ფეხბურთი

2:56 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი U20: პირველი ტურის თავზე (+VIDEO)

სამი დღეა პოლონეთში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო 20-წლამდელებს შორის. ასაკობრივი ტურნირები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და მეტწილად სკაუტებში. აქ ხომ, ფეხბურთის ხვალინდელი კადრებია უმეტესაც წარმოდგენილი. ვინ იცის, ვინ რა სიმაღლეებს დაიპყრობს. ზოგი შესაძლოა საერთოდ უკვალოდ გაქრეს საფეხბურთო რუქიდან, მაგრამ ზოგიც პირიქით - დიდი ფეხბურთი ითამაშონ. მოკლედ, ამ კითხვებს პასუხს მხოლოდ მომავალი გასცემს, მაგრამ იქამდე, ტურნირი საინტერესოდ დაიწყო.

A ჯგუფში მასპინძელმა პოლონეთმა ლოძში, გადავსებული ტრიბუნების წინაშე კოლუმბიას უმასპინძლა და კი იმედოვნებდნენ ადგილობრივი ქომაგები, რომ გაიხარებდნენ, მაგრამ ამის საფუძველი ნამდვილად არ ჰქონიათ. სამხრეთ ამერიკელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს, ადვილად დამსახურებულად მოიგეს. ანგულომ პირველ ტაიმში გაიტანა, სანდოვალმა მსაჯის კომპენსირებულ დროში. ეგ კი არა, პოლონელები მადლობელნი უნდა იყვნენ, რომ გახსნითი მატჩი უფრო სოლიდური სხვაობით არ წააგეს, რადგან კოლუმბიამ არაერთი საგოლე მომენტი გაატანა ქარს.

იგივე ითქმის ამავე ჯგუფის მეორე მატჩზე - სენეგალმა ტაიტი, როგორც მოსალოდნელი იყო მაგრად დაჩაგრა და ადვილად წაართვა სამი ქულა. ვინ იცის, რას მიაღწევს სენეგალელი თავდამსხმელი ამადუ სანია, მაგრამ ფაქტია, ამ თამაშს ვერ დაივიწყებს, რადგან ჰეთ-თრიქი შეასრულა და ცალსახად პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელია და ბომბარდირთა დავას ხომ უკვე ჩაუდგა სათავეში.

B ჯგუფში საინტერესო მატჩი შედგა - მექსიკა იტალიას დაუპირისპირდა. შეხვედრამაც მოლოდინი გაამართლა და კარგი სანახავი გამოდგა. „აძურინიმ“ სწრაფადავე ფრატეზის შორეული და მოხდენილი გოლით მოახერხა დაწინაურება, მაგრამ აცტეკებმა ტაიმის მიწურულს იტალიელთა მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით გათანაბრება მოახერხეს - დე ლა როზამ ცარიელ კარში ადვილად გაიტანა. იტალია უპირატესობას ფლობდა და გამარჯვება მაინც მოახერხა. 67-ე წუთზე მცველი ლუკა რანიერი ფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა და თავისი გუნდი არ დააღალატა. მეორე მატჩი კი იაპონიასა და ეკვადორს შორის შედგა. გუნდებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაცვალეს და შესაბამისად, ქულებიც გაიყვეს.

C ჯგუფში ადვილი გასეირნება ახალი ზელანდიის 20-წლამდე ნაკრებს, რომელმაც ჰონდურასი ძალიან მარტივად დაამარცხა და მეტიც, გააცამტვერა - 5:0. ამავე ჯგუფში ნორვეგიამ უფრო მედგარი წინააღდმდეგობა გაუწია ურუგვაის, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერაფერს გახდა და „სელესტემ“ ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო - 3:1.

D ჯგუფში უკრაინის ნაკრებმა აშშ დაამარცხა და ამაში წვლილი გიორგი წიტაიშვილმაც დაიდო. დიახ, ქართველი ფეხბურთელი უკრაინელთა ღირსებას იცავს და ცებულას დიდებული საგოლე პასიც გაუკეთა. უკრაინამ კი აშშ 2:1 დაამარცხა და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ჯგუფის მეორე მატჩში ნიგერიამ ყატარი უპრობლემოდ დაამარცხა.

E ჯგუფში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა საფრანგეთის ნაკრებმა, რომელსაც მეტოქე ნამდვილად არ ჰყავდა საპირწონე - საუდის არაბეთი. „სამფეროვნებმა“ დიპლომატია გამოიჩინეს და მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი აკმარეს. იქვე, მალი პანამას დიდი ხანი უგებდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე გაუშვა და გუნდებმა აქტივს თითო ქულა შემატეს.

და ბოლოს, F ჯგუფი, რომელსაც ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს - პორტუგალია და არგენტინა. ლუზიტანელებმა ტრინკაოს დასაწყისშივე გატანილი გოლით სამხრეთ კორეას აჯობეს, ხოლო არგენტინამ სამხრეთ აფრიკას არ მისცა არაფრის უფლება. აფრიკელებმა სამხრეთ ამერიკელებს სათანადო წინააღმდეგობა ოდენ პირველ ტაიმში გაუწიეს, მაგრამ მეორე ნახევარში არგენტინამ ეზეკიელ ბარკოს ლიდერობით ადვილ გამარჯვებას მიაღწია.

ცნობისთვის, გეტყვით, რომ მერვედფინალში თითოეული ჯგუფიდნა პირველ-მეორე ადგილოსნები ავტომატურად გავლენ, ხოლო ხსენებულ 12 გუნდს ექვსი მესამე ადგილოსანიდან საუკეთესო ოთხიც დაემატება და ჯამში 16 ნაკრები პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ მსოფლიოს ჩემპიონობისკენ სვლას.

ჯგუფური ტურნირის მეორე ტური კი, უკვე დღეს აიღებს სტარტს.

A ჯგუფი

ტაიტი - სენეგალი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 სანია (1), 0:2 სანია (29), 0:2 სანია (50)

პოლონეთი - კოლუმბია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ანგულო (23), 0:2 სანდოვალი (90)

B ჯგუფი

მექსიკა - იტალია 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ფრატეზი (3), 1:1 დე ლა როზა (37), 1:2 რანიერი (67)

იაპონია - ეკვადორი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ტაგავა (45, ა.გ), 1:1 იამადა (68)

C ჯგუფი

ჰონდურასი - ახალი ზელანდია 0:5 (0:3)

გოლები: 0:1 დიეგო (8, ა.გ), 0:2 ვაინი (17), 0:3 ვაინი (27), 0:4 სინგი (51), 0:5 ქონროი (90)

ურუგვაი - ნორვეგია 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ნუნიესი (21), 2:0 გინელა (29), 2:1 დალე (47), 3:1 როდრიგესი (87)

D ჯგუფი

ყატარი - ნიგერია 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ეფიომი(12), 0:2 ოფია (24), 0:3 დელე-ბაშირუ (68), 0:4 სალავუდენი (74)

უკრაინა - აშშ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ბულეცა (26), 1:1 სერვანია (32), 2:1 პოპოვი (51)

E ჯგუფი

საფრანგეთი - საუდის არაბეთი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ფოფანა (43), 2:0 გუირი (75)

პანამა - მალი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კონტე (39), 1:1 ვალანტა (87)

F ჯგუფი

არგენტინა - სამხრეთ აფრიკა 5:2 (1:1)

გოლები: 1:0 ვერა (4), 1:1 ფილიპსი (23), 2:1 ბარკო (63), 3:1 ბარკო (71), 4:1 ალავარესი (78), 4:2 ფოსტერი (85, პენ), 5:1 გაიჩი (90)

პორტუგალია - სამხ. კორეა 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ტრინკაო (7)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117633