ფეხბურთი

18:20 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი: პატარა ნაკრებების დიდი ამბიცია

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 4 ტური დარჩა და ბევრგან უკვე გამოიკვეთა კონტურები. მაგალითად, ბელგია, რუსეთი, იტალია, ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე არიან. წესით, ეს ამბავი ოქტომბერში გაოფიციალურდება.

თუმცა, ბევრ ჯგუფში მეტად დაძაბული ვითარებაა და ამ გადმოსახედიდან პროგნოზის გაკეთება მეტისმეტად რთულია. ბრძოლაში არიან ჩაბმულნი კოსოვოს, სომხეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებიც, რასაც ბევრი შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ ძნელად თუ წარმოიდგენდა.

კოსოვო - A ჯგუფში ინგლისის ნაკრებს პირველი ადგილი თითქმის განაღდებული აქვს. სამაგიეროდ, მეორე პოზიციისთვის ჩეხეთს კოსოვო სერიოზულ კონკურენციას უწევს. ორივე გუნდს 5-5 მატჩი აქვთ ჩატარებული და ჩეხებს ქულით მეტი აქვთ მოპოვებული. კოსოვომ საერთოდ, წაუგებლად დაიწყო 2 მოგების წილ 2 ფრე ჰქონდა, მაგრამ გუშინ „სენტ მერიზე“ ინგლისთან ვერას გახდა და 3:5 წააგო. შედეგად, 15-მატჩიანი წაუგებელი სერიაც დაასრულა. ოქტომბერში კოსოვო მონტენეგროს დაუხვდება და იმავე დღეს ჩეხეთი ინგლისს ხვდება. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ მეორე ადგილზე გადაინაცვლოს. თუმცა, ამ ჯგუფიდან მეორე ადგილის ბედი მაინც ნოემბერში, ბოლოსწინა ტურში გაირკვევა, როდესაც პლზენში ჩეხეთი კოსოვოს დაუხვდება. ერთი კვირის წინ კოსოვოელებმა შინ უშუალო კონკურენტს 2:1 აჯობეს.

ვთქვათ ისიც, რომ კოსოვოს გასვლა-არგასვლის საკითხი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგა თუ კოსოვოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შესარჩევი ციკლიდან გავა, ერთა ლიგის ფინალურ ტურნირში არ ითამაშებს. გარდა იმისა, რომ საქართველოს ძლიერი კონკურენტი მოაკლდება, ნახევარფინალში ბელარუსის ნაცვლად ლუქსემბურგს უმასპინძლებს...

სომხეთი - კოსოვოს დარად, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბევრისთვის მოულოდნელად იბრძვის სომხეთის ნაკრები. ჩვენმა მეზობლებმა 6 ტურში 3 თამაში მოიგეს, ჯგუფში მესამე ადგილზე არიან და მეორეადგილოსან ფინეთს მხოლოდ 3 ქულა აშორებთ. სომხეთმა ბოლო ტურში ერევანში ბოსნიას შანსი არ დაუტოვა და ბრწყინვალე სტილში 4:2 სძლია, ხოლო იქამდე სამი დღით ადრე, იტალიასთან ბოლოსკენ გატყდა, არადა ამარცხებდა კიდეც და პირველივე ტაიმში კაცნკალული რომ არ დარჩენილიყო, ვინ იცის, რა მოხდებოდა. J ჯგუფიდან იტალიის პირველ ადგილს მხოლოდ გაოფიციალურება აკლია, ხოლო მეორე ადგილისთვის სწორედ ფინეთი და სომხეთი იბრძვიან. ბევრი რამ 15 ოქტომბერს უნდა გაირკვეს, რადგან ტურკუში ფინელები სომხებს უმასპინძლებენ. ამ გუნდების პირველი მატჩი ერევანში სტუმრებმა 2:0 მოიგეს. აქვე ვთქვათ, რომ უშანსოდ ჯერ არც ბოსნიაა, რომელსაც 7 ქულა აქვს, მაგრამ ფინეთს უპირველესი საფრთხე ამ გადმოსახედიდან სომხეთისგან ემუქრება.

ჩრდილოეთ ირლანდია - ჩრდილოეთ ირლანდია ევრო 2016-ის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობდა, მაგრამ მიმდინარე შესარჩევ ციკლში ამ გუნდისგან ასეთ შედეგს ნაკლებად ელოდნენ, რადგან მისი კონკურენტები გერმანია და ჰოლანდია არიან. თუმცა, ფაქტია, „მწვანეები“ 12 ქულით ლიდერის პოზიციაზე იმყოფებიან (ამდენივე ქულა ქვს გერმანიას, ჰოლანდიას კი 9). მეტიც, ჩრდილოეთ ირლანდია უდანაკარგოდ ასპარეზობდა, მაგრამ ორი დღის წინ საკუთარ მოედანზე გერმანიასთან 0:2 წააგო. ამ ჯგუფში ყველაფერს ოქტომბრის მატჩები გაარკვევს, როდესაც ჩრდილოეთ ირლანდია ჯერ ჰოლანდიას უმასპინძლებს, მერე კი გერმანიას ესტუმრება.

0.109817