ფეხბურთი

20:40 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე დინამოს, ნაკრების და იტალიური წლების შესახებ

ლევან მჭედლიძემ თითქმის მთელი პროფესიული კარიერა იტალიაში გაატარა, ამჯერად კი თბილისის დინამოს ფეხბურთელია. ვფიქრობთ, ასეთი ფეხბურთელის ჩამოსვლა ჩემპიონატისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

ლევანი ეროვნული ლიგის ვებგვერდს განვლილ წლებზე, დინამოს და საქართველოს ნაკრების მიზნებზე გაესაუბრა.

ალბათ უცნაური გრძნობაა, 13–წლიანი კარიერის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდი და დღეს თბილისის დინამოს წევრი ხარ...

ასეა და ახლა ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ! ამ ზაფხულს უფრო დავაკვირდი ქართულ გუნდებს და მიუხედავად ფეიენოორდთან წაგებისა, დინამოს პოტენციალი დავინახე. არის წინსვლა და მინდა, რომ მომავალში წინსვლის ნაწილი მეც გავხდე. ეგოისტი არ ვარ და ტრანსფერს არასდროს ვუყურებ მხოლოდ ჩემი მხრიდან, როგორც მე ვარ ბედნიერი, გუნდიც ასევე ბედნიერი უნდა იყოს ჩემი აქ ყოფნით.

დინამოში დებიუტს როდის უნდა ველოდოთ?

სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს საბურთალოსთან. 5–ში კი ბათუმის დინამოსთან გვაქვს გასვლითი მატჩი. ეს ის თამაშებია, სადაც ბევრი რამ გაირკვევა, მაგრამ ზოგადად, ყოველთვის მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მანამდე სიონთან მატჩია და მეტოქე უნდა დავაფასოთ.

პირველი შთაბეჭდილებები როგორია? რას გვეტყვი ჩისკოზე?

კარგი გარემო და ინტენსიური ვარჯიშებია, ჩისკოს ესპანური სტილი აქვს დანერგილი, რაც პირდაპირ ვიტყვი, ბედნიერებაა ფეხბურთელისთვის. მთავარია, ყველანი ავყვეთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ.

რა იწვევდა ხშირ ტრავმიანობას? ბევრი ამბობდა, რომ მჭედლიძემ უცებ აიყარა ტანი და ამან მოახდინა გავლენაო...

სიმაღლეში ერთ დროს, 2 თვეში 8 სანტიმეტრით გავიზარდე, მაგრამ ტრავმები ამის ბრალი არ ყოფილა. მიზეზი სხვა რამ იყო: ზოგჯერ ერთდროულად სამ ნაკრებში მიწევდა თამაში. ჩამოვიდოდი, ხან 17–წლამდელები, ხან 19–წლამდელები, ხან მთავარი ნაკრები... ვარჯიშის გარდა ყველაფერს ვაკეთებდი. მოკლედ, ვარჯიშის ნაცვლად ვთამაშობდი.

იმ დროს, ალბათ, ამაზე ნაკლებად ფიქრობდი და თამაში გიხაროდა...

დიახ, მაშინ სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ ამან მოგვიანებით იჩინა თავი. საბედნიეროდ, ახლა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ.

ყველაზე შედეგიანი პერიოდი 2017 წლის გაზაფხულზე გქონდა, სერია A–ში გოლები გაგქონდა და მნიშვნელოვან მომენტში დაშავდი. დიდი ხანი გაგიცდა და რატომ გაიწელა გამოჯანმრთელების პროცესი?

ეს მილანთან მატჩის მერე მოხდა, როცა გოლი გავიტანე. 4 თვე ოპერაცია ვერ გავიკეთე. ემპოლიში მითხრეს, ოპერაცია არ გჭირდება, ვარჯიში შეგიძლიაო. ეგონათ, წასვლა მინდოდა და მიზეზებს ვეძებდი. ცუდ რამეს მაბრალებდნენ, რაც არ მჩვევია - ჯერ პიროვნება ხარ და მერე – სპორტსმენი. მოკლედ, აპრილში გასაკეთებელი ოპერაცია სექტემბერში გავიკეთე.

მთელი კარიერა იტალიაში გაატარე და ვიცით, რომ ადრე უფრო სარფიან წინადადებებზე უარი თქვი - მიეჩვიე აპენინებს?

სახლში ვგრძნობდი თავს, ასე იყო ტოსკანაშიც (ემპოლი) და სიცილიაზეც (პალერმო). პალერმოს მწვრთნელთან - დელიო როსისთან უთანხმოება მომივიდა, ამ კონფლიქტში ჩემი შეცდომაც იყო, მაგრამ მეორე მხრივ, როსის ჩემს მერე კიდევ არაერთ ფეხბურთელთან ჰქონდა უთანხმოება... მაგალითისთვის ადემ ლიაიჩთან, რისი ვიდეოკადრებიც არსებობს.

წინადადებები სულ მქონდა - ესპანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და იტალიის წამყვანი გუნდებიდანაც. უბრალოდ, არ მინდა კლუბების დასახელება, წასული ამბავია... ისე მოვყვები - როდესაც ტრავმას ვიღებდი, მილანს მივყავდი სამკურნალოდ, „მილან ლაბი“ არის სამედიცინო ცენტრი. ჰოდა, ისე მოხდა, რომ მილანმა მიმკურნალა და მაშინ სწორედ მილანს გავუტანე...

როგორც ვიცით, იტალიაში ტიფოზები ძნელად პატიობენ წაგებას.

გააჩნია გუნდს, ემპოლიში გვპატიობდნენ, აი პალერმო კი სულ სხვაა - იქ ძალიან აგრესიული ტიფოზები ჰყავთ!

ემპოლიში მაურიციო სარისთან მოგიწია მუშაობა, იმ პერიოდში ცნობილი სპეციალისტი არ იყო, მაგრამ მერე ნაპოლი, ჩელსი, იუვენტუსი... მოგვიყევი მასზე.

თავისუფალი კაცია, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი საქმე. კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ატარებს ოჯახთან. დილით მიხვალ ვარჯიშზე და სარის მანქანა იქ დგას. საღამოს ყველა რომ წავა, ისევ იქ დგას...

მახსოვს, ემპოლიში პირველ სეზონში 9 ტურის მერე მხოლოდ 2 ქულა გვქონდა - პრესა ყოველდღე ლანძღავდა, მაგრამ პრეზიდენტმა თქვა, მაგარიაო და ენდო. იმ წელს ისე მოვუმატეთ, ფლეი–ოფში გავედით და კინაღამ გადავედით სერია A–ში.

სარი გეხუმრება, შენი მეგობარია, მაგრამ ვარჯიშზე ის საათნახევარი მანქანასავით უნდა იყო და ბოლომდე დაიხარჯო. როცა ერთი ფეხბურთელი რამეს დააშავებდა, მთელ გუნდს სჯიდა. ზოგადად, მწვრთნელებში მიმართლებდა. ბალარდინი, ტოპმიოლერი, კუპერი, სარი... თუნდაც დელიო როსი, მიუხედავად უთანხმოებისა, ვაღიარებ, ძლიერი სპეციალისტი იყო.

ვლადიმირ ვაისი...

ამ კაცის პროფესიონალიზმზე ლაპარაკი ზედმეტია და პლუს, ძალიან კარგი მიდგომა აქვს ფეხბურთელებთან. ნაკრებზეც ვიტყვი - შესარჩევის დარჩენილ თამაშებში შედეგზეც უნდა ვიფიქროთ და თან, ერთა ლიგის ფლეი–ოფისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ.

ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე - ფეხბურთელებმა, ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა... საწყენია, როდესაც უდარდელობას გაბრალებენ - თითქოს ჩვენ არ გვინდა მოგება... ეზოში რომ თამაშობ, მაშინ გინდა გამარჯვება და საქართველოს ნაკრების ფორმით როდესაც დგახარ მინდორზე წარმოუდგენელი გრძნობაა.

ვიცით, რომ პრესასა და სოციალურ ქსელებს ყურადღებას აქცევ და აქტიური ხარ...

კი, თუმცა ვცდილობ, ბევრი აღარ ვიფიქრო, როდესაც თამაში არ გამოგდის, უნდა გაგაკრიტიკონ და ეს ნორმალურია. ზოგჯერ გულსატკენ რაღაცეებსაც მოისმენ და წაიკითხავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც ცუდად ხუმრობს, იმასაც გულის სიღრმეში კარგი სურს ქართველი ფეხბურთელისთვის.

შენი საუკეთესო პარტნიორი მოედანზე ვინ არის? როგორც ქართველი, ისე უცხოელი...

ქართველებიდან ლევან ყენია - თავიდანვე კარგად ვუგებდით ერთმანეთს. სამწუხაროდ, ყენიას ტრავმების გამო კარგად ვერ წაუვიდა კარიერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ დროს შეიძლება მოუმატოს, დღესაც მაგრად შეუძლია თამაში. უცხოელებიდან კი სიმონე ვერდი - ემპოლიში ზოგჯერ ისეთ პასს დამიხატავდა ხოლმე... მერე მილანში გადავიდა. ასევე, რადე კრუნიჩი, ხავიერ პასტორე... ლეანდრო პარედესის გვერდით თამაშიც კომფორტული იყო. ახლა დინამოში ველოდები ასეთ პარტნიორებს.

მატჩი, რომლის შემდეგაც ყველაზე გახარებული იყავი...

სამს დავასახელებ, პირველი - საქართველო 2:0 შოტლანდია, როდესაც 17 წლის ვიყავი და ნაკრებში გოლი გავიტანე; მეორე - პალერმოში თამაშისას ჯანლუიჯი ბუფონს რომ გავუტანე და იუვენტუსს სტუმრად მოვუგეთ; და ბოლოს, ერთი მატჩი იყო ემპოლიში, სერია ბ–დან ვვარდებოდით და ვიჩენცას ვხვდებოდით, დამარცხების შემთხვევაში შანსი თითქმის არ გვრჩებოდა, 0:2–ს ვაგებდით, შეცვლაზე შევედი და ჯერ მე გავიტანე, მერე ტავანომ, ბოლო წუთზე კი მასიმო მაკარონეს მივეცი საგოლე პასი და 3:2 მოვიგეთ! სანამ მაკარონე გაიტანდა, ვიჩენცამ პენალტი ვერ შეაგდო. მოკლედ, სასწაული თამაში იყო - იმედია, წინ კარგი ამბები მელის. ჯერ საქართველოს ჩემპიონობას ვუმიზნებთ!

Erovnuliliga.ge

0.113967