტიკულად გასაქანი არ მისცა. კაშია დაცვის ხაზს ტრადიციულად ხელმძღვანელობდა.

გია გრიგალავა 6.5 - იგივე ითქმის მასზეც, რომელიც ბევრს ჩამოწერილი ჰყავდა, მაგრამ ფაქტია, აგერ უკვე მიჯრით მეორე თამაშია ჩინებულად ართმევს დაკისრებულ მოვალეობას თავს. თანაც, დავით ხოჭოლავას ტრავმისა და სოლომონ კვირკველიას უთამაშებლობის ნიადაგზე, გრიგალავა შანსს დიდებულად იყენებს.

ჯემალ ტაბიძე 6 - დაცვით ფაზაში ახალგაზრდა ფეხბურთელი მართლაც კარგად გამოიყურებოდა და კელტთა შეტევის მარჯვენა ფლანგი პრაქტიკულად თამაშიდან გამოთიშა. აი, შეტევაში თავად ჩართვა კი, ერთობ უძნელდებოდა. ეს დიდად გასაკვირი არცაა, რადგან ტაბიძე ფლანგის მოთამაშე არაა, ცენტრალური მცველია.

ჯაბა კანკავა 7 - ნამდვილი გლადიატორი. კაპიტანმა უკვე მერამდენედ დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი და მებრძოლი სული. ცხადია, უშეცდომო არავინაა და პატარ-პატარა წუნი ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ოთარ კიტეიშვილი 7.5 - საქართველოს ნაკრების რიგებში ცალსახად საუკეთესო. „შტურმის“ ნახევარმცველს ბოლო დროს შესაშური პროგრესი აქვს და ეს ფაქტია ძალიან გასახარია. ოთარი იყო ყველგან - მოედნის ცენტრში, საჯარიმოსთან, მეტოქის საჯარიმოსთან, ფლანგზე და უბრალოდ იქ, სადაც გუნდს დასჭირდებოდა. რამდენჯერმე ეფექტურადაც ითამაშა და ირლანდიელები ჩინებულად გააბითურა. კიტეიშვილი ბოლოდროინდელი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ნათელი წერტილია.

გიორგი აბურჯანია შ.გ - „ტვენტეს“ შუახაზელი ბოლო წუთებზე ფეხმტკივანი კიტეიშვილის ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე.

თორნიკე ოქრიაშვილი 5.5 - ცდილობდა, რომ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის დაცვაში სივრცეები მოეძებნა, მაგრამ პრაქტიკულად არ გამოუვიდა. აშკარაა, რომ ძველი ოქრიაშვილისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა და ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება. მეორე ნახევარში დაღლაც დაეტყო. ვაისმა ჯერ ცენტრფორვარდად გადასწია, ცოტა ხანში კი, შეცვალა.

ელგუჯა ლობჯანიძე შ.გ - მასაც საკმაოდ მწირი დრო დაეთმო. შემოსვლისთანავე ორ ირლანდიელ მცველს შორის დიდებულად იმოქმედა ბურთი მოიპარა, მაგრამ სამწუხაროდ, მეტად შეტევა ვეღარ განავითარა.

ჯანო ანანიძე 5.5 - ოქრიაშვილის დარად საუკეთესო ჯანოც არ გვინახავს მინდორზე. ვაისმა 90 წუთი დატვირთვა და გასაკვირი არაა, რადგან ძალიან ენდობა. თუმცა, რიგ ეპიზოდებში ვერ გაისარჯა სათანადოდ. სამართლიანობისთვის, აღვნიშნოთ, რომ ბევრი შავი სამუშაოს შესრულებაც უწევდა. მატჩის დასაწყისში კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ქვილითაიას დატოვებული ბურთი სუსტად დაარტყა, მეორე ნახევარში სახიფათო ჯარიმაც უხეიროდ შეასრულა.

ვაკო ყაზაიშვილი 5.5 - პირველ ტაიმში შემტევ ოთხეულში ყველაზე აქტიური იყო და არაერთხელ გააამწვავა თამაში. თუმცა, მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა, თითქოს ვაკო მოედანზე აღარ იყო და მისი ზონიდან ირლანდიელებმა მთლიანობაში თავი ადვილად დაიცვეს. ბუნებრივია, ყაზაიშვილი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მისგან ყოველთვის გაცილებით მეტს ველოდებით.

გიორგი ქვილითაია 6 - ერთადერთი ცენტრფორვარდი სანამ მინდორზე იყო, არ გაჩერებულა და წინა ხაზზე ორ მცველს შორის უწევდა ბრძოლა, როგორც მაღალი, ისე დაბალი ბურთებისთვის. ცდილობდა პირველი ბურთი აეღო და შეტევის ორგანიზებისთვის ბურთი მოეხელთებინა, რიგ ეპიზოდებში გამოუვიდა. სამწუხაროდ, საჯარიმოში ერთხელაც ვერ მიიღო ისეთი გადაცემა, რაც საგოლე მომენტს მაინც მოიტანდა.

ლევან შენგელია შ.გ - ლევან შენგელიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, მისთვის კარგად ნაცნობ სტადიონზე. ვაისმა დაღლილი ირლანდიელი განაპირა მცველის სიცოცხლის გასართულებლად ჩართო თამაშში, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გამოუვიდა. ორჯერ კუთხური ჩააწოდა, მაგრამ ორჯერვე ცუდად, ახლო ძელთან, იქ, სადაც მხოლოდ მეტოქე იდგა. ერთხელ გაისწორა ჩვეულად, დასარტყმელად, მაგრამ კარს დიდი მანძილით ააცილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122503