ფეხბურთი

2:44 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: "დანიასთანაც და მსაჯთანაც წავაგეთ"

საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ დანიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ (1:5) კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დანიასთან სათამაშოდ მზად არ იყვნენ, დამარცხდნენ როგორც მეტოქესთან, ისე მსაჯთან.

„სამწუხაროდ მსაჯების ასპექტშიც არ გაგვიმართლა, რადგა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, ძალიან დიდი გავლენა იქონია შედეგზე. თუმცა, დანიამ ძალიან მაგრად ითამაშა და ძალიან გვაჯობა ყველა ასპექტში. ბევრი ორთაბრძოლები წავაგეთ, პოზიციურადაც არ გვითამაშია კარგად, დაგვეტყო, რომ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა და შედეგშიც აისახა ეს ყველაფერი.

ვერ გავიმართლებთ თავს იმით, რომ მსაჯმა პენალტი დაგვიდო, მესამე გოლიც საეჭვო იყო, რადგან ლორია დაბლოკეს. გამეორებაზე არ მინახავს ეს მომენტები, მაგრამ ბევრმა მითხრა, ვინც უყურა და მითხრეს, რომ ლორიაზე ჯარიმა იყო. პენალტი კი, მართალი გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ 100%-იანი პენალტი ვიცი, რომ არ იყო. მარტო მსაჯის გარშემო არ მინდა საუბარი, მაგის გარდა კიდევ სამი გოლი გავუშვით და არ ვიყავით მზად დანიასთან სათამაშოდ. დაგვეტყო ფეხბურთელების არყოფნაც, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენთან ერთად იყვნენ - ყაზაიშვილი, კვირკველია, ანანიძე, ოქრიაშვილი, ხოჭოლავა. ნაკრებში ადვილი არაა, სხვადასხვა შემადგენლობით თამაში სცადო, ხშირად გადაეწყო. დღეს დავმარცხდით დანიასთანაც და მსაჯთანაც“, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 4 თამაშის შემდეგ 3 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში 8 სექტემბერს, დანიასთან ჩაატარებს, ოღონდ თბილისში.

0.122182