ჩოგბურთი

20:45 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა ციციპასს რევანში აუღო (+VIDEO)

რომის მასტერსის ნახევარფინალში რაფაელ ნადალმა სტეფანოს ციციპასი 6:3, 6:4 დაამარცხა. ესპანელმა ბერძენს ერთი კვირის წინ მადრიდის მასტერსის ნახევარფინალში განცდილი მარცხის გამო რევანში აუღო და ხვალ შეეცდება 34-ე მასტერსის ტურნირი მოიგოს.

ნადალმა მიმდინარე ტურნირზე ოთხი მატჩი ჩაატარა და ჯამში 48 გეიმი მოიგო და მხოლოდ 13 დათმო. ციციპასმა კი მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა, რადგან მეოთხედფინალი ბერძენმა უბრძოლველად გაიარა - როჯერ ფედერერმა ფეხის ტრავმის გამო ტურნირი დატოვა.

ნადალი მასტერსების ნახევარფინალებში 71-ედ გავიდა, რომში კი ესპანელმა ნახევარფინალური დაპირისპირება 11 ცდიდან ყველა მოიგო. ასევე, რაფას იტალიის დედაქალაქში გამართულ ფინალებში 8 მოგება და 2 მარცხი აქვს. ნადალი დიეგო შვარცმანის და ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებულს შეხვდება, რომელთა მატჩიც თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

Loading...
0.149825