ფეხბურთი

3:25 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდი იტალიური დერბი ბევრი ინტრიგის ფონზე

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში, უფრო კონკრეტულად 6 ოქტომბერს, „ინტერი“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუხვდება. დიდი იტალიური დერბი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, მაგრამ ალბათ არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ დიდი ხანია ასეთი ინტრიგა თან არ ჰქონია ხსენებულ ლეგენდარულ დუელს.

საქმე ისაა, რომ ორივე გუნდი საჩემპიონოდაა მომართული და როგორც ჩანს, „იუვენტუსს“ წელს არც სამშობლოში ელოდება მაინც და მაინც მშვიდი ცხოვრება. ანტონიო კონტემ „ინტერი“ რომ გარდაქმნა, ახალ რელსებზე მომართა, აქამდეც გვითქვამს და ეს ფაქტია. ფაქტი, რომელიც უტყუარია - „ნერაძურიმ“ ისტორიაში მეორედ (პირველად 1966-1967 წლების სეზონში) მოიგო სერია A-ში საწყისი 6 მატჩი ზედიზედ. მოგებაცაა და მოგებაც, „ინტერი“ ამას საკმაოდ ადვილად და რაც მთავარია გააზრებული ფეხბურთით ახერხებს.

მართალია, გენუის „სამპდორია“, გუნდი, რომელიც მილანელთა მორიგი მსხვერპლი გახდა, წელს საშინლად თამაშობს და ბოლო ადგილზეა, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა, როდესაც საკუთარ მინდორზე ირჯება. თუმცა, კონტემ და მისმა ბიჭებმა გენუელები არც კი შეიმჩნიეს. 2-წუთიან ინტერვალში სტეფანო სენსიმ მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. იტალიელ ნახევარმცველს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს და ამჯერადაც ულიდერა თანაგუნდელებს. სტეფანომ ჯერ თავად გაიტანა, მერე ალექსის სანჩესს დაეხმარა სადებიუტო გოლის გატანაში. სხვათა შორის, ჩილელი პირველად მოხვდა შავ-ლურჯების სასტარტოში და გოლიც გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გარდა იმისა, რომ გუნდი კაცნაკლული დატოვა, აწ უკვე ხსენებულ დიდ იტალიურ დერბის გამოტოვებს. „ინტერმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ იქვე, რობერტო გალიარდინიმ სხვაობა ისევ ორბურთიანი გახადა და თამაშის ბოლომდე არაფერი შეცვლილა.

ექვსიდან ექვსი გამარჯვება - საოცარი შედეგია და როგორ გინდა, ანტონიო კონტეს ფაქტორი არ გამოარჩიო?! თუმცა, ახლა მილანურ გრანდს საკმაოდ მძიმე კვირა ელოდება, რადგან ჯერ „ბარსელონას“, მერე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. აი, ამ მატჩებშიც თუ მოახერხებენ „ინტერი“ და კონტე თავის წარმატებით წარმოჩენას, მაშინ მუსიკა კიდევ უფრო ხმამაღლა დაუკრავს.

„ინტერს“ „იუვე“ კვალში უდგას. ნელ-ნელა მაურიციო სარის გუნდი თამაშს აუმჯობესებს და ახალი სპეციალისტის ნიშან-კვალიც ეტყობა. ტურინელებმა მირალემ პიანიჩისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით „სპალს“ მარტივად მოუგეს და კიდევ ბევრს გაიტანდნენ, სტუმართა კარის დარაჯ ეტრიტ ბერიშას მრავალგზის რომ არ ევაჟკაცა. „ბებერი ქალბატონი“ დაუძინებელ მტერთან სათამაშოდ მდევრის როლში ჩადის, რასაც სხვათა შორის გადაჩვეული და საერთოდაც, მიჩვეული არაა. თუმცა, ეს სხვაობა პრაქტიკულად მინიმალურია, მხოლოდ ორი ქულა და ახლავე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მაგარი თამაში გველოდება დამდეგ უიქ-ენდზე. ჰო, არ დაგვავიწყდეს ანტონიო კონტეს ფაქტორიც - „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტნისა და მწვრთნელის, რომელიც მთელი ცხოვრება იუვენტინო იყო, მაგრამ რამდენიმე დღის ხმამაღლა თქვა, სანამ „ინტერში“ ვიმუშავებ ინტერისტა ვიქნები და შემდეგ მოვიხსი ამ სტატუსსო. პროფეზიონალიზმიც ასეთი უნდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კონტეს სახით დამდეგ დუელს კიდევ უფრო დიდი ინტრიგა ახლავს და მოკლედ, მაგარი 90 წუთის მოლოდინში უნდა ვიყოთ.

„ინტერსა“ და „იუვეს“ კვალში ბერგამოს „ატალანტა“ უდგას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ზაგრებში საშვილიშვილოდ კი შერცხვა, მაგრამ შიდა ასპარეზზე დიდებულად გამოიყურება და ამჯერად რეჯიო ემილიაში „სასუოლო“ 4:1 გაანადგურა, რომელსაც 35-ე წუთისთვის ოთხი უპასუხო გოლით ამარცხებდა. 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ატალანტამ“ სტუმრად პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა. კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი - ბერგამოელებმა 2019 წელს 10 საგარეო თამაში მოიგეს და ტოპ ჩემპიონატებში ამ კუთხით მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ ჩამორჩებიან (11 გამარჯვება სტუმრად).

„იუვენტუსი“ – „სპალი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პიანიჩი (45), 2:0 რონალდუ (78)

„სამპდორია“ – „ინტერი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 სენსი (20), 0:2 სანჩესი (22), 1:2 იანკტო (55), 1:3 გალიარდინი (61)

„სასუოლო“ – „ატალანტა“ 1:4 (0:4)

გოლები: 0:1 გომესი (6), 0:2 გოსენსი (13), 0:3 გომესი (29), 0:4 ძაპატა (35), 1:4 დეფრელი (62)

თეგებისერია A