ფეხბურთი

1:55 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამა ეინდჰოვენში (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე დიდ ინტერესს ჰოლანდიური პსვ ეინდჰოვენისა და შვეიცარიული „ბაზელის“ შეხვედრა იწვევდა, რომელმაც მოლოდინი სრულად გაამართლა.

მატჩი დაძაბული და დრამატული გამოდგა, რომლის გამარჯვებულიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ეფექტურმა გოლმა გამოავლინა.

ჰოლანდიურმა გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო და პორტუგალიელმა ბრუმამ მე-14 წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა. თუმცა, „ბაზელმა“ მობილიზება მოახერხა და ტაიმის ბოლოს შესანიშნავი კონტრშეტევა ალბან აიეტის გოლით დასრულდა. შვეიცარიული გუნდი თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ალდერეტეს გოლით საერთოდ წინ გავიდა და ორმატჩიან დუელში თავი ჩინებულ ვითარებაში ჩაიგდო.

შეხვედრის ფინიში კი დრამატული გამოდგა. პსვ-მ სამწუთიან ინტერვალში ორჯერ დალაშქრა სტუმართა კარი და პრაქტიკულად წაგებული შეხვედრა მოიგო. 89-ე წუთზე ლამერსმა გაათანაბრა, ხოლო მალენის ქუსლით გატანილმა გოლმა მარკ ვან ბომელის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

თუმცა, ბუნებრივია წყვილში გამარჯვებულის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია, რადგან საპასუხო მატჩი ერთ კვირაში შვეიცარიაში გაიმართება.

პსვ ეინდჰოვენი - „ბაზელი“ 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 ბრუმა (14), 1:1 აიეტი (45), 1:2 ალდერეტე (79), 2:2 ლამერსი (89), 3:2 მალენი (90)

0.123599