ფეხბურთი

1:30 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთისთვის ფანტასტიკური ადგილი

„სტამბული შესანიშნავი ადგილია ფეხბურთისთვის. აქამდე ერთხელ ვიყავი, როდესაც „დორტმუნდში“ ვმუშაობდი „გალათასარაისთან“ მოგვიწია თამაში და სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო“, - თქვა კლოპმა ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

გერმანელი სპეციალისტი აბსოლუტურად მართალია და ეს სიტყვები არ განეკუთვნებოდა ტრადიციულ, მწვრთნელებისთვის დამახასიათებელ დიპლომატიურ განცხადებას. სტამბულში აქამდე „ბეშიქთაში“ – „ნაპოლისა“ და „ფენერბახჩე“ – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩებზე მომიწია მუშაობა და მართლაც, განსაკუთრებული ვითარება იყო. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასე იქნება დღესაც, როდესაც მშვენიერ „ვოდაფონ პარკზე“ ინგლისური დერბი შედგება „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის.

„წითლები“ ამ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტებად მიიჩნევიან და სამართლიანადაც - „ჩელსიმ“ ზაფხულში შემადგენლობა ვერ გააძლიერა და თითქოს ახალბედა ფრენკ ლამპარდს მინიმუმიდან მაქსიმუმის გამოდნობა მოუწევს.

ჯერ სეზონის სტარტია და წიწილების დათვლა ძალზე ნაადრევია, მაგრამ პრემიერლიგის პირველ ტურში „არისტოკრატებისთვის“ კოშმარული შედეგი დადგა - ოთხი უპასუხო გოლი „ოლდ ტრაფორდზე“. თანაც, გარდა იმისა, რომ გაცილებით კარგ განწყობაზეა, "ლივერპულმა" უფრო მეტადაც დაისვენა. პრემიერლიგის აწ ხსენებული პირველი ტურის მატჩი „ბითლომანებმა“ მეტოქესთან შედარებით 48 საათით ადრე ჩაატარეს და ეს საკმაო განსხვავებაა.

თუმცა, კლოპმა პრესკონფერენციაზე დიპლომატია მაინც არ დაივიწყა და აღნიშნა, რომ „ჩელსი“ კარგი გუნდია, ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელებით. გერმანელს ასევე არ აინტერესებს ის გარემოება, რომ 14 წლის წინ ამავე ქალაქში „ლივერპულს“ ისტორიული მატჩი აქვს მოგებული („მილანთან“ - რედ).

თავის მხრივ, ფრენკ ლამპარდი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და თქვა, რომ სჯერა თავისი ფეხბურთელებისა და გუნდის. ფრენკს კარგად ესმის მეტოქის შესაძლებლობები და სიძლიერე. აღნიშნა, რომ „ლივერპულმა“ დამსახურებულად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავს. შესაბამისად, მის გუნდს მაქსიმუმის გაღება მოუწევს გამარჯვების მოსაპოვებლად.

ვარჯიშზე „ლივერპულის“ ფეხბურთელებს ხალასი არ დაეწუნებოდათ და არაერთხელ შენიშნავდით ხუმრობის ხასიათზე მყოფ ფეხბურთელებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით სადიო მანე გამოირჩეოდა, რომელიც პრესკონფერენციაზეც წარდგა და იქაც არ დაუკლია იუმორი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად. ლამპარდმა კი ერთსაათიანი წვრთნის უმეტესი ნაწილი იმას დაუთმო, რომ თავისი გუნდი ორ ნაწილად დაჰყო და ცალ-ცალკე ავარჯიშა. თავს ვერ დავდებთ, რომ ერთ მხარეს ძირითადი, მეორე მხარეს კი სათადარიგო შემადგენლობა იყო, მაგრამ ფაქტია, ინგლისელს მონახაზი უკვე მზად აქვს. გუნდთან ერთად ივარჯიშა ნგოლო კანტემ, რომლის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა...

სტამბოლში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ბანერებს, რომ 14 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ევროპის სუპერთასის მატჩი გაიმართება. ბუნებრივია, „ვოდაფონ პარკზე“ ანშლაგს ელოდებიან, რადგან ამ ჩინებული ქალაქისთვის 42-ათასიანი სტადიონის გავსება, მით უფრო ასეთი რანგის მატჩზე, პრობლემას არ წარმოადგენს.

სხვათა შორის, ქალაქში თამაშის წინა დღეს დიდად არ შეინიშნებოდა ინგლისელ ქომაგთა სიმრავლე. ყოველ შემთხვევაში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აქა-იქ შეხვდებოდით „ლივერპულის“ ან „ჩელსის“ მაისურში გამოწყობილ ფანებს. და სადაც წააწყდებოდით, უმეტესად „წითლების“ ბანაკიდან სჭარბობდნენ. თუმცა, შესაძლოა უშუალოდ თამაშის დღეს ყველაფერი სხვაგვარად იყოს.

შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ეს მატჩი სტამბულისთვის გენერალური რეპეტიციაა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე ამავე ქალაქში, ოღონდ „ათა თურქის“ სტადიონზე შედგება.

„ლივერპული“ (4-3-3): ადრიანი; ალექსანდრ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი; ფაბინიო, ჰენდერსონი, მილნერი; მანე, ფირმინო, სალაჰი

„ჩელსი“ (4-5-1): არიზაბალაგა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, ზუმა, ემერსონი; ჟორჟინიო, კოვაჩიჩი; პულიშიჩი, ბარკლი, პედრო; ჟირუ

ვთქვათ, რომ "ლივერპულს" ევროპის სუპერთასი სამჯერ, 1977, 2001 და 2005 წლებში აქვს მოგებული, ხოლო "ჩელსი" ამ ტიტულს ერთადერთხელ, 1998 წელს დაეუფლა. სამაგიეროდ, ლონდონელებმა 2012 და 2013 წლებში ორჯერ წააგეს ფინალი და ორჯერვე ფრენკ ლამპარდი მოედანზე იყო.

გიორგი მელქაძე სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის სტამბულიდან

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.163288