ფეხბურთი

10:28 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რა გვეზეიმება?

თბილისის “დინამოს“ მიერ თასების თასის მოპოვებიდან უკვე 38 წელი გავიდა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსები და საფეხბურთო საზოგადოება კვლავ ძველებურად აღნიშნავს 13 მაისს. როდესაც ადამიანებს ეზეიმებათ, დაე იზემონ და თუნდაც საღამოდან გათენებამდე მოულოცონ ერთურთს 38 წლის წინანდელი წარმატება, მაგრამ ამ ამბავს შორიდან და განსაკუთრებით უცხოელის თვალით რომ შევხედოთ, დავინახავთ ერთ ბეჩავ, წარუმატებელ ქვეყანას, რომელსაც დიდი ხანია ფეხბურთში ღირებულის არაფრისათვის მიუღწევია და ერთადერთ ნუგეშად წარსულთან ლაციციღა დარჩენია.

განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს პოლიტიკოსების მხრიდან 13 მაისით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობები (რამდენად მომგებიანია მათი მცდელობები -ეს სხვა ამბავია). რაც თავი მახსოვს, ყოველ წელს ერთიდაიგივე სურათის მომსწრენი ვხვდებით. განსაკუთრებით კი თუკი ამ თარიღს მოახლოვებული არჩევნებიც დაემთხვევა. არის ერთი გნიასი, ვეტერანი ფეხბურთელების ჩაკოცვნა, ყალბი პათეტიკური სიტყვების კორიანტელი და იმის ქადილი, რომ სულ მალე კიდევ გვეღირსება დიდი ევროპული გამარჯვებები.

ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები რომ პატივისცემას და დაფასებას იმსახურებენ, ეს რიგითმა ქომაგებმა ყველაზე კარგად იციან და სანამ საქართველოში ფეხბურთი თუნდაც ერთ კაცს ეყვარება, არასოდეს დავრჩებით გულგრილი ამ ადამიანებთან შეხვედრებისას. ისიც ცხადია, რომ ვეტერანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა აუცილებელია. ეს ყველაფერი მუდმივად, ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს და ამას ნამდვილად არ ჭირდება ყოველ 13 მაისს ერთიდაიგივე ყოვლად ყალბი და უკვე მომაბეზრებელი სიტყვების ბრახა-ბრუხი.

თბილისის “დინამო“ მიუხედავად ბოლო წლების წარუმატებლობებისა, ქართული ფეხბურთისათვის ყოველთვის ფლანგმანი იყო და ასეც იქნება. ეს კლუბი ათწლეულების მანძილზე ფაქტობრივად საქართველოს არაფორმალურ ნაკრებს წარმოადგენდა და მისი სიყვარული არამხოლოდ თბილისელი გულშემატკივრებისათვის ერთგვარ ტრადიციად იქცა. მაგრამ ერთია სიყვარული და მეორეა ის მწარე რეალობა, რასაც დღეს “დინამო“ და სხვა ქართული კლუბები გვთავაზობენ.

სხვისი არ ვიცი და მე უკვე წლებია ძალიან მაშინებს ყოველი აგვისტოს მოახლოვება რადგან ვიცი, რომ ქართული კლუბები ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპში უნდა ჩაებან. არავის გვავიწყდება ის სირცხვილი და გულისტკივილი, რასაც ჩვენი კლუბები ლამის ყოველ წელს გავგრძნობინებენ. ამას მთელი მსოფლიო ხედავს და უკვე ყველამ იცის, რომ არამხოლოდ ევროპის დიდ საფეხბურთო ქვეყნებთან, არამედ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გუნდებთანაც კი დამარცხება ჩვეულებრივ ამბად გვექცა.

ასეთ ვითარებაში კი ყოველ 13 მაისს 38 წლის წინ აწგაუქმებულ ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების პომპეზურად აღნიშვნები განა ღიმილისმომგვრელი არაა? განა ჩვენი ქომაგებისა დაიგივე უცხოელების (რომლებიც დღეს პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გვიგებენ) თვალში უხერხული არაა ეს პომპეზურობა და ყალბი გრანდიოზულობა? ნეტა რა გვეზეიმება?

0.108834