ფეხბურთი

16:55 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: პენალტით შეცვლილი ისტორია (+VIDEO)

„მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაცუდებული პენალტის გამო კარგად დღესაც არ მძინავს. სამწუხაროდ, ეს მოხდა. არსებობს უსიამოვნო სიტუაციები, რომლებიც შესაძლოა გაკვეთილად გამოიყენო. ბავშვობიდან ყოველთვის ვოცნებობდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშზე, რადგან 1970 წლის ფინალისთვის რევანში მსურდა. თუმცა, ოცნება ერთია და რეალობა - მეორე. მე ყოველთვის განსხვავებულ ფინალზე ვოცნებობდი“, - ასე გაიხსენა ბაჯომ პასადენაში გამართული ფინალი.

ზუსტად 25 წლის წინ, ამ დღეს, 1994 წლის 17 ივლისს, „როუზ ბოულის“ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართა ორ ტიტანს შორის: ბრაზილია - იტალია.

ორი საფეხბურთო სკოლა, ორი იდეოლოგია, ორი ტიტანი ამერიკაში მეოთხე ვარსკვლავისთვის შეეჭიდნენ. ეს იყო დე ჟავუ - 1970 წელს, მეხიკოში, „აცტეკაზე“ სწორედ „სელესაო“ და „სკუადრა აძურა“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ ორივე გუნდს ორ-ორი საჩემპიონი ტიტული ჰქონდათ. შესაბამისად გამარჯვებული მესამედ გაჩემპიონდებოდა. თუმცა, პელეს ბრაზილიასთან სანდრო მაცოლასა და ჯანი რივერას იტალიას შანსი არ ჰქონია - მექსიკაში ბრაზილიამ ადვილად მოიგო.

გუნდებს ამჯერადაც ჰყავდათ გამორჩეული ლიდერები: ერთგან რომარიო, მეორეგან - რობერტო ბაჯო.

საერთოდ, ფინალში იტალია რომ გავიდა, ეს იმხანად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დამსახურება გახლდათ. არიგო საკის იტალია ჯგუფურ ეტაპზე კოშმარულად გამოიყურებოდა. ჯერ ირლანდიასთან წააგო, მერე რის ვაი-ვაგლახით ნორვეგიას აჯობა და ბოლო ტურში მექსიკას დაუზავდა. შედეგად პლეი-ოფში საუკეთესო მესამე ადგილოსნებს შორის მეოთხე ადგილით გავიდა (მაშინ 6 ჯგუფის 4 მესამეადგილოსანი ჯგუფიდან გადიოდა).

იტალიელთა ფერმკრთალი თამაში ბაჯოსაც უკავშირდებოდა. ჯგუფურ ეტაპზე საკუთარი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ აჩვენა. მეტიც, ნორვეგიასთან, როდესაც მეკარე ჯანლუკა პალიუკა გააძევეს პირველ ტაიმში საკიმ ყველა პირღია დატოვა - მეორე მეკარე ლუკა მარკეჯანი სწორედ რობერტოს ნაცვლად ჩართო თამაშში. ამბობენ, რომ სწორედ იმ დღეს გაიარა ბაჯოსა და საკის შორის „შავმა კატამ“.

თუმცა, პლეი-ოფში რობერტო ბაჯომ იფეთქა. იტალია ნიგერიასთან მთელი თამაში მარცხდებოდა და დიდი სირცხვილი ახლოვდებოდა. ბაჯოსაც კვლავ არაფერი გამოსდიოდა და საშველიც არსაიდან ჩანდა. თუმცა, 88-ე წუთზე რობერტო გაიხსნა და პეტერ რუფაის კარში დიაგონალური დარტყმით გაათანაბრა. მერე იტალიას ჯანფრანკო ძოლა გაუძევეს, მაგრამ დამატებით დროში რობეტო პენალტი გაიტანა, დუბლი შეასრულა და აპენინელები მეოთხედფინალში გაიყვანა.

აქაც მთავარ როლში თავად იყო - ესპანეთთან, როდესაც თამაშის დასრულებამდე 2 წუთი რჩებოდა და ანგარიში საყაიმო იყო (1:1), ყველა დამატებითი დროისთვის ემზადებოდა. სწორედ ამ დროს ბეპე სინიორმ ბაჯო მეკარე ანდონი სუბისარეტას პირისპირ შეატოვა. ბაჯო პირინელთა კარის დარაჯს გასცდა, მაგრამ თითქოს არასწორი მიმართულებით წავიდა - კუთხე ძალიან მახვილია. მიუხედავად ამისა, სიუველური სიზუსტით დაარტყა და ბურთი ბადეშია, იტალია - ნახევარფინალში!

და, ისევ ბაჯო! გენიალურმა რობერტომ ნახევარფინალში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ბულგარეთს პირველივე ტაიმში ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაუტანა. შედეგად, იტალიამ მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილია ელოდა. ძლიერი, მაგრამ არა დაუმარცხებელი ბრაზილია...

ფინალი ადგილობრივი დროით შუადღით დაიწყო და პასადენაში აუტანელი სიცხე იყო - 36 გრადუსი. ბუნებრივია ამან თამაშზე იმოქმედა და 120 წუთი ისე მიილია, რომ გოლი არ გასულა. ეს იყო მუნდიალების ისტორიაში პირველი ფინალი, რომელიც უგოლოდ დასრულდა და რომლის ბედი პენალტების სერიას უნდა გადაეწყვიტა. ბაჯომ იმ დღეს ტკივილით ითამაშა, მატჩამდე ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა, მაგრამ ფინალს სიკვდილიც ვერ გამოატოვებინებდა და 120 წუთი მტკივანი ფეხით 36 გრადუს სიცხეში ითამაშა, იბრძოლა, მაგრამ ეს ახლა ბევრს აღარ ახსოვს...

სამაგიეროდ ახსოვთ ის წყეული პენალტი (როგორც თავად რობერტო უწოდებს). პენალტი, რომელმაც მისი კარიერა შეცვალა - იტალიაში განტევების ვაცი იპოვეს - რობეროტ ბაჯო. კაცი, რომელმაც ფინალამდე პირადად მიიყვანა გუნდი, გადათელეს. მას შემდეგ ნაკრებშიც აღარ იძახებდნენ. ოდენ ჩეზარე მალდინიმ გადადგა საპირისპირო ნაბიჯი და 4 წლის თავზე საფრანგეთში წაიყვანა. მაგრამ ბოლომდე არც ის ენდობოდა. თუ ახსოვთ ბაჯოს პენალტი, სამაგიეროდ არ ახსოვთ ის, რომ რობერტოს რომც გაეტანა, „სელესაოს“ ბოლო დარტყმა რჩებოდა, რომლის გატანა, გააჩემპიონებდა. არც ის ახსოვთ, რომ ბაჯომდე ფრანკო ბარეზიმ (დაახლოებით იდენტურ სტილში) და დანიელე მასარომ ვერ გაიტანეს. მოკლედ, ბაჯო იმ მარცხში ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე, მაგრამ ყველაზე დიდი ჯოხი მასზე გადატყდა. არავინ იცის, რატომ - ალბათ მისი ჩრდილი საშიში იყო...

ალბათ, დიეგო მარადონას მექსიკური წარმოდგენის შემდეგ (1986 წელს) არავის ჰქონია ისეთი სოლო ჩემპიონატი, როგორც რობერტო ბაჯოს 1994 წელს, აშშ-ში, თუმცა ესეც დაივიწყეს. სხვათა შორის, რობერტოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. სამაგიეროდ, სამ მუნდიალზე ითამაშა და სამჯერვე მისი იტალია დრამატულად გამოეთიშა ასპარეზობას - 1990 წელს ნახევარფინალში, 1994 ფინალში, 1994 წელს მეოთხედფინალში „სკუადრა აძურამ“ პენალტების სერიაში მარცხით დაასრულა პლანეტის მთავარი პირველობა. რობერტომ არგენტინასთან და საფრანგეთთან გაიტანა, ბრაზილიასთან ვერ მოახერხა ამის გაკეთება და მხოლოდ ამას იხსნებენ... ერთიც, ბაჯო ერთადერთი იტალიელია, რომელსაც სამ სხვადასხვა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე აქვს გოლი გატანილი. საბოლოო ჯამში კი 9 გოლით (1990 წელს 2 გოლი, 1994 წელს - 5, 1998 წელს - 2) კრისტიან ვიერისთან (1998 წელს 5 გოლი, 2002 წელს - 4) და პაოლო როსისთან (1978 წელს 3 გოლი, 1982 – 6) ერთად იტალიელთა შორის რეკორდის თანამფლობელია.

ბრაზილიამ კი პენალტების სერიაში მოიგო და ისტორიაში მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ეს ზუსტად 25 წლის წინ მოხდა...

მუნდიალი 1994, ფინალი. პასადენა, „როუზ ბოული“, 17 ივლისი, 1994 წელი.

პენალტების სერია: 0:0 ბარეზი (ააცილა), 0:0 მარსიო სანტოსი (მეკარე), 0:1 ალბერტინი, 1:1 რომარიო, 1:2 ევანი, 2:2 ბრანკო, 2:2 მასარო (მეკარე), 3:2 დუნგა, 3:2 ბაჯო (ააცილა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114974