ფეხბურთი

20:07 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქე: ნაცნობი "შერიფი"

„შერიფიდან“ „შერიფამდე“ - უკვე ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის მეტოქე მოლდოვის საუკეთესო გუნდი იქნება.

შარშან „შერიფმა“ „ტორპედოს“ აჯობა. ქუთაისში, მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მოლდოველებს პრობლემა არ ჰქონიათ, 3:0 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ვნახოთ, რას გააწყობს მის წინააღმდეგ „საბურთალო“, რომელსაც არათუ ჩემპიონთა ლიგაზე, მთლიანად ევროსარბიელზე ექნება დებიუტი.

თამაშამდე ორ კვირაზე მეტია დარჩენილი, მანამდე კი, „შერიფის“ შესახებ ვისაუბრებთ:

ისტორია

“შერიფის” ისტორია სულ რაღაც 22 წელს იტევს, მაგრამ წარმატებებით აღსავსეს. ტირასპოლური კლუბი 1997 წელს დაარსდა და მოლდოვაში საუკეთესო გუნდის სახელი მალევე დაიგდო. ხსენებულ დროში შერიფი 17-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. 2001 წლიდან “შერიფი” ჩემპიონი ოდენ 2011 და 2015 წლებში ვერ გახდა.

გარდა ამისა, 10-ჯერ მოიგო მოლდოვის თასი და 8-ჯერ მოლდოვის სუპერთასი. საგულისხმოა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩემპიონობა, თასიც და სუპერთასიც სარეკორდოდ აქვს მოგებული.

ევროპული ისტორია

ტირასპოლის “შერიფი” 2001-2009 წლების სეზონში მიჯრით მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ერთხელაც ვერ გადალახა. სამაგიეროდ, გუნდმა წარმატებას უკვე მიაღწია ევროპა ლიგაზე, სადაც ოთხჯერ ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე!

პირველად ეს 2009-2010 წლების სეზონში მოხდა. თავდაპირველად “შერიფი” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, სადაც პირველ ეტაპზე ფინური “ტურკუ” დაამარცხა (1:0, 1:0), რასაც პრაღის “სლავიის” ძლევა მოჰყვა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით (0:0, 1:1). მოლდოველებს ჩეპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ნაბიჯი აშორებდათ, მაგრამ პლეი-ოფში “ოლიმპიაკოსთან” შანსი არ ჰქონია (0:2, 0:1). სამაგიეროდ, “შერიფმა” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ტირასპოლელთა მეტოქეები ჯგუფში “ფენერბახჩე”, “ტვენტე” და “სტიაუა” გახლდათ. “სტიაუას” ორჯერ, შინ და სტუმრად დაუზავდა (1:1, 0:0), ხოლო “ფენერბახჩესთან” ასევე ორჯერ დამარცხდა (0:1, 0:1). ისტორიული, სადებიუტი გამარჯვება ევროსარბიელის ჯგუფურ ეტაპზე კი ენსხედეს “ტვენტესთან” იზეიმა საკუთარ მოედანზე – 2:0. საბოლოოდ, 6 თამაშში მოლდოვის საუკეთესო გუნდმა 5 ქულა მოიპოვა და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

ევროპა ლიგის ჯგუფში მოლდოვის ჩემპიონი 2010-2011 წლების სეზონშიც მოხვდა. ყველაფერი ისევ ჩემპიონთა ლიგით დაიწყო, სადაც ჯერ ტირანას “დინამო” დაამარცხა (3:1, 0:1), ხოლო მერე ზაგრების “დინამო” (1:1, 1:1) პენალტების სერიაში 6:5. პლეი-ოფი ისევ დაუძლეველი აღმოჩნდა, რადგან “ბაზელის” წინააღმდეგ ვერაფერს გახდა (0:3, 0:1). სამაგიეროდ, ისევ შეაღო ევროპა ლიგის ჯგუფის კარი...

კიევის “დინამო”, “ბატე” და “ალკმაარი” – სწორედ ამ გუნდებთან მოუწია დაპირისპირება მაშინ “შერიფს” და 5 ქულა მოიპოვა. კიევის “დინამო” შინ 2:0 დაამაცხა, ხოლო სტუმრად დაუზავდა – 0:0. კიდევ ერთი ქულა მოლდოველებმა “ალკმაართან” ირგუნეს (1:1). აი, “ბატესთან” კი ორჯერვე დამარცხდნენ.

“შერიფისთვის” წარმატებული გამოდგა 2013-2014 წლების სეზონიც. ჩემპიონთა ლიგაზე, ჯერ “სუტიესკა” დაამარცხა (1:1, 5:0), რასაც ზაგრების “დინამოსთან” უშანსო მარცხი მოჰყვა (0:1, 0:3). თუმცა, შავ-ყვითლებმა ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლეს და იქ სერბულ “ვოივოდინას” აჯობეს (1:1, 2:1). გუნდი მესამედ გავიდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ჯგუფში მოლდოვის ჩემპიონმა “ტრომსო” 1:0 დაამარცხა, ამასთან სტუმრად დაუზავდა (1:1). ორი ქულა მოიპოვა რუსულ “ანჟისთან” დუელშიც (0:0, 1:1) და მხოლოდ ლონდონის “ტოტენჰემის” ვერ გაუწია კონკურენცია (0:2, 1:2). საბოლოოდ, 6 ქულით ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა.

ტირასპოლის “შერიფი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხედ 2017-2018 წლების სეზონში მოხვდა. მისი ევროპული გზა კი ისევ ჩემპიონთა ლიგიდან დაიწყო, სადაც “კუკესი” დაამარცხა (1:0, 1:2), ხოლო მერე “ყარაბაღთან” დაძაბულ ბრძოლაში იწვნია მარცხი (0:0, 1:2). “ტორპედოს” მომავალმა მეტოქემ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლა და ვარშავის “ლეგია” სტუმრად გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა (1:1, 0:0).

ჯგუფურ ეტაპზე კი, ჩინებულად იასპარეზა და ძალიან ახლოს იყო ისტორიაში პირველად პლეი-ოფში თამაშთან. “ზლინთან” (0:0), “კოპენჰაგენთან” (0:0) და მოსკოვის “ლოკომოტივთან” (1:1) საწყისი სამი მატჩი ფრედ დაასრულა. მერე მიჯრით ორი გამარჯვება მოიპოვა – “ლოკომოტივთან” (2:1) და “ზლინთან” (1:0). ბოლო ტურის წინ ტირასპოლელები დაუმარცხებლები იყვნენ, ხოლო ჯგუფში ასეთი სიტუაცია გახლდათ: “შერიფი” 9 ქულა, “კოპენჰაგენი” – 6. დასკვნითი მატჩი მოლდოვის ჩემპიონს სწორედ დანიაში ელოდა. მოლდოველთა სამწუხაროდ, სკანდინავიელებმა მოიგეს (2:0) და 1/16 ფინალში გასვლა ვერ შეძლეს. “შერიფი” “კოპენჰაგენს” ურთიერთშეხვედრების ცუდი ბალანსის გამო ჩამორჩა.

გასულ სეზონში „შერიფს“ ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე. ჩემპიონთა ლიგაზე მოლდოველებმა „ტორპედო“ ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხეს (1:2, 3:0, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაკედონიურ „შკენდიასთან“ ვერაფერს გახდა (0:1, 0:0). შედეგად ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც ისლანდიური „ვალური სტუმრად გატანილი გოლით დაამარცხა (1:0, 1:2) და პლეი-ოფის დასკვნით სტადიაზე „ყარაბაღთან“ წააგო (1:0, 0:3).

შერიფისლეგენდა

“შერიფის” ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია ქართველს – ვაჟა თარხნიშვილს. ჩვენებური მოლდოვურ გუნდს 1999 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 13 წელი უერთგულა. ვაჟა წლების განმავლობაში გუნდის კაპიტანი იყო და “შერიფის” მაისურით 443 შეხვედრაში 19 გოლიც გაიტანა.

11-ჯერ გახდა მოლდოვის ჩემპიონი, 7-ჯერ თასის, ხოლო 4-ჯერ სუპერთასის მფლობელი. ამასთან, 2009-2010, 2010-2011 წლების სეზონში ორჯერ ითამაშა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და მაშინ “შერიფის” კაპიტანი სწორედ ქართველი ფეხბურთელი გახლდათ. ამჟამად, ვაჟა თარხნიშვილი კლუბში გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

აწმყო

მოლდოვის ჩემპიონატის 2019 წლების სეზონი მიმდინარეობს და 13 ტურის შემდეგ ტირასპოლელები ლიდერის პოზიციაზე დამაჯერებლად არიან. ზორან ზეკიჩის გუნდს 33 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს. ბოლო 6 თამაში მოგებული აქვს, ხოლო „საბურთალომდე“ 4 შეხვედრის ჩატარება მოუწევს.

მწვრთნელი

გორან საბლიჩი, რომელიც გუნდს გასულ წელს წვრთნიდა თანამემამულე ზორან ზეკიჩმა შეცვალა. 45 წლის ხორვატი დიდი სამწვრთნელო სახელით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მეტ-ნაკლები წარმატებისთვის უკვე მიღწეული აქვს.

სამწვრთნელო კარიერა „მაქსიმირში“ დაიწყო, საიდანაც „შერიფის“ მეორე გუნდი ჩააბარეს. ცოტა ხანში დააწინაურეს და მთავარი გუნდის მწვრთნელი გახდა, „შერიფს“ მოლდოვის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. 2015 წლიდან 2019 წლამდე კი სამშობლოში დაბრუნდა და „ოსიეკს“ თავკაცობდა. 2019 წლის მაისში კი „შერიფს“ დაუბრუნდა.

კონტიგენტი

“შერიფის” შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია. მართალია, გუნდი ევროპაში ცნობადი ფეხბურთელებით არაა დაკომპლექტებული, მაგრამ საინტერესო კონტიგენტი ნამდვილადაა თავმოყრილი.

საინტერესოა, რომ „შერიფის“ ერთ-ერთი გამორჩეილი ფიგურა ლეანდრო რიბეიროა, რომელიც მანამდე გორის „დილას“ ღირსებას იცავდა და როგორც ჩვენთვისაა კარგად ნაცნობი, ისე მისთვის ქართული ფეხბურთი ნაცნობი. ლეანდროს მოლდოვის მიმდინარე ჩემპიონატში 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. გამორჩეულები არიან რობერტ ტამბე (11 თამაში, 5 გოლი), პატრიკ პედერსენი (13 მატჩში 3 გოლი), იური კენდიში (13 თამაში, 5 გოლი), ანდრეი ბლიჟნინეკო (4 თამაში, 3 გოლი).

სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: დუმიტრუ სელედნიჩი, ზვონიმირ მიკულიჩი, სერგეი პასშენკო

მცველები: იაროსლავ იახი, ვილფრიდ ბალიმა, კრისტიანო, ვლადიმირ კოვაჩევიჩი, ვიაჩესლავ პოსმაცი, არტიომ ჰორდიენკო, მატეო სუსიჩი, მაქსიმ კიოკარუ,

ნახევარმცველები: ანდრეი ბლიჟნიჩენკო, მიხაელ გეჩევი, ხოსე ანხელ ხურადო, ალექსანდრ ბელუსოვი, გეორგ ანტონი, ანტუნ პალიჩი, ევგენი ოანსეა, იური კენდიში

თავდამსხმელები: პატრიკ პედერსენი, რობერტ ნდიპ ტამბე, ლეანდრო რიბეირო

როგორც ხედავთ, „შერიფის“ რიგებში აღარ ირიცხება ზიგუ ბადიბანგა, რომელმაც შარშან „ტორპედოსთან“ შესანიშნავად ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ბელგიელს „ტორპედოსთან“ დაპირისპირება წელსაც ელოდება, რადგან ახლა „ორდაბასის“ ღირსებას იცავს. „შერიფში“ აღარაა აგრეთვე ბრაზილიელი ჯო სანტოსი, რომელმაც „ტორპედოს“ ორი გაუტანა ბადიბანგას მსგავსად. სამხრეთ ამერიკელი ახლა „ვენტსპილსის“ წევრია.

სტადიონი

“შერიფის” საშინაო სტადიონი ტირასპოლში მდებარეობს, რომელიც 13 ათას მაყურებელზეა გათვლილი. არენა მთლიანად გუნდის ფერებშია შემოსილი (შავ-ყვითელი) და 2002 წლის ივლისში გაიხსნა.

სტადიონი უეფას სტანდარტებს აკმაყოფილებს და შესაბამისად, ევროსარბიელის მატჩებს ჩვეულებრივად მასპინძლობს. “შერიფ არენა” აღჭურვილია ინდივიდუალური დასაკეცი სავარძლებით, ტრიბუნებიც გადახურულია და შესაბამისად, მაყურებელი ცუდი ამინდის დროს დისკომფორტს ნაკლებად განიცდის.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ პირველი მატჩი ტირასპოლში 9 ივლისს, ხოლო საპასუხო 16 ივლისს, თბილისში შედგება. ამ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო დამარცხებული ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს და ალბანური „პარტიზანისა“ და „ყარაბაღს“ შორის დამარცხებულს შეხვდება.

Loading...
სტატისტიკა
0.379966