ფეხბურთი

1:57 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისური დუელი საფეხბურთო ტახტისთვის!

დღეს 2018-2019 წლების სეზონის მთავარი დაპირისპირება შედგება. ესპანეთის დედაქალაქში ინგლისური ფინალია: „ტოტენჰემი“ – „ლივერპული“.

ლონდონელები ისტორიაში პირველად მოვიდნენ ამ ეტაპამდე, ხოლო „ლივერპულისთვის“ ეს უცხო ვითარება არაა და ერთი წლის წინაც იყო ფინალში. ნახევარფინალში ორივე გუნდმა სასწაული შემოგვთავაზა. „წითლებმა“ „ბარსელონასთან“ 0:3 წაგების შემდეგ შინ 4:0 მოიგეს და ფინალში არიან, ხოლო „ტოტენჰემმა“ ჯერ შინ 0:1 წააგო „აიაქსთან“, მერე სტუმრად 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ლუკას მოურას ფანტასტიკური ჰეთ-თრიქით მადრიდში თამაშის უფლება მოიპოვა.

თუმცა, მას შემდეგ ლამის ერთი თვე გავიდა. საერთოდაც, 12 მაისის შემდეგ იურგენ კლოპისა და მაურისიო პოჩეტინოს გუნდებს არ უთამაშიათ. მაშინ, პრემიერლიგის ბოლო ტურში „ლივერპულმა“ „ვუვლზი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო „ტოტენჰემი“ „ევერტონს“ დაუზავდა (2:2).

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება. ფინალს მხოლოდ ლივერპულელი ნაბი კეიტა დააკლდება, რომელიც ტრავმირებულია. ტრავმირებული იყო რობერტო ფირმინო, რომელმაც ვარჯიში დაიწყო დაგუნდთან ერთად მადრიდში იმყოფება. ჯერჯერობით ბრაზილიელის თამაში გადაწყვეტილი არაა, მაგრამ დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

ანალოგიური ვითარებაა მაურისიო პოჩეტინოს ბანაკშიც. „ტოტენჰემს“ ტრავმირებული ჰარი კეინი დაუბრუნდა, რომელიც ერთი კვირაა ვარჯიშობს, როგორც თავად ამბობს, სათამაშოდ მზადაა, მაგრამ პოჩეტინოს თქმით, გადაწყვეტილებას თამაშის დღეს მიიღებს.

ბარემ ვთქვათ, რომ პოჩეტინოსა და კლოპის ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ აქვთ. არგენტინელი პრესტიჟულ ტიტულთან ასე ახლოს არ ყოფილა, ხოლო კლოპს ორი ფინალი აქვს წაგებული (2013 და 2018 წლებში) და როგორც თავად ამბობს, ახლა გამარჯვებს დროა, თანაც წარსულს მნიშვნელობა არ აქვსო. ვნახოთ, გატეხავს თუ არა ნავსს გერმანელი სპეციალისტი...

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური ფინალი მეორედ გაიმართება. 2008 წელს, მოსკოვში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი): „მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლად ვიყოთ. ვითამაშოთ ისე, როგორც შვიდი, რვა, ცხრა წლის ბავშვები, თავისუფლად. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი გვიყურებს, უბრალოდ გვინდა ხვალ გავიმარჯვოთ, რადგან გვსურს ისტორია დავწეროთ. კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. „ლივერპული“ დიდი გუნდია, იურგენი კი წარმატებული მწვრთნელი. ის მესამედაა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და კომპლიმენტს იმსახურებს“.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი): „ფინალი ყოველთვის განსხვავებულია. დიახ, 6 ფინალი მაქვს წაგებული, მაგრამ წარსულს მნიშვნელოვა არ აქვს. არ ვფიქრობ, რომ უიღბლო მწვრთნელი ვარ, შეიძლებოდა უკეთესიც ან უარესიც. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩში გამარჯვებაზე ვფიქრობთ, რომელიც ძალიან ინტენსიური თამაში იქნება“.

სავარაუდო შემადგენლობები:

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“, 23:00 საათი

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; ვინკსი, სისოკო; ერიკსენი, ალი, სონი; კეინი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინამლდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ფაქტები

„ლივერპული“ გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგას/თასს მეექვსედ მოიგებს და მესამე ადგილზე გადაინაცვლებს. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „რეალსა“ (13) და „მილანს“ (7) აქვთ.

საერთო ჯამში „ტოტენჰემი“ და „ლივერპული“ აქამდე 170-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. „წითლებმა“ 79 თამაში მოიგეს, „მამლებმა“ 48, ხოლო 43 მატჩი ფრედ დასრულდა.

„ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის/თასის მე-40 ფინალისტია და 2008 წლის შემდეგ, როდესაც „ჩელსი“ გავიდა პირველად ფინალში, პირველი დებიუტანტი ფინალისტია. გარდა ამისა, „ტოტენჰემს“ აქვს შანსი 23-ე გუნდი გახდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას/თასს მოიგებს.

გასულ სეზონში „რეალის“ კარში ფინალურ მატჩში სადიო მანემ გოლი გაიტანა. სენეგალელს აქვს შანსი მერვე ფეხბურთელი გახდეს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ერთ ფინალზე მეტჯერ ექნება გოლი გატანილი.

ჩემპიონთა ლიგაზე ეს მეექვსე შემთხვევაა, როდესაც ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ითამაშებენ. მათ შორის, მეორედ შედგება ინგლისური ფინალი.

Loading...
სტატისტიკა
0.225306