ფეხბურთი

23:05 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფეიენოორდამდე" გოლგაუშვებლად და დამაჯერებლად!

„დინამო თბილისმა“ „გაბალა“ თბილისშიც დაამარცხა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ორი მატჩის ჯამში მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა და გამარჯვება ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დაუყენებია.

აზერბაიჯანში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა კი, „დინამომ“ თბილისში კიდევ უფრო გაიმყარა - 3:0. თავიდანვე ვთქვათ, რომ ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, „დინამო“ ძალზე დიდ უპირატესობა ფლობდა, მეტწილად მეორე ტაიმში და თავისუფლად შეიძლებოდა სხვაობა გაცილებით დიდი ყოფილიყო. ოღონდ ეგაა, ფელის ვისენტეს გუნდმა მეტისმეტად ბევრი საგოლე შანსი გაანიავა და საგოლე მომენტების რეალიზებაში აშკარად მოიკოჭლა.

თუმცა, ამ ეტაპზე მთავარი შედეგია და ფაქტი უტყუარია - „დინამო“ გამარჯვებულია. თბილისური მატჩის ბედი ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა. ლევან შენგელიას შეჩერება აზერბაიჯენელ ფეხბურთელებს ძალიან უჭირდათ და ორჯერ ვერც შეაჩერეს. 68-ე წუთზე შენგელიამ მოედნის ცენტრიდან საჯარიმომდე დრიბლინგით დაუბრკოლებლად იარა და იდეალურადაც დაარტყა. ანგარიში გაიხსნა და „დინამომ“ ორი მატჩის ჯამში ყველაფერი დაასრულა.

მატჩის მიწურულს დინამოელთა კაპიტანმა მორიგი შედევრი შექმნა და ძნელი სათქმელია რომელი გოლი უფრო ლამაზი იყო, პირველი თუ მეორე. ფაქტია, ჩინებული გოლები მიითვალა, ბევრი გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელი ხელს რომ მოაწერდა. 88-ე წუთზე ლევანმა მარცხენა ფეხით გაისროლა და ეფექტური დარტყმის შემდეგ ბურთი ბადეში აღმოჩნდა. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი, კვამე კარიკარის ჯერი დადგა, რომელმაც საჯარიმოში მცველს თავბრუ დაახვია, და მეტოქის კარსი ცხრინაში უძლიერესად ჩააჭედა ბურთი. განელმა „დინამოს“ მაისურით სადებიუტო გოლი მიითვალა.

„გაბალას“ ბარიერი დამსახურებულად და შეიძლება ითქვას, ადვილად დაძლეულია. სანან გურბანოვის გუნდს „დინამო არენაზე“ დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია და ხოსე პერალესი მთელი თამაში მაყურებლის როლში იყო. ჰო, ვთქვათ ისიც, რომ „დინამომ“ ევროპა ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი (ოთხი თამაში) ისე დაძლია, რომსაკუთარ კარში ჯერ კინკილა გოლიც არ გაუშვია.

ახლა კი, წინ გაცილებით სერიოზული გამოცდა და გამომცდელია. როტერდამის „ფეიენოორდი“ არც „გაბალაა“ და მითუმეტეს არც „ენგორდანი“, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, არც დაუძლეველი ბარიერია და წარმატებაზე სწორი მუშაობით და შრომით ფიქრი ნამდვილად შეიძლება.

„დინამოსა“ და „ფეიენოორდის“ მატჩები სულ მალე, 8 და 15 აგვისტოს შედგება, ჯერ როტერდამში, „დე კუიპზე“, მერე თბილისში, „დინამო არენაზე“.

„დინამო“ – „გაბალა“ 3:0 (0:0)

თბილისი, „დინამო არენა“

„დინამო“ (4-3-3): პერალესი; იაშვილი (რუხაია 36), მონხილი, კობოური, ქიმაძე; ნინუა, კუხიანიძე, პაპავა; შენგელია, კუტალია (კარიკარი 78), ქავთარაძე (დაფე 69)

მწვრთნელი: ფელის ვისენტე

„გაბალა“ (4-2-3-1): ნაზიროვი; სეიდიევი, რამალდანოვი, ჟუნიჩი (გულიევი 40), ალიევი; გიგაური, მამადოვი; ვოლკოვი, ლოპესი (ისკანდაროვი 72), ბაკე; კუაკუ (81)

მწვრთნელი: სანან გურბანოვი

გოლები: 1:0 შენგელია (68), 2:0 შენგელია (88), 3:0 კარიკარი (90)

გაფრთხილება: მონხილი (28) - ალიევი (46), რამალდანოვი (54)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (11) – 1 (0) კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პეტრი ვილიანენი (ფინეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145518