ფეხბურთი

2:07 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საკლუბო ფეხბურთი წითელია! (+VIDEO)
ჩემპიონთა ლიგა "ლივერპულმა" ისტორიაში მეექვსედ მოიგო

დამსახურებული და ღირსეული ჩემპიონი - ეს „ლივერპულია“, იურგენ კლოპის ბრწყინვალე გუნდი! ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონი დასრულდა და ინგლისურმა გრანდმა ისტორიაში მეექვსედ მოახერხა საფეხბურთო მწვერვალზე ასვლა. იმ მწვერვალზე, მასზე მაღალი რომ არაფერია.

ბარემ, შევაქოთ „ტოტენჰემიც“, რომელმაც ისტორიაში პირველი ფინალი ითამაშა და ისიც ღირსეული მეტოქე იყო, არაფერი დათმო, ბოლომდე იბრძოდა და აკეთებდა ყველაფერს წარმატებისთვის, მაგრამ გაიმარჯვა უფრო ძლიერმა. "ლივერპულმა" ძალიან კარგად მოახერხა "ტოტენჰემის" მთავარი ლიდერების თამაშიდან გაქრობა და თავისი საგოლე მომენტები მაქსიმალურად გამოიყენა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს - 3 კარში დარტყმა და 2 გოლი.

თამაში „წითლებისთვის“ ისე დაიწყო, უკეთეს ვერც ინატრებდნენ. 26-ე წამზე, თითქოს უწყინარ სიტუაციაში საჯარიმოში მყოფ მუსა სისოკოს ბურთი ხელზე მოხვდა და დამირ სკომინამ პენალტი დანიშნა, რომელიც VAR-თან გადამოწმდა, მაგრამ თავდაპირველი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. მოჰამედ სალაჰი მივიდა ბურთთან და ძლიერად დაარტყა, რაც მთავარია ზუსტად. შედეგად, სალაჰი გახდა ფინალებში რიგით მეორე სწრაფი გოლის ავტორი (01:48 წუთი) პაოლო მალდინის შემდეგ (00:50 წუთი), რომელმაც სწორედ „ლივერპულს“ გაუტანა 2005 წელს. გარდა ამისა, მომო მეხუთე აფრიკელი ფეხბურთელი შეიქნა რაბაჰ მაჯერის, სამუელ ეტო’ოს, დიდიე დროგბასა და სადიო მანეს შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.

თამაში კი რაღა თქმა უნდა, გაგრძელდა, მაგრამ პირველი ტაიმი ძალიან მოსაწყენი იყო. ყველაზე დასამახსოვრებელი რაც 45 წუთში სალაჰის გოლის გარდა მოხდა, მოედანზე ლამაზმანის შევარდნა იყო, რომელიც ნახევრად შიშველი გახლდათ და სტიუარდებმა ოდენ მოედნის ცენტრში გაანეიტრალეს. ამ ფაქტმა გულშემატკივრები გაამხიარულა და მართლაც, ანტრაქტამდე გოლის გამოკლებით, ყველაზე ლამაზი მომენტი იყო, ვერაფერს იტყვი...

საერთოდ, „ტოტენჰემს“ ძალიან უძნელდებოდა იერიშების დაწყება და მეტოქის ნახევარზე ბურთს პრაქტიკულად ვერ ინარჩუნებდა. ეს რა თქმა უნდა, მეტოქის დაცვისა და ნახევარდაცვის კარგი თამაშის დამსახურება გახლდათ. ფორმაში არ იყო ჰარი კეინიც (რაც მოსალოდნელიც იყო), ინგლისელი 90 წუთის განმავლობაში ამოვარდნილი იყო საკუთარი გუნდის სათამაშო სქემიდან.

მეორე ნახევარში მაურისიო პოჩეტინომ სცადა გარდატეხის შეტანა და საყრდენი ჰარი ვინკსი ნახევარფინალის გმირით, ლუკას მოურათი ჩაანაცვლა. „მამლები“ თითქოს გამოფხიზლდნენ, მეორე ტაიმის შუაწელს კი კარის ჩარჩოში პირველად დაარტყეს. საერთოდ, საჯმში „ჰოტსპურმა“ 8-ჯერ დაარტყა და ალისონი 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ გახდა მეკარე, რომელმაც ფინალში ყველაზე მეტი სეივი შეასრულა (8). თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს და, ერთი-ორი დარტყმის გარდა, მეტ-ნაკლები სახიფათო მომენტიც კი არ შექმნილა ხსენებული 8 ეპიზოდიდან. საპასუხოდ, „ლივერპულმა“ 87-ე წუთზე ინტრიგა საერთოდ გააქრო. ლონდონელები საკუთარ საჯარიმოში უნიათოდ გაისარჯნენ, შედეგად ბურთი ცვლილებაზე გამოსულმა დივოკ ორიჯიმ მოიხელთა და უგო ლორისს შორეულ კუთხეში გაუტანა. ორიჯი მეორე ბელგიელი გახდა იანიკ ფერეირა-კარასკოს მერე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა. საერთოდ, ამავე ტურნირზე ორიჯის ბოლო სამი დარტყმიდან სამი გოლი აქვს გატანილი - ფანტასტიკური შედეგია!

დამირ სკომინას საფინალო სასტვენმა კი „ლივერპული“ 14 წლის შემდეგ ისევ ტახტზე აიყვანა. იურგენ კლოპის ზედიზედ წაგებული 6 ფინალი (მათ შორის 3 „ლივერპულში“ და 2 ჩემპიონთა ლიგაზე), როგორც იქნა უკვე გამარჯვებაში გადაიზარდა. გერმანელი თავის მხრივ მეოთხე მწვრთნელი ბობ პეისლის, ჯო ფაგანისა და რაფაელ ბენიტესის შემდეგ, რომელმაც „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგა/თასი მოაგებინა.

„წითლებმა“ მეექვსედ აღმართეს უპრესტიჟულესი თასი, „ბაიერნსა“ და „ბარსელონას“ გაასწრეს და ახლა მათზე წინ მხოლოდ „მილანი“ (7) და „რეალი“ (13) იმყოფებიან. მერსისაიდელებს ინგლსურ გუნდებში საუკეთესო მაჩვენებლი აქვთ. მეტიც, ყველაზე ახლოს მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სამი ჩემპიონობით სჯაბნის.

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების ზღაპრული, დაუვიწყარი სეზონი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ახლა მცირე პაუზის დრო დადგა, მალე საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება, სექტემბერში კი ახალი სეზონი, ახალ ემოციებს გვპირდება...

„ტოტენჰემი“ – „ლივერპული“ 0:2 (0:1) VIDEO

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“

მაყურებელი: 52 212

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; სისოკო (დაიერი 74), ვინკსი (ლუკას მოურა 66); დელე ალი (ლორენტე 81), ერიკსენი, სონი; კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (მილნერი 62); სალაჰი, ფირმინო (ორიჯი 58), მანე (გომესი 90)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 სალაჰი (2, პენ), 0:2 ორიჯი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 8 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 8:9 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

სტატისტიკა
0.266337