ფეხბურთი

0:53 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარის პირველი რეალური

„რეალმა“ და „გრანადამ“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მაყურებელი ერთობ ახალისეს. პირველი ტაიმი მთლიანად მასპინძლების იყო. ისინი საოცარი მოტივაციით გავიდნენ მინდორზე. ეტყობა, ჩემპიონთა ლიგაში „ბრიუგესთან“ წაფორხილების შემდეგ (2:2), საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაცია სურდათ.

ბენზემამ ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გახსნა. ნახევარი საათის განმავლობაში მასპინძლები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. სტუმრები ცოტა დაბნეულები ჩანდნენ და დაცვაში თავისუფალ ზონებს ტოვებდნენ. თუმცა, ზოგჯერ მადრიდელებს არ ჰყოფნიდათ სიზუსტე, ხანაც გრანადელთა მეკარე რუი სილვა ყოჩაღობდა. მაგრამ, ტაიმის ბოლოს ზიდანის შეგირდებმა მეორე გოლი მაინც გაიტანეს - „სამეფო კლუბის“ მაისურით პირველად გამოირჩა ედენ აზარი.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა ანგარიში გამანადგურებელი გახადეს. შეცვლაზე შესულმა ლუკა მოდრიჩმა „ცხრიანში“ შეაგდო. თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ სტუმრებმა ხასიათი გამოაჩინეს. ცხრაწუთიან მონაკვეთში ორი საპასუხო გოლი გაიტანეს და ვითარებაც დაიძაბა. მაყურებელი ახმაურდა. თუმცა გრანადელთა „დაბრუნება“ მაინც ვერ შედგა. უკვე წამატებულ წუთებზე, ასევე მინდორზე ახალშესულმა ხამეს როდრიგესმა, ერთიც შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.

„რეალი“ კვლავაც ერთპიროვნული ლიდერია და ამ ტურში მას ვეღარავინ გადაასწრებს. თუმცა, ყველა მისი კონკურენტი თავის მატჩებს კვირას გამართავს.

ესპანეთი

პრიმერა. მე-8 ტური. 5 ოქტომბერი

რეალი -გრანადა 4:2

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 70 315

1:0 ბენზემა (2), 2:0 აზარი (45+1), 3:0 მოდრიჩი (61), 3:1 მაჩისი (69 პენ), 3:2 დუარტე (78), 4:2 ხამესი (90+2)

რეალი: არეოლა, კარვახალი, რამოსი, ვარანი, ოდრიოსოლა, კროოსი (მოდრიჩი 38), კაზემირო, ვალვერდე, აზარი (ისკო 69), ბეილი (ხამესი 83), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გრანადა: სილვა, ნევა, სანჩესი, დუარტე, დიასი, ერერა, მონტორო (გონალონი 6), მაჩისი, აზიზი (ვადალიო 51), პუერტასი, სოლდადო (ფერნანდესი 64)

მწვრთნელი: დიეგო მარტინესი

მსაჯი: ხაიმე ლატრე

გაფრთხილება: კაზემირო (43), კარვახალი (54), არეოლა (68); სანჩესი (54), სოლდადო (56), ერერა 72), დუარტე (74)

ლეგანესი - ლევანტე 1:2

0:1 როხერი (45 პენ), 0:2 კამპანია (49), 1:2 ბრეითუეითი (76)

79-ე წუთზე ბრეითუეთმა პენალტი ვერ გაიტანა

ვალენსია - ალავესი 2:1

1:0 გომესი (27), 2:0 პარეხო (80 პენ), 2:1 პერესი (89)

ოსასუნა - ვილიარეალი 2:1

0:1 ტორესი (5), 1:1 რონკალია (46), 2:1 ავილა (79)

4 ოქტომბერი

ბეტისი - ეიბარი 1:1

0:1 ორელიანა (34 პენ), 1:1 ლორენი (66)

გაძევება: ესკალანტე (ეიბარი, 90+1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109536