ფეხბურთი

3:35 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისური სეზონი

29 მაისი და 1-ლი ივნისი. „ჩელსი“ – „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ – „არსენალი“. არცერთ ქვეყანას აქამდე ევროტურნირის ორ ფინალში ოთხი წარმომადგენელი არ ჰყოლია. ინგლისი პირველია, რომელმაც უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

ესპანური ფეხბურთის, კერძოდ, „რეალის“, „ბარსელონას“, „სევილიასა“ და „ატლეტიკოს“ დომინაციის შემდეგ, რომლებმაც ბოლო 5 წელიწადში 10 შესაძლო ტიტულიდან 9 მოიგეს, ესტაფეტა ნისლიანმა ალბიონმა გადაიბარა.

29 მაისს, ბაქოდან ევროპა ლიგის თასი, ხოლო 1-ელ ივნისს, მადრიდიდან ჩემპიონთა ლიგის თასი ნამდვილად ინგლისში გაემგზავრება. და, ეს ყველაფერი ერთი წლის თავზე მას შემდეგ, რაც გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი ფეხბურთი აჩვენა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

აქამდე, ევროსარბიელზე ორჯერ ყოფილა ინგლისური ფინალი, ახლა ორი ფინალი სამდღიან ინტერვალში იქნება. მანამდე კი, 1972 წელს უეფას თასის ფინალში „ტოტენჰემმა“ „ვულვზი“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა (2:1, 1:1), ხოლო 2008 წელს სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერმა“ „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი პენალტების სერიაში მოუგო.

პირველად...

ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე და „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ბევრი რამ მოხდება პირველად. მაგალითისთვის, „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად ითამაშებს. „ჩელსის“ თავკაცისთვის, მაურიციო სარისთვის პირველი ევროპული ფინალი იქნება. ევროპა ლიგის ფინალში პირველად გაიმართება დერბი (ლონდონური). აქამდე, ჩემპიონთა ლიგაზე, ფინალში დერბი ორჯერ შედგა და ორჯერვე მადრიდული („რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის 2014 და 2016 წლებში), მაგრამ ევროპა ლიგისთვის ეს ახალი ხილი იქნება. „მეთოფეების“ გამარჯვების შემთხვევაში, უნაი ემერი გახდება პირველი მწვრთნელი, ვისაც ევროპა ლიგა ოთხჯერ ექნება მოგებული. ახლა ესპანელს სამი ტიტული აქვს და ლეგენდარულ ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად ინაწილებს მოწინავე პოზიციას (იტალიელმა „იუვენტუსს“ ორჯერ მოაგებინა 1977 და 1993 წლებში, ხოლო ერთხელ „ინტერს“ 1991 წელს). ცნობისთვის, ემერიმ სამივე ტიტული „სევილიაში“ მოიგო და თანაც მიყოლებით (2014, 2015, 2016 წლებში).

და კიდევ, პირველად 2013 წლის შემდეგ, როდესაც „უემბლიზე“ გერმანული ფინალი შედგა („ბაიერნი“ – „დორტმუნდი“), ჩემპიონთა ლიგის ფინალი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის გარეშე ჩაივლის.

სეზონის ბოლო აკორდში კი, ფეხბურთის და მეტწილად, ინგლისური ფეხბურთის ქომაგებს, მოსაწყენად საქმე ნამდვილად არ ექნებათ...

სტატისტიკა
0.481327