ჭადრაკი

0:34 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ ისევ იმარჯვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2510) რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირის სათავეში რჩება.

ძაგნიძემ მე-2 ტურში უკრაინელ ანა მუზიჩუკს (2539) შავი ფიგურებით სძლია, მესამეში კი მისი და მარიაც (2563) არ დაინდო და თეთრებით აჯობა.
შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ თავი 2.5 ქულას მოუყარა და რუს ალეკსანდრა გორიაჩკინასთან (2522) ერთად პირველ-მეორე პოზიციებს ინაწილებს. ამ უკანასკნელმა გუშინ თანამემამულე ეკატერინა ლაჰნო (2544) დაამარცხა.
საინტერესოა, რომ მე-3 ტურის დარჩენილმა ორმა პარტიამაც ყაიმების გარეშე ჩაიარა. ვალენტინა გუნინამ (რუსეთი, 2506) ალეკსანდრა კოსტენიუკს (2546) მოუგო, ჩინელმა ტან ჩჟუნიმ (ჩინეთი, 2513) კი – ხსენებულ ანა მუზიჩუკს.
3 ივნისი ტურნირზე დასვენების დღეა, მე-4 ტურის პარტიები კი 4-ში ჩატარდება: ძაგნიძე – გუნინა, კოსტენიუკი – ჩჟუნი, ა.მუზიჩუკი – გორიაჩკინა, მ.მუზიჩუკი – ლაჰნო.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის 8 უძლიერესი ქალი ერთმანეთს ორ წრედ ეჯიბრება, ხოლო გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) მატჩში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს, სათამაშო დღეები კი ასეე გაწერილი: 31 მაისი-2 ივნისი; 4-6, 8-10, 12-14, და 16-17 ივნისი; ტაი-ბრეიკი 18 ივნისს გაიმართება; თამაშის დასაწყისი ადგილობრივი დროით – 15:00 საათი.

Loading...
0.140882