ფეხბურთი

1:36 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ქართული ლეგიონი

ევროპა ლიგის გათამაშებაში პლეი-ოფის ეტაპი დასრულდა და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია. შედეგად, გაირკვა, რომ ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვეს ბელგიურმა „გენტმა“ და უნგრულმა „ფერენცვაროშმა“, რომელთა ღირსებას ქართველი ფეხბურთელები იცავენ.

ლაშა დვალის „ფერენცვაროშმა“ ბუდაპეშტში“ „სუდუვა“ 4:2 დაამარცხა, თუმცა ნერვიულობა მოუწია, რადგან 66-ე წუთამდე 2:2 იყო, რაც სტუმართა წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან პირველ მატჩში გოლი არ გასულა. საბოლოოდ, სერგეი რებროვის გუნდმა მეტოქის გატეხვა მაოხერხა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. დვალმა დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა.

ქართველების „გენტს“ შინ „რიეკა“ 2:1 ჰყავდა დამარცხებული და სტუმრად პირველმა გაუშვა, მაგრამ იგორ პლასტუნის გოლით გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა - 1:1 (ორი მატჩის ჯამში 3:2 ბელგიელთა სასარგებლოდ). გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო არ ყოფილა განაცხადში, გიორგი ბერიძე კი მწვრთნელის გადაწყვეტილებით. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, თამაშში მე-80 წუთიდან ჩაერთო.

სამაგიეროდ ასპარეზობას გამოეთიშა „სპარტაკი“, რომელიც პორტუგალიაში „ბრაგასთან“ 0:1 დამარცხების შემდეგ მოსკოვშიც ვერაფერს გახდა ისევ წააგო - 1:2. ჯანო ანანიძე მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ „სახალხო გუნდის“ გადარჩენა ვერ მოახერხა.

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიღმა დარჩა ვაკო გვილიას „ლეგიაც“, თუმცა „რეინჯერსთან“ ძალზე დრამატულ ბრძოლაში წააგო. ერთი კვირის წინ ვარშავაში გოლი არ გასულა, ხოლო „აიბროქსზე“ ორრაუნდიანი დუელის ბედი ალფრედო მორელოშის ბოლო წუთზე გატანილმა კინკილა გოლმა გადაწყვიტა. შედეგად, ახლა გვილიასა და „ლეგიას“ მხოლოდ პოლონეთში ჩემპიონატზე მოუწევთ აქცენტირება. რაც შეეხება ქართველ ნახევარმცველს, გლაზგოში შეუცვლელად ითამაშა.

ცნობისთვის, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 30 აგვისტოს, მონაკოში თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

0.114093