ჭადრაკი

16:00 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს

რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირის 10 ტურის თავზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს (2510) აქტივში 4.5 ქულა აქვს და რუს ალეკსანდრა კოსტენიუკთან (2546) ერთად, 8 მონაწილეს შორის მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.

გასულ ტურშუი ნანა შავი ფიგურებით უკრაინელ მარია მუზიჩუკს (2563) დაუზავდა, მე-11 ტურში კი, რომელიც დღეს ჩატარდება, ასევე შავებით აუტსაიდერს, რუს ვალენტინა გუნინას (2506) გაეჯიბრება.
ამ დროისთვის, ტურნირს ფენომენალური შედეგით რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა (2522) ლიდერობს. მან 10 პარტიიდან 6 მოიგო, 4 კი ფრედ დაასრულა და 8.0 ქულა მოაგროვა. შედეგად, გორიაჩკინა უახლოეს კონკურენტს – თანამემამულე ეკატერინა ლაჰნოს (2544) უკვე 2.5 ქულით უსწრებს და ჩემპიონობა თითქმის გარანტირებული აქვს.
13 ივნისს, მე-11 ტურში გუნინა-ძაგნიძის დაპირისპირების გარდა, ლაჰნო – მარია მუზიჩუკის, გორიაჩკინა – ანა მუზიჩუკისა (უკრაინა, 2539) და ტან ჩჟუნი (ჩინეთი, 2513) – კოსტენიუკის პარტიებს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრება, ხოლო გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს, დარჩენილი სათამაშო დღეები კი ასეა გაწერილი: 13-14 და 16-17 ივნისი; ტაი-ბრეიკი 18 ივნისს გაიმართება; თამაშის დასაწყისი თბილისის დროით – 16:00 საათი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120107