ფეხბურთი

23:45 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვოს ნაკრების ზღაპარი: 2 წელი და 15 თამაში წაუგებლად (+VIDEO)

კოსოვოს ნაკრების ზღაპრული თამაში გრძელდება და ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ბერნარ ჩალანდესის გუნდმა A ჯგუფის მეოთხე თამაში საკუთარ მოედანზე ჩეხეთთან ჩაატარა და 2:1 იმარჯვა.

მე-16 წუთზე სტუმრები პატრიკ შიკმა კი დააწინაურა, მაგრამ იქვე, 4 წუთში ვედათ მურუქიმ გაათანაბრა, ხოლო 67-ე წუთზე ეშმაკურად გათამაშებული კუთხურის შემდეგ ლიეჟის „სტანდარდის“ მცველმა მერგიმ ვოივოდამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ამრიგად, კოსოვოს 4 თამაშში 8 ქულა აქვს (2 მოგება, 2 ფრე) და ქვეჯგუფში მხოლოდ ინგლისს ჩამორჩება (1 ქულით და 1 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული). ცნობისთვის, კოსოვოს დარად 4-4 თამაში აქვთ ჩატარებული ჩეხეთსა და მონტენეგროს, მაგრამ კოსოვოელები ჩეხებს ორი, ხოლო მონტენეგროელებს ექვსი ქულით უსწრებენ. ამავე ჯგუფის ბოლო ადგილზე კი ბულგარეთია 2 ქულით და თანაც ყველაზე მეტი, ხუთი თამაში აქვს ჩატარებული. ქვეჯგუფიდან საუკეთესო ორი გუნდი გადის და წესით, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კოსოვოს ერთადერთი კონკურენტი ჩეხეთი იქნება. ყოველშემთხვევაში მონტენეგროსთან და ბულგარეთთან არსებული უპირატესობა, შესაბამისად, 6 და 8 ქულა საკმაოდ სოლიდურია.

ვთქვათ ისიც, რომ კოსოვომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჯერ ფრედ ითამაშა ბულგარეთთან და მონტენეგროსთან, ხოლო მერე მიყოლებით იმავე ბულგარეთს (სტუმრად) და ჩეხეთს აჯობა.

მოგეხსენებათ, კოსოვო საქართველოს ნაკრების დარად ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალშია გასული, სადაც მაკედონიას უნდა დაუპირისპირდეს. შესაბამისად, სულაც არაა გამორიცხული, რომ ფინალში სწორედ ჩვენი მეტოქე იყოს. თუმცა, იქამდე ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლი დასრულდება და თუ კოსოვოელები ამჟამინდელ პოზიციას შეინარჩუნებელ (მეორე ადგილი) ერთა ლიგაზე აღარ იასპარეზებენ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: კოსოვოს უკვე თითქმის ორი წელია თამაში საერთოდ არ წაუგია - 15 მატჩი, 10 მოგება, 5 ფრე, 0 წაგება. სხვათა შორის, ხსენებული დიდებული სერიის განმავლობაში კოსოვოელთა მეტოქეები სულაც არ ყოფილან მხოლოდ ქვედა ეშელონის გუნდები. მაგალითისთვის იყვნენ ორჯერ ბულგარეთი, თითოჯერ კი ჩეხეთი, მონტენეგრო, დანია და ალბანეთი.

ბოლოს ჩალანდესის გუნდი 2017 წლის 9 ოქტომბერს, სტუმრად ისლანდიასთან (0:2) დამარცხდა. სხვათა შორის, ხსენებული ფანტასტიკური მოგებათა სერიის წინ იყო მიჯრით წაგებული 9 თამაში. ახლა კი, კოსოვოს ნაკრები დღითიდღე პროგრესირებს და ჩამოსაწერი გუნდი სულაც არ გახლავთ.

კოსოვო - ჩეხეთი 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 შიკი (16), 1:1 მურიქი (20), 2:1 ვოივოდა (67)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112613