ფეხბურთი

0:17 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიას გამომუშავებული პენალტი ბელგიაში (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის მეექვსე ტურში ლუკა ზარანდია მოპოვებული პენალტით გამოირჩა. ქართველი შემტევის „ზულტე ვარეგემი“ „ანტვერპენს“ დაუხვდა და პირველივე ტაიმში გატანილი ორი უპასუხო გოლით სძლია.

ზარანდიამ 75 წუთი ითამაშა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს საჯარიმოში ტექნიკურად იმოქმედა, რის შედეგადაც, მეკარემ წააქცია და პენალტი გამოიმუშავა. ქართველის მოპოვებული უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად დევი დე ფაუვმა აქცია.

„ვარეგემს“ მიმდინარე სეზონში საშინელი სტარტი ჰქონდა, მიჯრით ორჯერ წააგო, მაგრამ ბოლო 4 ტურში 10 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილის მეხუთე-მერვე ადგილებს იყოფს. რაც შეეხება ზარანდიას, მიმდინარე სეზონის ექვსივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო.

ბარემ, გეტყვით, რომ იქვე, ბელგიაში ქართველების „გენტმა“ „სერკლ ბრიუგე“ 3:2 დაამარცხა. როგორც იქნა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა გიორგი ქვილითაია, რომელმაც 70 წუთი ითამაშა და მისმა თანაგუნდელებმა სამივე გოლი მაშინ გაიტანეს, ოდესაც მინდორზე იყო, თუმცა კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღია.

გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია და არ უთამაშია, ხოლო განაცხადში არც გიორგი ბერიძე ყოფილა. „გენტი“ კი 10 ქულით „ვარეგემის“ მსგავსად მეხუთე-მერვე საფეხურებს ინაწილებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111488