ავტოსპორტი

4:38 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი: ლაუდას გარეშე მხოლოდ ერთგზის ჩემპიონი ვიქნებოდი

ლუის ჰამილტონი დარწმუნებულია, რომ ის ფორმულა 1-ის ერთგზის ჩემპიონი იქნებოდა, გვერდზე ნიკი ლაუდა თუ არ ეყოლებოდა. როგორც „მერსედესის“ არააღმასრულებელმა დირექტორმა, ლაუდამ ჰამილტონს „მაკლარენიდან“ „მერსედესში“ გადასვლა პირველმა შესთავაზა (2012 წელს). იმ დროს სამქიმიანებს მოწინავეთა შორის დამკვიდრება უჭირდათ, უოკინგელები კი რბოლებს იგებდნენ.

მაგრამ გერმანულ გუნდში გადასვლის შემდეგ, ჰამილტონი ოთხ ტიტულს დაეუფლა და 55 დიდი პრიზი მოიგო. „მაკლარენს“ კი 2012 წლის სეზონის შემდეგ, ერთი რბოლაც არ მოუგია.

ჰამილტონი ამბობს, რომ „მერსედესში“ გადასვლა მას გუნდის მაშინდელ შეფმ როს ბრაუნთან შეხვედრამ გადააწყვეტინა, მაგრამ ლაუდა იყო პირველი, ვინც ჰამილტონის გადაბირების საქმე დაიწყო.

„მაშინ რომ მიწვევა არ მიმეღო, ახლა ერთგზის ჩემპიონი ვიქნებოდი და ჩემს ანგარიშზე ალბათ 22 მოგება იქნებოდა. ახლა კი ხუთგზის ჩემპიონი ვარ. ამ ყველაფერს კი მას უნდა ვუმადლოდე“, - ამბობს ჰამილტონი.

„ტოტო (ვოლფი) და მე ბოლო რვა თვის განმავლობაში ხშირად ვესაუბრებოდით მას (ლაუდას) და ბირჯიტს (ლაუდას მეუღლეს). ის ხან მშვენივრად გამოიყურებოდა და ამბობდა, რომ შემდეგ რბოლას დაესწრებოდა. ხან კი ვატყობდით, რომ ბევრ წონას კარგავდა“, - ყვება ჰამილტონი.

ის ამბობს, რომ მონაკოში ჩამოსვლისას ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ახლა რბოლის დრო არ იყო. „ჩვენ ის ყველას გვიყვარდა და ძნელი წარმოსადგენია, რომ გვერდით აღარ გვეყოლება. მე მისგან ბევრი მოგონება დამრჩა, ის ჩვენს მოგონებებში გააგრძელებს ცხოვრებას“, - ამბობს ჰაილტონი, ვინც მონაკოში კვალიფიკაციაც და რბოლაც მოიგო და ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა.

0.109344