ძიუდო

21:25 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტის გრან პრიზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ხვალ, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტს აიღებს ტრადიციული გრან პრი ძიუდოში, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც ჩაებმებიან. დღეს, შეჯიბრის წილისყრა ჩატარდა და ქართველ ძიუდოისტთა მეტოქეების ვინაობაც შევიტყვეთ.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე პორტუგალიელ გონსალო მანსინიოს გაეჯიბრება, ჯაბა პაპინაშვილი კი პირდაპირ მე-2 წრეშია დაშვებული და ბრაზილიელ იტალო კარვალიოსა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე მოჰამად ხედერ ლოტფის შორის უმჯობესს შეხვდება.
81 კგ-ში საქართველოს ღირსებას ტატო გრიგალაშვილი დაიცავს, რომელიც მე-2 რაუნდში ძალებს ესპანელ იგორ ერერო ზაპირანთან მოსინჯავს.
2 წარმომადგენელი გვეყოლება 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ავთანდილ ჭრიკიშვილი პოლონელ პიოტრ კუჩერას გაეჯიბრება, ხოლო ბექა ღვინიაშვილი ძალებს უზბეკ იახიო იმამოვთან მოსინჯავს.
100 კგ-ში გიორგი ბერიაშვილი ავსტრიელ აარონ ფარას დაუპირისპირდება.
მძიმე წონაში (+100 კგ.) გელა ზაალიშვილი იტალიელი ვინჩენცო დ’არკოს პირისპირ დადგება, ონისე ბუღაძე კი დომინიკელ ხოსე ნოვა ალკანატარას შეერკინება.
ერთი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთვება ქალთა ტურნირში. 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი რუს ალესია კუზნეცოვას დაუპირისპირდება.
მოახლოებულ გრან პრის ბუდაპეშტის ლასლო პაპის სახელობის არენა უმასპინძლებს. განრიგის მიხედვით, 12 ივლისს მედლები ვაჟთა 60 და 66 კგ-მდე წონით კატეგორიებში გამოვლინდება და ხვალვე ტატამზე ლევიცკა-შუკვანიც გავა. 13 ივლისს 73 და 81 კგ-ების ჯერია, 14-ში კი – 90, 100 და +100 კგ-ების წარმომადგენლები იბრძოლებენ.
პარასკევსა და შაბათს წინასწარი ეტაპის შეხვედრები სტარტს თბილისის დროით 12:00 საათზე აიღებს, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზეა დაგეგმილი. კვირას, დილის სესია იგივე დროს ჩატარდება, ხოლო საღამოს ორთაბრძოლები 18:00 საათზე დაიწყება.

0.115344