ფეხბურთი

17:55 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შენ არასოდეს იქნები მარტო" - წითელი სტამბოლის ამბავი

„შენ არასოდეს იქნები მარტო“ – „ლივერპულის“ გულშემატკივრებმა ეს ლეგენდარული ფრაზა კიდევ ერთხელ გაამართლეს და მათი საყვარელი გუნდი სტამბოლში მართლაც არ ყოფილა მარტო.

ცხადია, „ბითლომანებს“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქომაგთა დიდი არმია ჰყავს და მათ შორის თურქეთშიც, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ „ვოდაფონ პარკის“ 42 ათასიანი ტრიბუნები თავიდან ბოლომდე წითელ ფერში თუ შეიმოსებოდა. იქ იყვნენ „ლივერპულის“ ქართველი ქომაგების ნაწილიც, რომლებმაც ბუნებრივია ჩინებული შანსი ხელიდან არ გაუშვეს და საყვარელი გუნდის თამაში ცოცხლად იხილეს.

14 აგვისტო, თამაშის დღე

სტამბოლის ქუჩებში ყველგან შეხვდებოდით ინგლისური გრანდის მაისურში შემოსილ ფანებს, რომლებსაც თამაშის დაწყებამდე დრო გაჰყვდათ და ულამაზესი, ისტორიული ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ეცნობოდნდენ. აი, „ჩელსის“ ქომაგთა არმია კი სტამბოლში მართლაც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და უშუალოდ სტადიონზეც, ოდენ ერთი პატარა სექტორი შეავსეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ვოდაფონ პარკი“ ოთხშაბათს „ენფილდად“ გადაიქცა და „ლივერპულს“ ევროპის სუპერთასისთვის ბრძოლა პრაქტიკულად საშინაო ატმოსფეროში მოუწია.

„ვოდაფონ პარკი“ დიდებულ ადგილზე მდებარეობს და თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე გავეშურე მისი მიმართულებით. გზად მხოლოდ „ლივერპულის“ ბანაკის წარმომადგენლები მხვდებოდნენ, რომლებიც უკვე გვარიანად შეზარხოშებულები იყვნენ და საკუთარი გუნდის გამარჯვებაშიც ეჭვი არ ეპარებოდათ. იქვე, ტაქსიმის მოედნიდან სტადიონისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავებული გულშემატკივრები სტივენ ჯერარდის სიმღერას მღეროდნენ და შეიძლება ითქვას, არამარტო სტადიონი, არამედ მანამდე სასტუმროც „დაიპყრეს“. ტრიბუნებზეც არაერთხელ გაისმა You'll Never Walk Alone, რომლის მოსმენა მართლაც ფანტასტიკური იყო.

მატჩამდე სტადიონზე „ლივერპულის“ ძირითადი შემადგენლობა ამოკითხეს და ყოველი გვარის გაგონებაზე ტრიბუნები ზანზარებდა, მაგრამ ყველაზე დიდი ემოცია, მაინც მოჰამედ სალაჰის გამოცხადებას მოჰყვა. სამაგიეროდ, როდესაც „ჩელსის“ ჯერი დადგა, მხოლოდ სტვენის ხმას გაიგონებდით. ბუნებრივია, ლონდონელთა მცირერიცხოვანი ქომაგის ემოცია „წითლების“ 35-40 ათასიან არმიას ვერ სჯაბნიდა. ერთადერთი, ვისაც „ლივერპულის“ გულშემატკივრები მეტოქის ბანაკიდან ემოციით შეხვდნენ, მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი იყო. როგორც ჩანს, ლეგენდარულ ინგლისელს ლივერპულელებიც დიდ პატივს სცემენ და რა გასაკვირია, ასე რომ გახლავთ.

უკვე ვახსენეთ, რომ ტრიბუნებზე ადგილიბრივი ქომაგების სიმრავლეც იყო და არამარტო „ლივერპულის“ მაისურით, არამედ „ბეშიქთაშის“, „ფენერბახჩეს“, „გალათსარაისა“ და „ტრაბზონსპორის“ მაისურებითაც. მედია ტრიბუნის ზემოთ, სადაც უეფამ თავიდანვე მოგვანიჭა ადგილი, ქომაგები ისხდნენ. სწორედ ამ ტრიბუნამ მეორე ტაიმში რამდენჯერმე ლამის მთელი სტადიონი აიყოლია და გაისმა „ბეშიქთაშის“ ჰიმნი. მოგეხსენებათ, „ვოდაფონ პარკი“, სწორედ „არწივების“ სახლია და ესეც არ ყოფილა გასაკვირი. თუმცა, ის კი გამიკვირდა, რომ ამის გამგონე, „ფენერბახჩეს“ მაისურში გამოწყობილმა და იქვე მსხდომმა რამდენიმე ქომაგმა აპლოდისმენტები შეაგება და მტრულად განწყობილი გუნდის ქომაგები რამდენიმე წუთით ერთი იდეის ქვეშ გაერთიანდნენ, რაც პატრიოტიზმით გამოიხატებოდა.

მედია ზონაში არაერთ ცნობილ ჟურნალისტს გადააწყდებოდით. ბუნებრივია, სჭარბობდნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, სხვათა შორის, საქართველოც მრავალრიცხოვნად იყო წარმოდგენილი. თუმცა, ჩემი ყურადღება ორმა იტალიელმა მიიქცია - Sky Italia-ს რეპორტიორმა ალესანდრო ალჩატომ, რომელიც ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნის, „ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ“ ავტორი გახლავთ. ვისაც ეს დიდებული წიგნი წაკითხული აქვს, ალბათ დამეთანხმება, რომ ძალიან კარგად შექმნილი წიგნია - მკითხველისთვის იდეალურად აღსაქმელი. ალჩატო მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ზუსტად ჩემს წინ აღმოჩნდა, თუმცა მასთან გამოლაპარაკებების საშუალება სამწუხაროდ არ მომეცა. სამწუხაროა ისიც, რომ თამაშის დღეს ვეღარ შევხვდი, რადგან როგორც შემდგომ გაირკვა, მისი სამუშაო ზონა არა მედია ტრიბუნაზე, არამედ უშუალოდ მოედნის ხაზთან იყო.

მეორე ადამიანი კი ასევე იტალიას წარმოადგენდა - ირმა დ’ალესანდრო. Sportmediaset-ის ცნობილი ტელეწამყვანი. ქალბატონ ირმასთან მატჩის შესვენებაზე მედია ოთახში გასაუბრება მომიხდა და აპენინელთათვის ჩვეული თავაზიანობით გამოირჩა. გაგვეცნო დაინტერესედა საიდან ვიყავით, ბუნებრივია, მისთვის საქართველოს გახსენება კახა კალაძის ხსენებით ადვილად მოხერხდა.

მატჩისადმი ინტერესი მართლაც დიდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სუპერთასი მხოლოდ ერთმატჩიანი ტურნირია, ეს ბუნებრივიცაა. თანაც, იქ „ლივერპული“ იყო ჩასული გუნდი, რომელსაც ამ ქალაქში ევროპული ჯილდო 14 წლის წინ მოგებული ჰქონდა. ბუნებრივია, „მილანთან“ ლეგენდარული ფინალის გახსენების გარეშე ინგლისელთა იქ სტუმრობა არ ჩაივლიდა. იურგენ კლოპმა თქვა, რომ რა თქმა უნდა, ეს მისი გუნდის დაუვიწყარი ფურცელია, მაგრამ ახლა სხვა გუნდი იყო ჩასული და სხვა დროც გახლდათ.

„ჩელსი“ კი ამ შეხვედრაში ბევრისთვის თავიდანვე განწირული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, არაფერი დაუთმია და მეტიც, რიგ მომენტებში ბევრად ლამაზი, კოლექტიური და ფეერიული თამაში აჩვენა. იმ დღეს ლამპარდის ახალი ფორმაციის „ჩელსიმ“ ნამდვილად დაიმსახურა სიმპათია და ევროპის ჩემპიონს არაერთხელ მისცა ანერვიულების შესაძლებლობა.

„ლივერპულმა“ მთლად 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსგავსად დრამატულად ვერ მოიგო, მაგრამ საქმე კვლავ პენალტების სერიაზე მიდგა და „წითლები“ აქ უშეცდომონი იყვნენ. შეცდა ტამი აბრაჰამი, რომლის მიმართ სხვათა შორის, ტრიბუნებიდან რასისტული შეტევა იყო. 21 წლის ინგლისელმა ბოლო დარტყმა მართლაც საშინლად შეასრულა და ესპანელ ვიზავის, ადრიანს გმირობის შესაძლებლობა მისცა. არადა, ადრიანი რამდენიმე დღით ადრე ამას ყველაზე ტკბილ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა.

მატჩის პროგრამაში, რომელიც ყოველი მატჩისწინ რამდენიმე დღით ადრე იბეჭდება, „ლივერპულის“ შემადგენლობაში ადრიანი ნახსენებიც არ იყო. ბუნებრივია, ის ხომ კლპის გუნდს „ჩელსისთან“ დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე შეუერთდა. მერე კი, შეხვედრის გმირი გახდა და კარიერის ალბათ დაუვიწყარი საღამო ჰქონდა.

„ჩელსიმ“ ვერ მოახერხა „წითელი სტამბოლისთვის“ წითელი ბარათის ჩვენება, მაგრამ ძალიან ახლოს იყო ამასთან. ბუნებრივია, დაჯილდოების ცერემონიას მთელი სტადიონი დაესწრო გარდა იმ მცირე ნაწილისა, რომლებიც „არისტოკრატებს“ წარმოადგენდნენ. ფრენკ ლამპარდი ამაყი დარჩა თავისი გუნდის თამაშით და აღნიშნა, რომ ასე უნდა გააგრძელონ.

„ლივერპულმა“ კი სეზონის პირველი გამოცდა ჩააბარა და ინგლისის სუპერთასზე სწორედ პენალტების სერიაში ხელისმოცარვის შემდეგ ევროპის სუპერთასს მაინც დაუდო ბინა საკუთარ მუზეუმში (უკვე მეოთხედ).

ადრიანის გარდა, „ლივერპულს“ კიდევ ერთი გმირი ჰყავდა - სადიო მანე. სენეგალელმა მატჩისწინა პრესკოფერენციაზე აღნიშნა, რომ სათამაშოდ მზად იყო და სიტყვა შეასრულა, საკუთარ გუნდს დუბლით დაეხმარა. მანე კლოპმა დამატებით დროში შეცვალა, ხოლო სათადარიგო სკამზე მყოფი აფრიკელი ჩინებული საქციელით გამოირჩა. მედია ტრიბუნაზე განთავსებულ ტელეეკრანზე გამოჩნდა, რომ მანემ სათადარიგო სკამის წინ ჩავლილი ბურთის მომტანი ბიჭუნა თავადნე გააჩერა, მაისური უსახსოვრა და ჩაეხუტა. ბუნებრივია, ბიჭი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, ხოლო სადიოს საქციელი კი მართლაც იყო ღირსეული.

ღირსეული იყო თამაშიც, ორივე გუნდიც, ქომაგობბაც და მასპინძლობაც. ერთი დღით და 14 წლის შემდეგ კვლავ გაწითლებუ სტამბოლში რეპეტიცია გავლილია. ახლა წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, ოღონდ არა „ვოდაფონ პარკზე“, არამედ „ათა თურქ ოლიმპია სტადიონზე“ და ახლა საკითხავი ისაა, რომელი ფერი იქნება დომინანტი დამდეგი წლის გვიან გაზაფხულზე.

გიორგი მელქაძე და სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის სტამბოლიდან

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.111271