ავტოსპორტი

1:38 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა ავსტრიაში გამარჯვება ბრძოლით მოიპოვა

ეს ის რბოლა იყო, როგორებიც ავტოსპორტის მოყვარულებს სიამოვნებას ანიჭებს - გასწრებები, დრამა, შეჯახება, შეცდომები, სამი სხვადასხვა გუნდი კვარცხლბეკზე და რა თქმა უნდა, დამსახურებული გამარჯვება, რომელიც პილოტმა ბრძოლით მოიპოვა! ეს პილოტი მაქს ფერსტაპენია, ვინც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სარბოლო მანქანების უკიდურესი კომპიუტერიზაციის მიუხედავად, წარმატების დაახლოებით ნახევარი (თუ მეტი არა) სწორედ მრბოლის დამსახურებაა.

რბოლის დასრულების შემდეგაც, მისი საბოლოო შედეგები სტიუარდების განსახილველი გახდა, რადგან ეჭვს ქვეშ დადგა, ფერსტაპენის მიერ, ფინიშამდე სამიოდე წრით ადრე, ლეკლერის გასწრებისას, ხომ არ მოხდა წესების დარღვევა. საბოლოოდ, ყველაფერი სარბოლო ინციდენტად შეფასდა და ჰოლანდიელი მრბოლის გამარჯვებაც დადასტურდა.

ფერსტაპენი სტარტზე შეყოვნდა და რბოლის პირველ ნაწილში, ერთგვარად ჩრდილში მოექცა. ამის მიუხედავად, შუა რბოლისას მან ლიდერის პოზიციაზე გადაინაცვლა. თუმცა ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ მოწინავე პოზიციებზე მყოფებმა რეზინი შეცვალეს. მან ეს შუა რბოლისას გააკეთა და ტრასაზე დაბრუნებისთანავე, შეიძლება ითქვას, რომ აიწყვიტა.

ჯერ სებასტიან ფეტელს გაასწრო, თუმცა გერმანელი გაცვეთილი საბურავებით იყო და მაშინვე ბოქსებში შეუხვია. ფერსტაპენის მომდევნო „საკბილო“ ვალტერი ბოტასი გახდა, რომლის გასწრებამდეც, რადიოთი თავისიანებს შეატყობინა, რომ სიმძლავრეს კარგავდა. იქიდან მითითების მიღების (და ალბათ შესრულების) შემდეგ, ბოტასიც იოლად ჩამოიტოვა (56-ე წრეზე).

ფერსტაპენის წინ ლეკლერი დარჩა, ვინც მას 5 წამს უგებდა. ჩამორჩენის აღმოფხვრას 10 წრე დასჭირდა. და მაშინვე შეუტია ლიდერს, რომელსაც საბურავები 10 წრით ადრე ჰქონდა შეცვლილი. ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 68-ე წრის მესამე მოსახვევში, ფერსტაპენმა გადამწყვეტი იერიში შეასრულა. მოსახვევში შესვლამდე, გვიან დამუხრუჭების ხარჯზე, შიდა ტრაექტორიით ამოუდგა გვერდში მეტოქეს. მოსახვევი ასე გაიარეს, იქიდან გამოსვლისას კი, მათი მანქანები ბორბლებით ერთმანეთს შეეხო. კონტაქტმა „ფერარი“ ტრასის მიღმა გადააგდო, თუმცა ორივე პილოტმა შეძლო საჭის დამორჩილება და გზა გააგრძელა. ოღონდ, ლიდერი შეიცვალა. ფერსტაპენმა ხისტი ბრძოლით მოპოვებული ლიდერობა იოლად შეინარჩუნა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა.

ეს „ჰონდას“ ძრავით მოპოვებული პირველი გამარჯვებაა 2006 წლის შემდეგ. 13 წლის წინათ, უნგრეთის დიდი პრიზის რბოლა, იაპონური კომპანიის გუნდის მანქანით, ჯენსონ ბატონმა მოიგო. ფერსტაპენმა თავის კარიერაში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ამ სეზონში მან პირველმა შეძლო „მერსედესის“ მრბოლების დამარცხება. აქამდეც ბოლო იყო, ვინც სამქიმიანებს ფინიშთან მიასწრო (შარშან, მექსიკაში).

მეორე და მესამე ადგილები ლეკლერმა და ბოტასმა დაიკავეს. კვარცხლბეკზე ასვლაც ვერ შეძლეს სებასტიან ფეტელმა და ლუის ჰამილტონმა. გერმანელმა ორი პიტ სტოპით იასპარეზა, რომელთაგან პირველზე ზედმეტად შეაყოვნეს. ჰამილტონს კი პიტ სტოპზე მანქანის ცხვირიც გამოუცვალეს, რაზეც ბევრი დრო დაკარგა.

გარდა ამისა, „მერსედესისთვის“ პრობლემა გადახურება გახდა. როგორც ტოტო ვოლფმა განაცხადა, გუნდი თავიდანვე თვლიდა, რომ მაღალი ტემპერატურა მთავარი პრობლემა იქნებოდა. ამის გამო, კორპუსს დამატებითი ნახვრეტები გაუკეთეს და ძრავის ბრუნვები შეზღუდეს, რამაც მათი კონკურენტუნარიანობა შეამცირა. ვოლფმა გადახურებას, „მერსედესის“ მანქანის „აქილევსის ქუსლი“ უწოდა.

ფერსტაპენისგან განხვავებით, თავის ვერაფრით გამოიჩინა მისმა თანაგუნდელმა პიერ გასლიმ, ვინც მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ, „მაკლარენის“ პილოტებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენეს, რომ გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება - ლანდო ნორისმა მე-6 ადგილი დაიკავა, კარლოს საინსი კი ფინიშთან მერვე მივიდა, არადა სტარტზე ბოლო იდგა. „ალფა რომეოს“ ორივე პილოტმა რბოლა ქულებში დაასრულა. და ბოლოს, რბოლის ყველა მონაწილემ მიაღწია ფინიშს, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება...

ავსტრიის დიდი პრიზი

ზალცბურგი, რედ ბულ რინგი, დისტანცია 306.452 კმ (4.318 კმ, 71 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:22:01.822
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 2.724
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 18.960
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 19.610
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 22.805
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1 წრე
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  10. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1 წრე
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  14. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  15. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1 წრე
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  17. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 2 წრე
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
  19. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2 წრე
  20. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 3 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:07.745 (მე-60 წრე, 230.378 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 197 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 166; 3. მაქს ფერსტაპენი - 126; 4. სებასტიან ფეტელი - 123; 5. შარლ ლეკლერი - 105; 6. პიერ გასლი - 43; 7. კარლოს საინსი - 30; 8. ლანდო ნორისი - 22; 9. კიმი რაიკონენი - 21; 10-11. დანიელ რიკარდო, ნიკო ჰულკენბერგი - 16; 12. კევინ მაგნუსენი - 14; 13. სერხიო პერესი - 13; 14. დანიილ კვიატი - 10; 15. ალექს ალბონი - 7; 16. ლანს სტროლი - 6; 17. რომენ გროჟანი - 2; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 1; 19-20. ჯორჯ რასელი, რობერტ კუბიცა - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 363 ქულა; 2. ფერარი - 228; 3. რედ ბულ-ჰონდა - 169; 4. მაკლარენ-რენო - 52; 5. რენო - 32; 6. ალფა რომეო-ფერარი - 22; 7. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 19; 8. ტორო როსო-ჰონდა - 17; 9. ჰაას-ფერარი - 16; 10. უილიამს-მერსედესი - 0

0.109933