ჭადრაკი

22:47 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2510) რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირის ოთხ ტურში მე-3 გამარჯვება იზეიმა და 3.5 ქულით ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.

დღეს, ნანა თეთრი ფიგურებით რუს ვალენტინა გუნინას (2506) დაუპირისპირდა და მეტოქე უკვე 30-ე სვლაზე დაამარცხა. როგორც შეხვედრის შემდეგ ქართველმა მოჭადრაკემ აღნიშნა, გუნინას მიერ შეთავაზებული ფრანგული დაცვა მისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა და საქმის სათავისოდ დასრულებაც გაუადვილა.
მე-4 ტურის დანარჩენა პარტიებში ეკატერინა ლაჰნომ (რუსეთი, 2554) შავი ფიგურებით მარია მუზიჩუკს (უკრაინა, 2563) სძლია, ალეკსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2546) ტან ჩჟუნის (ჩინეთი, 2513) დაუზავდა, ხოლო ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2539) – ალეკსანდრა გორიაჩკინას (რუსეთი, 2522).
როგორც აღვნიშნეთ, ძაგნიძე 3.5 ქულით დაწინაურდა, გორიაჩკინას 3.0 ქულა აქვს, ჩჟუნის – 2.5, ლაჰნოს – 2.0, კოსტენიუკსა და გუნინას – 1.5-1.5, დებ მუზიჩუკებს კი – 1.0-1.0.
მე-5 ტურში, რომელიც 5 ივნისს შედგება, ასეთი წყვილები გვაქვს: გუნინა – მ.მუზიჩუკი, კოსტენიუკი – ძაგნიძე, გორიაჩკინა – ჩჟუნი, ლაჰნო – ა.მუზიჩუკი.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრება, ხოლო გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს, დარჩენილი სათამაშო დღეები კი ასეა გაწერილი: 5-6, 8-10, 12-14, და 16-17 ივნისი; ტაი-ბრეიკი 18 ივნისს გაიმართება; თამაშის დასაწყისი თბილისის დროით – 16:00 საათი.

0.115283