ფეხბურთი

3:55 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია და რუსეთი თითქმის ევროპის ჩემპიონატზე არიან, დანარჩენები იბრძვიან

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები გრძელდება და ამჯერად ოთხ ქვეჯგუფში გაიმართა მორიგი ტურის შეხვედრები.

C ჯგუფში მეტად საინტერესო ვითარება იყო შექმნილი, რადგან ჩრდილოეთ ირლანდია ერთპიროვნულად ლიდერობდა, არადა ამავე ჯგუფში გერმანია და ჰოლანდია თამაშობენ.

რონალდ კუმანის ჰოლანდია ჰამბურგში გერმანიის დამარცხების შემდეგ ტალინს ეწვია და ბუნებრივია, ჯგუფის აუსტაიდერის ძლევა არ გასჭირვებია. რაიან ბაბელმამეორე ტაიმის დასაწყისისთვის მოასწრო დუბლის შესრულება, რასაც მოგვიანებით მემფის დეპაიმ და ჯორჯინიო ვეინალდუმმაც დაამატეს და ჰოლანდიამ ადვილად მოიგო.

გერმანიის ნაკრები კი ბელფასტში ჯგუფის ლიდერს ეწვია, რომელსაც აქამდე კინკილა ქულაც ჰქონდა დაკარგული. თუმცა, ჩრდ. ირლანდიამ „ბუნდესნაკრებს“ სათანადო წინააღმდეგობა ოდენ პირველი ტაიმი გაუწია და საბოლოოდ დამარცხდა.

შედეგად, ჯგუფში ორხელისუფლიანობა დამყარდა, რადგან ჩრდილოეთ ირლანდიის მსგავსად გერმანიასაც 12 ქულა აქვს. ჰოლანდია 9 ქულით მესამეა, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ესტონეთი - ჰოლანდია 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ბაბელი (17), 0:2 ბაბელი (48), 0:3 დეპაი (76), 0:4 ვეინალდუმი (87)

ჩრდ. ირლანდია - გერმანია 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჰალსტენბერგი (48), 0:2 გნაბრი (90)

მეტად დაძაბული ვითარებაა E ჯგუფში, სადაც ხუთიდან ოთხი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალურ შანსს ინარჩუნებს. ერთადერთი, ვინც ბრძოლას გამოეთიშა აზერბაიჯანია, რომელმაც მიმდინარე შესარჩევში პირველი ქულა „ბაქსელ არენაზე“ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან მოიპოვა. ლუკა მოდრიჩის ადრეული პენალტი მეორე ტაიმში ხალილზადემ გაქვითა და სენსაცია დაფიქსირდა. ხორვატიას ეს ორი შესაძლოა ძვირად დაუჯდეს, რადგან 10 ქულით ლიდერის პოზიციაზე კი დარჩა, მაგრამ მდევრების აქტიურ სუნთქვას გრძნობს.

სლოვაკეთმა სამი დღის წინ შინ ხორვატიასთან გაცამტვერების შემდეგ რეაბილიტაცია უნგრეთში შეძლო, სადაც უშუალო კონკურენტს აჯობა და მოპოვებული ქულებითაც გაუთანაბრდა.

მოკლედ, რომ ვთქვათ, E ჯგუფში მეტად საინტერესო ვითარებაა შექმნილი. ხორვატიას 10 ქულა აქვს, სლოვაკეთსა და უნგრეთ 9-9, ხოლო იქვეა უელსი 6 ქულით, რომელსაც სხვებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ერთი სიტყვით, დარჩენილი ტურები ბევრ საინტერესოს გვპირდება.

აზერბაიჯანი - ხორვატია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მოდრიჩი, (11, პენ), 1:1 ხალილზადე (72)

უნგრეთი - სლოვაკეთი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მაკი (40), 1:1 შაბოშლაი (50), 1:2 ბოზენიკი (56)

დაახლოებით იგივე სიტუაციაა G ჯგუფშიც, სადაც ორი ადგილისთვის ხუთი გუნდი აქტიურად იბრძვის. ოდენ ლატვიაა თამაშგარეში, რომელმაც უკლებლივ ექვსივე თამაში წააგო, თითქოს სხვა განზომილებაში მოხვდა და ვერ გაურკვევია, სად იმყოფება. ბალტიისპირელებმა მორიგო მატჩი რიგაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან საწყის 17 წუთში გაშვებული ორი გოლით წააგეს. მაკედონიელებმა კი 8 ქულა დააროვეს და მეორე პოზიციას მხოლოდ სამი ქულა აშორებთ.

პოლონეთმა და ავსტრიამ ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს, რამაც პოლონეთი 13 ქულით ლიდერის პოზიციაზე დატოვა, ხოლო ავსტრიას 10 ქულა აქვს და მესამეა. მეორე ადგილზე აღზევდა სლოვენია, რომელმაც უშუალო კონკურენტ ისრალეს დრამატულ ბრძოლაში ვერბიჩის დუბლით მოუგო. თავიდან მასპინძლები იგებდნენ, მერე ისრაელმა ორი გოლი გაიტანა და წინ გავიდა, მაგრამ სლოვენიამ თამაში შემოატრიალა და ბოლო წუთზე გატანილი გოლით თავად მოიგო - 3:2. დარჩენილ ოთხ ტურში ბევრი საინტერესო გველოდება.

ლატვია - ჩრდ. მაკედონია 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 პანდევი (14), 0:2 ბარდი (17)

პოლონეთი -ავსტრია 0:0 (0:0)

სლოვენია - ისრაელი 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 ვერბიჩი (43), 1:1 ნათხო (50), 1:2 ზაჰავი (63), 2:2 ბეჟიაკი (66), 3:2 ვერბიჩი (90)

სამაგიეროდ, არაფერი საინტერესო და ინტრიგული არ გველოდება I ჯგუფში სადაც ორივე ნაკრები, რომელიც ევროფორუმის საგზურს მიიღებს, პრაქტიკულად უკვე გარკვეულია - ბელგია და რუსეთი.

ბელგიელებმა გლაზგოში შოტლანდიასთან მართლაც რომ ივარჯიშეს და 4 უპასუხო გოლით მორიგი, მეექვსე თამაში მოიგეს. რუსეთს კი ყაზახეთთან შინ ძალიან გაუჭირდა და ოდენ 89-ე წუთზე მარიო ფერნანდეშის კინკილა გოლით მოიგო. თუმცა, რუსეთის ნაკრებსაც თავი ქუდში აქვს, რადგან იმავე ყაზახეთსა და კვიპროსს, რომლებიც მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, 8 ქულით უსწრებს, რაც ცხადია დიდძალი უპირატესობაა.

რუსეთი - ყაზახეთი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ფერნანდეში (89)

სან მარინო - კვიპროსი 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 კუსულისი (2), 0:2 პაპულისი (39), 0:3 კუსულისი (73), 0:4 არტიმატასი (75)

შოტლანდია - ბელგია 0:4

გოლები: 0:1 ლუკაკუ (9), 0:2 ვერმაელენი (24), 0:3 ალდერვეირელდი (32), 0:4 დე ბრუინი (82)

0.116169