ფეხბურთი

23:34 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გამოცდილების ხარჯზე

გამოუცდელობამ თავი იჩინა - ერთი შეხედვით „საბურთალოს“ ზაგრების „დინამოსთვის“ ტოლი არაფერში დაუდია და მეტიც, რიგ ეპიზოდებში უკეთესი შთაბეჭდილებაც დატოვა. თუმცა, მატჩის გარდამტეხ ფაზაში მოუკლო და მეტოქემ პირიქით - მოუმატა.

0:2 ის შედეგია, რომლითაც ერთი კვირის თავზე „საბურთალო“ უმაყურებლო „მაქსიმირზე“ ჩავა და ცხადია, მეტად წამგებიან ვითარებაშია. რაც უნდა ოპტიმისტები ვიყოთ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და „დინამოსთან“ მისსავე მოედანზე ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მეტად რთული იქნება.

თუმცა, „საბურთალოს“ მალტური „გზირა იუნაიტედის“ სახით კარგი მაგაითი ჰყავს, რომელმაც სპლიტის „ჰაიდუკთან“ შინ სწორედ 0:2 წაგების შემდეგ სტუმრად 3:1 მოიგო და თავად გავიდა შემდეგ ეტაპზე. მაგრამ, ერთია „ჰაიდუკი“ და მეორე ზაგრების „დინამო“. თუმცა, დაველოდოთ, წინ 90 წუთია.

რაც შეეხება „მიხეილ მესხზე“ გამართულ შეხვედრას, „საბურთალო“ ტერიტორიულ უპირატესობას კარგა ხანი ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნაში მოიკოჭლებდა. საპასუხოდ, არც ხორვატებს შეუქმნიათ პირველ ტაიმში ღირებული, მარიო გავრანოვიჩის გარღვევას და ელვინ ტერას დიდებულ თამაშს თუ არ ჩავთვლით, რომელმაც დაცვაში გმირულად ითამაშა.

მეორე ტაიმიც „საბურთალოს“ შეტევებით დაიწყო და ოგნიენ როლოვიჩს ლივაკოვიჩმა გოლი გამოაცალა ხელიდან. ეს იყო და ეს, შემდეგ, მეთოდურად ნენად ბიელიცას გუნდმა უპირატესობა ხელთ იგდო და გამოცდილებაც საქმეში ჩაერთო.

67-ე წუთზე მისლავ ორშიჩმა ნიკოლოზ მალის პოზიციაც მოუგო და ფიზიკური ორთაბრძოლაც, რის შემდგომაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. გავიდა 10 წუთი და შეხვედრის ჩეხმა არბიტრმა საკამათო პენალტი დანიშნა მასპინძელთა კარში, რომელიც ბრუნო პეტკოვიჩმა გოლად აქცია. შეხვედრაც აქ დასრულდა და „საბურთალომ“ ვერ მოახერხა თუნდაც პრესტიჟის გოლის გატანა.

ახლა წინ ზაგრებული მატჩია, მაგრამ „საბურთალოსთვის“ ამ რაუნდში მარცხი კატასტროფა ნამდვილად არ იქნება. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც სავარაუდოდ ერევნის „არარატს“ შეხვდება, რომელმაც სხვათა შორის დღეს „ლინკოლნი“ საკუთარ კედლებში 2:0 დაამარცხა.

და მაინც, ზაგრებში ბრძოლას აზრი ნამდვილად აქვს და ისევ და ისევ, „გზირა იუნაიტედს“ მოვიშველიებთ მაგალითად. დანარჩენს ერთ კვირაში გავიგებთ...

„საბურთალო“ – „დინამო“ (ზაგრები) 0:2 (0:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

„საბურთალო“ (4-4-2): მიგინეიშვილი; მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი; დიასამიძე (ცნობილაძე 82), ვაგნერი, ალთუნაშვილი (გაბედავა 70), ტერა (კაკუბავა 57); კოხრეიძე, როლოვიჩი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„დინამო“ (4-3-3): ლივაკოვიჩი; ივო პინტო (მაიერი 50), ლეშკოვიჩი, პერიჩი, ლეოვაჩი; კადძიორი, ადემი, გოიაკი (სუნჯიჩი 86); ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 68), ორშიჩი

მწვრთნელი: ნენად ბიელიცა

გოლები: 0:1 ორშიჩი (67), 0:2 პეტკოვიჩი (78, პენ)

გაფრთხილება: ლაკვეხელიანი (28), კოხრეიძე (42), მარგველაშვილი (76), როლოვიჩი (77), გაბედავა (90) - კადძიორი (44), ლეოვაჩი (59), გოიაკი (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 5 (4) კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: პეტრ არდელეანუ (ჩეხეთი)

0.10849