ავტოსპორტი

2:06 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა ზედიზედ მეოთხე პოულით შუმახერის მიღწევა გაიმეორა

შარლ ლეკლერმა სოჭის ოლიმპიურ ტრეკზე საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა პოულ პოზიციას. ამით მან ლეგენდარული მიხაელ შუმახერის მიერ 2000 წლის სეზონში დაფიქსირებული მიღწევა გაიმეორა. შუმახერის შემდეგ, ლეკლერი „ფერარის“ პირველი პილოტია, ვინც ზედიზედ ოთხჯერ შეძლო საკვალიფიკაციო რბოლის მოგება.

საინტერესოა, რომ „ფერარის“ მონკოელი მრბოლი სულ სამი წლის იყო, როცა შუმახერმა „ფერარისთან“ ერთად, ზედიზედ ოთხი საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. მარანელოელთა 21 წლის ახალბედამ ამ სეზნში უკვე მეცხრე კვალიფიკაციაში აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს, ვინც ამჯერად მესამე შედეგს დასჯერდა. ამ სეზონში და კარიერაშიც, მას უკვე ექვსი პოულ პოზიცია აქვს მოპოვებული

მეორე პოზიციას ლუის ჰამილტონი დაიკავებს, ვინც კვალიფიკაციის მესამე ნაწილში, პირველი ცდის შემდეგ, „ფერარის“ ორივე პილოტს ჩამორჩებოდა. მაგრამ მეორე ცდაზე მან ფეტელს 0.023 წამით აჯობა. იმავდროულად, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი პოულის დროს 0.402 წამით ჩამორჩა.

საინტერესოა, რომ სოჭის რბოლებს აქამდე მხოლოდ „მერსედესის“ პილოტები იგებდნენ. კიდევ უფრო საინტერესო კი ისაა, რომ ჰამილტონს შედეგი, მისსავე შედეგზე დაახლოებით 0.6 წამით უარესი იყო. იმ დროით, ბრიტანელი პილოტი დღეს პოულს მოიგებდა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: „ფერარიმ“ და „მერსედესმა“ რბოლის დასაწყისისთვის განსხვავებული ტიპის საბურავები აირჩიეს. წითლები სტარტს სოფტებით აიღებენ, ვერცხლისფერები კი - მედიუმებით. როგორც „ფერარის“ შეფმა მატია ბინოტომ განაცხადა, თავიდან მისი გუნდიც რბოლის მედიუმებით დაწყებას ფიქრობდა, თუმცა შემდეგ არჩევანი სოფტებზე გაკეთდა.

მეოთხე დრო მაქს ფერსტაპენს ჰქონდა, მაგრამ ძრავის შეცვლის გამო, ის სტარტზე ხუთი პოზიციით უკან განლაგდება. მის ტაილანდელ თანაგუნდელ ალექს ალბონს ავარია მოუვიდა, რის გამოც, თავი ვერაფრით გამოიჩინა და ბოლოდან მესამე პოზიციას დასჯერდა. ფერსტაპენის ძრავის ჯარიმის გამო, მეორე რიგში ვალტერი ბოტასი გადაინაცვლებს.

რუსეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:31.628
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32.030
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:32.053
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:32.632
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:33.222
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:33.289
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.301
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:33.517
  9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:32.310
  10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:33.661
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:33.950
  12. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:33.958
  13. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:34.037
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:34.082
  15. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:34.233
  16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:34.840
  17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:35.356
  18. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:39.197
  19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:36.474
  20. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131512