ფეხბურთი

10:20 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელები და ფეხბურთელები "იუვენტუსიდან" "ინტერში"

ანტონიო კონტე მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელია. ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელია, რადგან კონტე პირდაპირ ასოცირდება ტურინის „იუვენტუსთან“, რადგან „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას 13 წელი იცავდა და აქედან 5 სეზონი კაპიტნის სამკლავური ემოსა.

მერე კონტემ „იუვენტუსში“ მწვრთნელის რანგშიც დიდებულ შედეგებს მიაღწია. საერთოდ, ანტონიო ტურინელთა ტიფოზების უსაყვარლესი ფიგურა იყო, თუმცა „ინტერში“ მისმა გადაბარგებამ ეს სიყვარული შესაძლოა გააქროს კიდეც.

და მაინც, ანტონიო კონტე პირველი არაა, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა და „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდის შემდეგ ბედი „ინტერსაც“ დაუკავშირა. დღეს სწორედ იმ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების შესახებ ვისაუბრებთ, რომლებმაც აღნიშნული გზა განვლეს. თუმცა, თავიდანვე გეტყვით, რომ წერილში საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც ფეხბურთელი თუ მწვრთნელი ჯერ „იუვენტუსს“ წარმოადგენდა (როგორც კონტე), ხოლო შემდეგ „ინტერს“. შესაბამისად, ის ადამიანები, რომელთაც ჯერ „ინტერის“ ლოგო ამშვენებდათ, მერე კი „იუვენტუსის“ მოცემულ სტატიაში ვერ მოხვდნენ...

ჯოვანი ტრაპატონი („იუვენტუსი“ 1976-1986, 1991-1994) - ტრაპი „ბიანკონერიში“ ნამდვილი დროშა გახდა. 70-იან და 80-იან წლებში მან „იუვენტუსში“ უდიდეს წარმატებას მიაღწია და დღემდე მოუხნსელი რეკორდი დაამყარა 7-ჯერ მოიგო სკუდეტო (ექვსჯერ „იუვენტუსში“). გარდა ამისა, ჩემპიონთა თასი, თასების თასი, უეფას თასი (ორჯერ), ევროპის სუპერთასი.

(„ინტერი“ 1986-1991) - ტრაპატონი „იუვენტუსში“ გატარებული 10 წლის შემდეგ პირდაპირ „ინტერში“ წავიდა, სადაც 1989 წელს სკუდეტო, ხოლო 1991 წელს უეფას თასი მოიგო. იმავე წლის ზაფხულში კი კვლავ ტურინის „იუვენტუსს“ დაუბრუნდა, რომელსაც უეფას თასი 1993 წელს მოაგებინა.

მარჩელო ლიპი („იუვენტუსი“ 1994-1999, 2001-2004) - ტრაპატონის მემკვიდრე მარჩელი ლიპი იყო, რომელმაც 1994 წელს შეცვალა. საწყის ხუთ წელიწადში ლიპიმ სამჯერ მოიგო სკუდეტო, ერთხელ საკონტინტენთაშორისო და ევროპის სუპერთასები. ერთხელაც, მთავარი - ჩემპიონთა ლიგა. ლიპი ტურინში 2001 წელს დაბრუნდა და „ბიანკონერის“ მომდევნო სამ სეზონში ორჯერ სკუდეტო მოუტანა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი საერთო ჯამში მისი მოღვაწეობის რვაწლიან მონაკვეთში ოთხჯერ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი ტრაპატონია (14 ტიტული), მეორეადგილზე კი ლიპი იმყოფება (13 ტიტული).

(„ინტერი“ 1999-2000) - თუ ტრაპატონიმ „ინტერში“ გატარებულ ხუთ სეზონში ორი ტიტული მოიგო, ლიპიმ მილანი უკვალოდ დატოვა. პირველივე სეზონში „ნერაძური“ მეოთხე ადგილზე გაიყვანა. 2000-2001 წლების სეზონის დასაწყისი კი კატასტროფული გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიპის „ინტერი“ უცნობ შვედურ „ჰელსინბორგთან“ დამარცხდა, რასაც სერია A-ს პირველივე ტურში რეჯიო კალაბრიაში, „რეჯინასთან“ წაგება მოჰყვა. ყველაფერი კი აქ დასრულდა და ლიპი თამაშის შედეგ პირდაპირი ეთერიდან გადადგა. ამის შემდეგ მარჩელო ტრაპატონის მსავსად „იუვენტუსში“ დაბრუნდა და ისევ წარმატებას მიაღწია.

კლაუდიო რანიერი („იუვენტუსი“ 2007-2009) - რანიერის კარიერაში 16 გუნდი გაუწვრთნია და მათ შორისაა როგორც „ბიანკონერი“, ისე „ნერაძური“. რანიერის ტურინული თავგადასავალი 2007 წელს, სერია B-დან დაბრუნების შემდეგ დაიწყო, როდესაც დიდიე დეშამი გუნდიდან წავიდა. პირველივე სეზონში „იუვენტუსი“ მესამე ადგილზე გავიდა, რასაც მეორე სეზონში მეორე ადგილიც მოჰყვა. თუმცა, სეზონის ბოლოს ტურინელთა თამაში გაფერმკრთალდა და რანიერი სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩირო ფერარამ შეცვალა.

(„ინტერი“ 2011-2012) - „ინტერში“ რანიერი 2011-2012 წლების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, როდესაც გასპერინი შეცვალა. სეზონის ბოლომდე კლაუდიომაც ვერ მიატანა და მარტში სწორედ „დიდ იტალიურ დერბიში“, „იუვენტუსთან“ წაგების შემდეგ გაათავისუფლეს.

ჯანპიერო გასპერინი („იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდი 1994-2003) - მართალია გასპერინის „იუვენტუსის“ მთავარი გუნდი არასდროს გაუწვრთნია, მაგრამ ახალგაზრდულ გუნს ლამის10 წელი ედგა სათავეში და 2003 წელს ვიარეჯოს ტურნირიც მოაგებინა.

(„ინტერი“ 2011) – „ნერაძურიში“ გასპი 2011 წელს მიიწვიეს და 5 თამაშის შემდეგ დაითხოვეს. აქედან 4 მატჩი „ინტერმა“ წააგო. მათ შორის, „მილანთან“ იტალიის სუპერთასზე და ჩემპიონთა ლიგაზე „ტრაბზონსფორთან“.

რობერტო ბაჯო („იუვენტუსი“ 1990-1995) - არამხოლოდ მწვრთნელები, არამედ ფეხბურთელი „იუვენტინოებიც“ არიან, რომლებიც „ინტერში“ გადავიდნენ ტურინში თამაშის შემდეგ. მათ შორის მთავარი რა თქმა უნდა, რობერტო ბაჯოა. ბაჯომ „იუვეში“ სკუდეტო, უეფას თასი, იტალიის თასი და „ოქროს ბურთი“ მოიგო.

(„ინტერი“, 1998-2000) - მერე „ნერაძურის“ მაისურიც მოირგო. მანამდე კი იყო „როსონერიში“ („მილანში). „ინტერში“ კი იტალიელმა ლეგენდამ ორი სეზონი გაატარა, მხოლოდ 17 გოლი გაიტანა და ტიტული არ მოუგია.

კრისტიან ვიერი („იუვენტუსი“ 1996-1997) - აგრეთვე ბობოსაც სამივე იტალიური გრანდის რიგებში უთამაშია. „ბიანკონერიში“ ვიერიმ ერთი სეზონი გაატარა, მაგრამ წარმატებული. მოიგო სკუდეტო, იტალიის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინტეთაშორისო თასი.

(„ინტერი“ 1999-2005) - ვიერი გუნდებს ხშირად იცვლიდა, მაგრამ „ინტერში“ 6 წელი დაჰყო. ამ პერიოდში მხოლოდ იტალიის თასი მოიგო, მაგრამ 190 თამაშში 123 გოლი გაიტანა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.

მარკო ტარდელი („იუვენტუსი“ 1975-1985) - „ბიანკონერიში“ ტარდელიმ 11 ტიტული მოიგო, 10 წელი გაატარა და თითქოს 400 თამაში ჩაატარა. ამავე პერიოდში იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

(„ინტერი“ 1985-1987) - ტარდელი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც „იუვენტუსიდან“ პირდაპირ „ინტერში“ გადავიდა. ეს 1985 წლის ზაფხულში მას შემდეგ, რაც ტურინელებთან ერთად ჩემპიონთა თასს დაეფულა. იმ ზაფხულს გუნდებმა ბარტერი გააკეთეს და ტურინში ალდო სერენა აღმოჩნდა. ტარდელის კარიერა „ინტერში“ წარმატებული არ გამოდგა.

პიეტრო ანასტაზი („იუვენტუსი“ 1968-1976) – „ბიანკონერის“ ტიფოზები მას „თეთრ პელეს“ უწოდებდნენ. მოტივი? ტურინში 130 გოლზე მეტი გაიტანა, ამასთან სამჯერ სკუდეტო მოიგო.

(„ინტერი“ 1976-1978) – „ინტერში“ ორი წელი გაატარა ტარდელის მსგავსად და მხოლოდ იტალიის თასი მოიგო 1978 წელს.

სალვატორე (ტოტო) სკილაჩი („იუვენტუსი“ 1989-1992, „ინტერი“ 1992-1994) - მას ცოტა დააკლდა 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გმირობამდე და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იმ წელს, 1990 წელს, სკილაჩი „იუვენტინო“ იყო. ტურინში იტალიის თასი და უეფას თასი მოიგო. ამ ჯილდოს 1994 წელს „ინტერშიც“ დაეუფლა.

ტარჩიზიო ბურგნიჩი („იუვენტუსი“ 1960-1961, „ინტერი“ 1962-1974) - ბევრისგან განსხვავებით, რომლებზეც ვისაუბრეთ და ქვემოთაც ვისაუბრებთ, ბურგნიჩი იმ გამონაკლისთა შორისაა, რომელმაც კარიერის საუკეთესო და უმეტესი წლები „ინტერში“ გაატარა და არა „იუვენტუსში“. ბურგნიჩიმ „იუვეში“ ერთადერთ სეზონში სკუდეტო მოიგო, მერე „ინტერში“ წავიდა, სადაც 12 წლი დაჰყო, გუნდის დროშა და იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მცველი გახდა. „ნერაძურიში“ ელენიო ერერას ფორმაციის გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი.

პაულო სოუზა („იუვენტუსი“ 1994-1996) – „იუვენტუსში“ პორტუგალიელმა სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

(„ინტერი“ 1998-2000) – „იუვენტუსიდან“ სოუზა „დორტმუნდში“ წავიდა, სადაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო (ფინალში სწორედ „იუვეს“ წინააღმდეგ 1997 წელს), მაგრამ შემდეგ იტალიაში დაბრუნდა, ოღონდ „ინტერში“, სადაც 2000 წლის იანვრამდე დარჩა.

ანჯელო პერუცი (1991-1999) - ისიც „იუვენტუსიდან“ პირდაპირ „ინტერში“ წავიდა. პერუციმ 8 წლის განმავლობაში ყველაფერი მოიგო „იუვენტუსთან“ ერთად, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც, ფინალის გმირი კი თავად იყო.

(„ინტერი“ 1999-2000) – „ნერაძურიში“ ლიპის პირველ სეზონში ძირითადი მეკარე იყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გუნდი დატოვა და „ლაციოში“ გადავიდა, სადაც კარიერია დაასრულა კიდეც.

ვლადიმირ იუგოვიჩი („იუვენტუსი“ 1995-1997) – „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი პენალტი მან გაიტანა და „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. „ბიანკონერიში“ „სამპდორიადან“ გადავიდა და ლიპის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი გახდა.

(„ინტერი“ 1999-2001) - სწორედ ლიპის სურვილით იუგოვიჩი 1999 წელს „ინტერში“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა. ორი სეზონი გაატარა „სან სიროზე“, მაგრამ დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა.

ედგარ დავიდსი („იუვენტუსი“ 1997-2004) - ჰოლანდიელიც ლიპის გამორჩეული ფიგურა იყო. „იუვენტუსში“ დავიდსმა სამჯერ მოიგო სკუდეტო და სამჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

(„ინტერი“ 2004-2005) – „პიტბული“ „იუვენტუსიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა, მაგრამ ესპანეთში გატარებული წარუმატებელი ერთი სეზონის შემდეგ „ინტერში“ აღმოჩნდა, სადაც ასევე ერთი წელი გაატარა და მოიგო ის ერთადერთი ტიტული, რომელიც მის იტალიურ კარიერას აკლდა - იტალიის თასი.

ფაბიან კარინი („იუვენტუსი“ 2000-2002) - ახალგაზრდა ურუგვაელი მეკარე, რომელიც "იუვენტუსში" სათადარიგო სკამზე ყოფნით შემოიფარგლა. მისი ორწლიანი კარიერა "ბებერ ქალბატონში" იმით გამოირჩა, რომ ტიერი ანრის ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი არ გაატანინა.

(„ინტერი“ 2004-2005, 2006-2007) – 2004 წლის ზაფხულში „ბიანკონერიმ“ კარინი „ინტერს“ არც მეტი, არც ნაკლები, ფაბიო კანავაროში გაუცვალა! კარინიმ „ინტერში“ 4 თამაში ჩაატარა და 2007 წელს სკუდეტო მოიგო.

პატრიკ ვიეირა („იუვენტუსი“ 2005-2006) - ფრანგმაც, „არსენალის“ ლეგენდამ 2007 წელს „ინტერთან“ ერთად სკუდეტო მოიგო, მაგრამ მანამდე ტურინში ერთი სეზონი გაატარა და „კალჩოპოლის“ სკანდალისა და „ბებერი ქალბატონის“ ქვედა ლიგაში დაქვეითების შემდეგ გუნდი დატოვა.

(„ინტერი“ 2006-2010) – „ნერაძურისთან“ ერთად ვიეირამ 4 სკუდეტო და ორი იტალიის სუპერთასი მოიგო, სანამ ინგლისში დაბრუნდებოდა და კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გაგარძელებდა. ეს 2010 წლის იანვარში მოხდა, იქამდე 6 თვით ადრე, სანამ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი („იუვენტუსი“ 2004-2006) - თითქმის იგივე გზა განვლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. უბრალოდ, შვედი ვიეირამდე 1 წლით ადრე მივიდა „იუვენტუსში“.

(„ინტერი“ 2006-2009) – „ნერაძურიში“ სამი სკუდეტო მოიგო, 117 თამაშში 66 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერის" ტრიუმფამდე ერთი წლით ადრე კი გუნდი დატოვა.

ფელიპე მელო („იუვენტუსი“ 2009-2011) - ბრაზილიელი „იუვენტუსში“ 2009 წლის ზაფხულში „ფიორენტინაში“ გატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ აღმოჩნდა. თანამემამულე დიეგოსთან ერთად სეზონის დასაწყისში შესანიშნავად თამაშობდა, მაგრამ შემდეგ მისი ტურინული ოდისეა მხოლოდ ჩავარდა.

(„ინტერი“ 2015-2017) – „გალათასარაიში“ გატარებული წლების შემდეგ ფელიპე მელო „ინტერში“ აღმოჩნდა, თუმცა მისი მილანური კარიერაც არასტაბილური გამოდგა.

ანტონიო კანდრევა („იუვენტუსი“ 2010) – „იუვენტუსში“ კანდრევამ მხოლოდ 6 თვე გაატარა(იანვრიდან ივნისამდე), 16 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

(„ინტერი“ 2016-) – „ლაციოში“ ანტონიოს წარმატებული წლები ჰქონდა, რის შემდგომაც „ინტერის“ მაისური მოირგო. „ნერაძურიში“ კანდრევამ დღემდე 111 თამაშში 11 გოლი გაიტანა.

კვადვო ასამოა („იუვენტუსი“ 2012-2018, „ინტერი“ 2018-) - ასამოა ტურინში ანტონიო კონტეს ინიციატივით 2012 წლის ზაფხულში „უდინეზედან“ გადავიდა. შავ-თეთრებში მან 6 სკუდეტო მოიგო და შარშან „ინტერს“ შეუერთდა.

შენიშვნა: "იუვენტუსსა" და "ინტერში" გაცილებით მეტ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ აქ საუბარია მხოლოდ მათ შესახებ, რომლებიც ჯერ შავ-თეთრების, მერე კი შავ-ლურჯების რიგებში ირიცხებოდნენ და არა პირიქით.

სტატისტიკა
0.398959