ფეხბურთი

2:36 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ კოპა ამერიკა ნეიმარის გარეშე მოიგო

კოპა ამერიკა ღირსეულმა მოიგო. მასპინძელი ბრაზილია მართლაც იმსახურებდა ტიტულს და დაეუფლა კიდეც. ალბათ, ფინალში არავის ეპარებოდა ეჭვი „სელესაოს“ გამარჯვებაში. მართალია, ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიელებმა 5:0 მოუგეს პერუს, მაგრამ ფინალი მაინც სხვა ემოცია და მოტივაცია გახლდათ.

აკი ამბობდა პერუელთა არგენტინელი დამრიგებელი, რიკარდო გარეკა, „მარაკანაზე“ სულ სხვა თამაში იქნებაო.

თავიდან მართლაც ყოჩაღად დაიწყეს პერუელებმა, შეუტიეს კიდეც, მაგრამ ოსტატობამ თავისი ქნა. მე-15 წუთზე მარჯვენა ფრთაზე გაბრიელ ჟეზუსმა ულამაზესი ფინტით ჩამოიცილა მცველები, შორეულ ძელთან ჩაჰკიდა და იქ ყველას ევრეტონმა აჯობა. თამაშის დასაწყისშივე ასეთი ბონუსი უკვე ბევრის მეტყველი იყო. თუმცა, ამის შემდეგ, „პენტაკამპეონებმა“ შეტევაში აქტიურობას უკლეს და მინდორზე უფრო პოზიციური ბრძოლა გაჩაღდა.

აი, პირველი ტაიმის ბოლო წუთები კი ნაყოფიერი გამოდგა. ჯერ პერუელებმა მიიღეს თერთმეტმეტრიანის უფლება და პაოლო გერერომ ზუსტად დაატყა. 1:1 და თითქოს ინტრიგა გაცოცხლდა, მაგრამ ამ ეიფორიამ მხოლოდ სამიოდ წუთს გასტანა. უკვე წამატებულ დროში პერუელებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს და ჟეზუსმა ისევ დააწინაურა მასპინძლები - 2:1. „მანჩესტერ სიტის“ შემტევი შეიძლება მატჩის გმირიც გამხდარიყო, გოლი და საგოლე პასი ხუმრობა ხომ არ არის. საერთოდაც, ჟეზუსმა ძალიან კარგად ჩაატარა ტურნირი, მაგრამ, 70-ე წუთზე მსაჯმა მას მეორე ყვითელი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. ერთობ განაწყენდა გაბრიელი, წყლის ბოთლსაც გაჰკრა ფეხი და ცრემლებიც წამოუვიდა, მაგრამ...

თამაშის დამთავრებამდე კიდევ 20 წუთი რჩებოდა და ბრაზილიელთა მწვრთნელმა, ტიტემ, გონივრული შეცვლები გააკეთა. ფირმინოსა და კოუტინიოს ნაცვლად, მილიტაო და რიშარლისონი შიყვანა მინდორზე. ტაქტიკაც შეცვალა, დაცვა უფრო გაამაგრა და პერუელებს, რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ფაქტობრივად, მომენტიც არ ჰქონიათ. ბრაზილიელებმა კი ბოლოს მესამეც გაიტანეს. პენალტი ზუსტად დაარტყა „ევერტონის“ თავდამსხმელმა, რიშარლისონმა - 3:1.

ბრაზილიამ 12 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა კოპა ამერიკაზე. ეს ბრაზილიელთა მეცხრე ტიტულია ტურნირის ისტორიაში. მათზე მეტი მხოლოდ ურუგვაის (15 ტიტული) და არგენტინას (14) აქვთ.

საინტერესოა, რომ ამ ცხრიდან პირველი „სელესაომ“ ზუსტად 100 წლის წინათ, 1919 წელს მოიპოვა, ასევე საკუთარ ქვეყანაში.

ბრაზილია - პერუ 3:1 VIDEO

7 ივლისი. რიო დე ჟანეირო. „მარაკანა.“

1:0 ევერტონი (15), 1:1 გერერო (44, პენ), 2:1 ჟეზუსი (45+3), 3:1 რიშარლისონი (90, პენ)

ბრაზილია: ალისონი, სანდრო, ტიაგუ სილვა, მარკინიოსი, ალვეში, კაზემირო, არტური, ევერტონი (ალანი 90+3), ჟეზუსი, კოუტინიო (მილიტაო 77), ფირმინო (რიშარლისონი 75)

მწვრთნელი: ტიტე

პერუ: გალიესე, აბრამი, ტრაუკო, სამბრანო, ადვინკულა, იოტუნი (რუიდიასი 78), ტაპია (გონსალესი 82) , ფლორესი, კუევა, კარილიო (პოლო 86), გერერო

მწვრთნელი: რიკარდო გარეკა

მსაჯი: რობერტო ტობარი (ჩილე)

გაფრთხილება: ჟეზუსი (30), ტიაგუ სილვა (53), ჟეზუსი (70), რიშარლისონი (90+1); ტაპია (49), სამბრანო (68), ადვინკულა (84)

გაძევება: ჟეზუსი (70)

0.111769