ფეხბურთი

16:56 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შევიდა, გაიტანა, გავიდა (+VIDEO)

ჩინეთის სუპერლიგის მეათე ტურში „დალიან იფანგმა“ „შენზენი“ თავისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა. ბუნებრივია, ამ ამბავში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ერთმა გარემოებამ ყურადღება მაინც მიიპყრო.

„შენზენი“ 77-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ იანიკ ფერეირა-კარასკომ პენალტით გათანაბრება მოახერხა და შეხვედრაც თითქოს ასე უნდა დასრულებულიყო.

90-ე წუთზე „დალიანის“ მთავარმა მწვრთნელმა თამაშში 19 წლის ფეხბურთელი ჰი იუპენგი ჩართო, რომელსაც მატჩის გმირის წოდების მოსაპოვებლად წამები დასჭირდა - პირველივე შეხებით გამარჯვების გოლი გაიტანა.

საინტერესოა, რომ იუპენგი ამპლუით მცველია და გოლის ეპიზოდში ცენტრფორვარდის პოზიციაზე იმყოფებოდა. ყველაზე ხაზგასასმელი კი ისაა, რომ ფეხბურთელი, რომელიც თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო, ამავე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, 92-ე წუთზე შეცვალეს. „დალიან იფანგის“ სამხრეთ კორეელმა თავკაცმა ჩოი კან-ჰიმ ჩათვალა, რომ მისმა შეგირდმა ორ წუთში ყველაფრის გაკეთება მოასწრო და ვერც ვერავინ შეედავება...

აქვე გეტყვით, რომ იუპენგისთვის სუპერლიგაში სადებიუტო გოლი იყო, ხოლო „დალიანი“, რომლის ღირსებას მარეკ ჰამშიკი და აწ ნახსენები ფერეირა-კარასკო იცავენ, 10 ტურის მერე 10 ქულით ოდენ მე-11 ადგილზეა.

0.129999