ფეხბურთი

22:58 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფორმალობად ქცეული საპასუხო თამაში
"დინამომ" "ენგორდანთან" გაილაღა

„დინამო თბილისმა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში პრაქტიკულად გაინაღდა. „დინამო არენაზე“ „ენგორდანის“ წინააღმდეგ ფელის ვისენტეს გუნდმს ყველაფერი გამოსდიოდა და მეტოქეს 6 უპასუხო გოლიც გაუტანა.

ბუნებრივია, შედეგიდან გამომდინარე საპასუხო თამაში, რომელიც ერთი კვირის თავზე ანდორაში შედგება, ფორმალობად იქცა. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ანდორული კლუბი საზომად ვერ გამოდგება და "დინამოს" რეალური ძალა სწორედ შემდეგ ეტაპზე გამოჩნდება, როდესაც აზერბაიჯანულ "გაბალას" შეხვდება, რომელთანაც სხვათა შორის რევანში აქვს ასაღები 4 წლის წინ განცდილი მარცხისთვის.

იქამდე კი, ფელის ვისენტეს გუნდმა მართლაც გაილაღა და "ენგორდანის" წინააღმდეგ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა, რაც მოინდომა და რაც მოისურვა. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ სტუმრები საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემჩერებლები არ იყვნენ. ნიკა ნინუამ ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა მე-6 წუთზე და ანგარიში გახსნა.

სულ მალე კიდევ უფრო ლამაზი გოლი ვიხილეთ - გიორგი კუხიანიძემ გაისროლა და მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა. "დინამოს" პირველ ტაიმში მეტი აღარ გაუტანია, მაგრამ საგოლე მომენტები ჰქონდა. აი, მეორე ნახევარში კი თბლისელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსჩინო გახდა. განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა 10-წუთიანი ინტერვალი (61-ე წუთიდან 71-ემდე), როდესაც "დინამომ" სამი გოლი გაიტანა.

თავდაპირველად ლევან კუტალიამ დაარტყა თავით და მეკარე შეცდა. ის-ის იყო ბურთს კარის ხაზი უნდა გადაეკვეთა, რომ ნოდარ ქავთარაძემ ყველაფერი დააჩქარა - 3:0. კუტალია უგოლოდ არ დარჩენილა, გიორგი ქიმაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა. თუმცა, შესრულებაცაა და შესრულებაც - ულამაზეს სტილში, "პანენკა" დარტყმა, რომლის ხილვა ერთ რამედ ღირდა. გავიდა ორი წუთი და ანგარიშის სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამჯერად კუხიანიძემ იხეირა და დუბლი გაიფორმა.

ანდორელთა რბევას წერტილი გიორგი ზარიამ დაუსვა. გუჯა რუხაიამ მეტოქის ფლანგზე გაინავარდა და ზარია მოძებნა საჯარიმოში, რომელიც სრულიად უმეთვალყურეოდ იყო და გატანა არ გასჭირვებია. 6:0 და ყველაფრი გადაწყდა. თავი დავანებოთ ამ ეტაპზე "ენგორდანის" სისუსტეს და უნიათობას - ძნელი გასახსენებელია ბოლოს როდის ჰქონდათ ქართულ გუნდებს ასეთი წარმატებული მონაგარი ევროტურნირებზე. "საბურთალომ" და "დინამომ" ხომ პრაქტიკულად გაინაღდეს შემდეგი ეტაპის საგზური. "ჩიხურამაც" დიდი ნაბიჯი გადადგა ორმატჩიან დუელში გამარჯვებისკენ და არც "ტორპედოა" მაინცდამაინც მთლად უშანსოდ.

მოკლედ, დაველოდოთ ჯერ საპასუხო მატჩებს და შემდეგ უკვე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს...

„დინამო“ – „ენგორდანი“ 6:0 (2:0)

თბილისი, „დინამო არენა“

„დინამო“ (4-3-3): პერალესი; რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე; ნინუა, კუხიანიძე (ქარდავა 76), პაპავა (ზარია 57); შენგელია (დაფე 63), კუტალია, ქავთარაძე

მწვრთნელი: ფელის ვისენტე

„ენგორდანი“ (4-2-3-1): კოკა; აგუერო, ბრიტო, ვარელა, დევისი; ბუჰამა, სპანო (გუიდა 85); ლაბორდა (პეპე 71), სერა, გომესი (მანეირო 90); ლაფონი

გოლები: 1:0 ნინუა (6), 2:0 კუხიანიძე (21), 3:0 ქავთარაძე (61), 4:0 კუტალია (69, პენ), 5:0 კუხიანიძე (71). 6:0 ზარია (80)

გაფრთხილება: კუტალია (71), ზარია (79) - ბუჰამა (5), ვარელა (66), სერა (71), სპანო (75), პეპე (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (11) – 1 (0) კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: მორტენ კროგი (დანია)

0.198158