ფეხბურთი

23:30 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ბეწვის ხიდზე გაიარა...
"საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. თუმცა, ნერვიულობის ფასად, არადა, თითქოს ტირასპოლური ტრიუმფის შემდეგ ნერვიულობა არ უნდა დასჭირვებოდა.

თუმცა, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ მატჩი „საბურთალოსთვის“ კოშმარულად დაიწყო, ყველაზე ცუდ სიზმარშიც წარმოდგენა რომ გაჭირდებოდა. მე-3 წუთზე ლატიფის დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. დაცვაში მასპინძლები მეტად უყურადღებოდ გაისარჯნენ, თითქოს მოულონდელი იყო მეტოქის სწრაფი გოლი და თითქოს „საბურთალო“ თამაშში ვერ ჩაერთო. თუმცა, ეს მხოლოდ ჟურნალი აღმოჩნდა, „კინო“ წინ იყო - ხუთ წუთში იმავე ლატიფის ფლანგური გადაცემა გაგი მარგველაშვილის ავტოგოლით დასრულდა, ხოლო გავიდა ორი წუთიც და კამერუნელმა ტამბემ ყველაფერი გაანულა - 0:3. და, სრული თანაფარდობა ორი მატჩის ჯამში.

მეტიც, „შერიფს“ კიდევ ერთი გოლი უდიდეს უპირატესობას მისცემდა და ამასთან, ფსიქოლოგიურადაც გაცილებით კარგ დღეში ჩავარდა. მოკლედ, „საბურთალოს“ დასაწყისი კოშმარული გამოდგა და ნამდვილი ცივი შხაპი მიიღო.

თუმცა, ნელ-ნელა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი გონს მოვიდა და გამოფხიზლდა. თუმცა, პირველი ტაიმი მაინც მოლდოველთა სრული კარნახით წარიმართა და შეეძლოთ კიდევ გატანა. აი, ნაანტრაქტევს კი საქართველოს ჩემპიონმა მეტოქე ცალსახად დაჯაბნა, საკუთარი თამაში მოახვია თავს და შედეგიც მიიღო.

ლაკვეხელიანის ჩინებული ფლანგური გადაცემის შემდეგ ოგნიენ როლოვიჩმა ერთი შეხებით მოახერხა გატანა და ამოვისუნთქეთ. ეს გოლი უკვე „საბურთალოს“ უპირატესობას აძლევდა, მაგრამ წინ ნახევარი საათი იყო და ერთი გოლი სტუმრებს მომდევნო ეტაპის საგზურის მოუტანდა. თუმცა, მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეტოქეს ბურთი დაუმალეს და თავად უფრო მეტად შეეძლოთ გატანა, ვიდრე „შერიფს“.

72-ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან პალჩიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ისე კი, უნდა ვახსენოთ, რომ ჩეხი არბიტრის პაველ ორელის გადაწყვეტილებები კრიტიკას არ უძლებდა და მოლდოველთა სასარგებლოდ რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. ორჯერ „საბურთალო“ პენალტს ითხოვდა მეტოქის საჯარიმოში ხელით თამაშის გამო და სამართლიანადაც, მაგრამ არბიტრი დუმდა, არადა წესის დარღვევა ნათელი იყო.

ასე იყო თუ ისე, „საბურთალომ“ ანგარიში შეინარჩუნა და ბეწვის ხიდის ბოლოში გავიდა. მთლიანობაში, თუ მეორე ტაიმსაც მივიღებთ მხედველობაში, გამოჩნდა, რომ თბილისური გუნდი მეტოქეზე უკეთ იყო მომზადებული და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე. გამოჩნდა ისიც, რომ ნაადრევად გამარჯვების დაჯერება და ზეიმი დაუშვებელია და წესით, ეს ჩინებული გაკვეთილი უნდა გამოდგეს.

„საბურთალოს“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ უფრო მძიმე მოწინააღმდეგე ჰყავს - ზაგრების „დინამო“. 23 ივლისს პირველ მატჩს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის მერე გუნდებიე ურთიერთობას ზაგრებში გაარკვევენ.

„საბურთალო“ – „შერიფი“ 1:3 (0:3) (ორი მატჩის ჯამში: 4:3)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

„საბურთალო“ (4-4-2): მიგინეიშვილი; მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი; დიასამიძე, ვაგნერი (შინდაგორიძე 80), ალთუნაშვილი (ტერა 70), გორგიაშვილი; როლოვიჩი (გაბედავა 77), კოხრეიძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„შერიფი“ (4-3-3): მიკულიჩი; პალჩიჩი, ნ’დიაიე, მუზეკი, კრისტიანო; კენდიში, ანტონი (იახი 82), გორდიენკო (პალიჩი 79); ლატიფი, ტამბე, ბობანი (ლეანდრო 69)

მწვრთნელი: ზორან ზეკიჩი

გოლები: 0:1 ლატიფი (3), 0:2 მარგველაშვილი (8, ა.გ), 0:3 ტამბე (11), 1:3 როლოვიჩი (59)

გაფრთხილება: კოხრეიძე (23), ვაგნერი (39), მარგველაშვილი (78) - პალჩიჩი (12, 72), გორდიენკო (22), ნ’დიაიე (62), კენდიში (64)

გაძევება: პალჩიჩი (72)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 12 (7) კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: პაველ ორელი (ჩეხეთი)

0.11267