ფეხბურთი

23:05 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" სათავეში დაბრუნდა

გერმანიის ბუნდესლიგას მეექვსე ტურის შემდეგ ლიდერი შეეცვალა, „ლაიფციგი“ „ბაიერნმა“ ჩაანაცვლა. ზოგადად, ამ ეტაპზე ლიდერობაზე საუბარი მეტისმეტად ნაადრევიცაა, რადგან სატურნირო ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა. მაგალითისთვის, ლიდერსა და მეცხრე ადგილოსან „აინტრახტს“ შორის სხვაობა სულ რაღაც 4 ქულა გახლავთ.

აქამდე ერთპიროვნულმა ლიდერმა „ლაიფციგმა“ გელზენკირხენის „შალკეს“ უმასპინძლა. ვაგნერის გუნდი ნელ-ნელა ფერზე მოდის და მეტიც, უკვე მოვიდა კიდეც. „ხუმარები“ აღარ ხუმრობენ და „რებ ბულ არენაზე“ აქამდე დაუმარცხებელ „ლაიფციგს“ საწყის ერთ საათში გაუტანეს სამი უპასუხო გოლი და ყველა კითხვას პასუხი გასცეს. ბოლოსკენ ემილ ფორსბერგმა ანგარიში კი დაასველა, მაგრამ ამან საერთო სურათი ვერ შეცვალა. ამასობაში გარდა იმისა, რომ „ლაიფციგმა“ ლიდერის პოზიცია დათმო, „შალკემ“ 13 ქულა დააგროვა და ეს ორი გუნდი მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.

მიუნხენის „ბაიერნმა“ კი დებიუტან და აუტსაიდერ „პადერბორნს“ მოკრძალებულად, მაგრამ მოუგო. მთლიანობაში „რეკორდმაისტერის“ უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ნერვიულობა მაინც მოუწია, რადგან მასპინძლებმა მანუელ ნოიერი ორჯერ დაამწუხრეს და ცდა არ დააკლეს, რომ ისტორიული ქულისთვის როგორმე ხელი გამოეკრათ. თუმცა კი, სერჟ გნაბრის, ფილიპე კოუტინიოსა და რობერტ ლევანდოვსკის გოლებით მიუნხენელებმა 3 ქულა სახლში წაიღეს და გალიდერდნენ.

„დორტმუნდს“ ბოლო დროს არასტაბილურობა დასჩემდა და შინ ბრემენის „ვერდერთან“ განიავებული ორი ქულის შედეგად, ტომას ტუხელის გუნდი მეექვსე პოზიციამდე დაქვეითდა. არადა, „ყვითლები“ ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ მომენტებიც ქარს გაატანეს და უპირატესობაც ვერ შეირგეს.

ლიდერებშია ლევერკუზენის „ბაიერიც“, რომელმაც „აუგსბურგთან“ უპრობლემოდ იმარჯვა, „ვოლფსბურგმა“ კი „მაინცი“ დაჯაბნა. ცუდად მისდის იულიან ნაგელსმანის გარეშე დარჩენილ „ჰოფენჰაიმს“ ყოფა, რომელმაც ზინსჰეიმში მორიგი უსახური თამაში ჩაატარა და მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ვერც ვერაფერი გააწყო.

„მაინცი“ – „ვოლფსბურგი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ტისერანდი (9)

„აუგსბურგი“ – „ლევერკუზენი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (34, ა.გ), 0:2 ვოლანდი (76), 0:3 ჰავერცი (84)

„ლაიფციგი“ – „შალკე“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 სანე (29), 0:2 ჰარიტი (43, პენ), 0:3 მატონდო (58), 1:3 ფორსბერგი (83)

„პადერბორნი“ – „ბაიერნი“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 გნაბრი (15), 0:2 კოუტინიო (55), 1:2 პროგერი (68), 1:3 ლევანდოვსკი (79), 2:3 კოლინსი (84)

„ჰოფენჰაიმი“ – „გლადბახი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 პლეა (43), 0:2 ტურამი (65), 0:3 ნოჰაუსი (83)

„დორტმუნდი“ – „ვერდერი“ 2:2 (2:1)

გოლები: 0:1 რაშიცა (7), 1:1 გიოტცე (9), 2:1 როისი (41), 2:2 ფრიედი (55)

თეგებიბუნდესლიგა
0.13834