ფეხბურთი

2:02 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დანია დაუმარცხებელი არაა" - ფეხბურთელთა წინასამატჩო კომენტარები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კოპენჰაგენში „თელია პარკენზე“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი საბა ლობჟანიძემ და ოთარ კიტეიშვილმა გააკეთეს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების აზრით, დანია დაუმარცხებელი მეტოქე არაა და შანსი აუცილებლად მიეცემათ, რომელიც უნდა გამოიყენონ.

„უცხო არ არის აქაური გარემო ნამდვილად, რამდენჯერმე მითამაშია ამ სტადიონზე. დანიამ ორი ფრე ითამაშა და მოედანზე მოგებისთვის გამოვა. თუმცა ჩვენ ჩვენი შანსი გვექნება, უშანსოდ ნამდვილად არ ვართ“, - განაცხადა ლობჟანიძემ.

კიტეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრებმა დანიელთა წინააღმდეგ შეტევაში აქტიური და არგესიული ფეხბურთი უნდა ითამაშოს.

„რა თქმა უნდა, დანია ძალიან ძლიერია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. არ გამოუვიდათ ისეთი სტარტი როგორსაც ელოდნენ, ჩვენ მათზე მეტი ქულა გვაქვს. განწყობას რაც შეეხება, საკმაოდ კარგი განწყობაა. მართალია გიბრალტარი არც ისე მაღალი დონის ნაკრებია, მაგრამ სამი ქულა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ გვექნება შანსი, დანია არაა დაუძლევებელი ბარიერი და იმედია დადებით შედეგს ვაჩვენებთ. ვფიქრობ, შანსი გვექნება და შეტევაში აქტიურად უნდა ვითამაშოთ.

სეზონის ბოლოა, ყველაფერი ფეხბურთელი თავს დაღლილად გრძნობს, მაგრამ როდესაც ეროვნულ ნაკრებში ჩამოდიხარ მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, როგორც სეზონის დასაწყისში ან შუაში.

დანიას ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ რა თქმა უნდა, კრისტიან ერიკსენს გამოვყოფდი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავია. თუმცა, მთლიანობაში დანია ძალიან ორგანიზებული გუნდია“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და დანიის ნაკრებთა მატჩი 10 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან

0.110822