ფეხბურთი

2:20 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელები მეფობენ!
ორი ფინალი და ოთხი ინგლისური გუნდი

ინგლისური საკლუბო ფეხბურთის სრული ბატონობა. ჩემპიონთა ლიგის ფინალის დარად, ევროპა ლიგის ფინალიც ინგლისური იქნება. უფრო მეტიც, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში ლონდონური დერბი შედგება.

29 მაისს, ბაქოში, "ჩელსი" "არსენალს" დაუპირისპირდება და ტიტულისთვის შეერკინება. "მეთოფეებმა" ლონდონში, "ვალენსიასთან" მოპოვებული კომფორტული (3:1) უპირატესობა შეირგეს და მეტოქე "მესტალიაზეც" არ დაინდეს. დიდებული საღამო ჰქონდა პიერ-ემერიკ ობამეიანგს, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. საერთოდაც, "არსენალმა" ნახევარფინალის ორ მატჩში "ღამურებს" 7 გოლი გაუტანა და ეს ორ ფეხბურთელზე გადანაწილდა: ობამეიანგი ოთხი, ლაკაზეტი - სამი.

"არსენალი" ევროტურნირის ფინალში 13-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა. 2006 წელს, "მეთოფეებმა" პარიზში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ბარსელონასთან" დრამატულ ბრძოლაში წააგეს (1:2). იქამდე კი, 2000 წელს, კოპენჰაგენში, უეფას თასის ფინალში (დღევანდელი ევროპა ლიგა) სტამბულის "გალათასარაისთან" პენალტების სერიაში იწვნიეს მარცხი - 1:4 (120 წუთი მაშინ უგოლოდ დასრულდა). მოკლედ, "არსენალს" ევროტურნირის მოგება ძალიან სწყურია, თანაც, ეს ალბათ ბოლო შანსია, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მიიღოს, რადგან პრემიერლიგაში ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება და თუ ევროპა ლიგას მოიგებს, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგასაც დაუბრუნდება. ისე, "მეთოფეების" ბანაკში ოპტიმისტურად უნდა იყვნენ განწყობილნი, უნაი ემერის ხომ ევროპა ლიგაზე ბადალი არ ჰყავს და 2014, 2015, 2016 წლებში, ზედიზედ სამჯერ ეს ტურნირი მოგებული აქვს...

რაც შეეხება "ჩელსის" - "არისტოკრატებს" "აინტრახტის" წინააღმდეგ გაცილებით მძიმე ბრძოლა გადახდათ თავს. ერთი კვირის წინ, ფრანკფურტში 1:1 დაფიქსირდა და "სტემფორდ ბრიჯზეც" იგივე გამეორდა. ლოფტუს-ჩეკს იოვიჩმა უპასუხა და 120 წუთიც ასე დასრულდა. თერთმეტრიანების სერია გერმანელებისთვის კარგად დაიწყო. საწყისი სამი დარტყმის შემდეგ ყველა გაიტანეს, ხოლო კევინ ტრაპმა სესარ ასპილიკუეტას აჯობა და "აინტრახტი" ფინალს მიუახლოვდა. მაგრამ მატჩის გმირი ლონდონელთა ესპანელი მეკარე კეპა არიზაბალაგა გამოდგა, რომელმაც მარტინ ჰინტერეგერისა და გონსალო პასიენსიას ბოლო ორი პენალტი აუღო, რაც თანაგუნდელებმაც დაუფასეს (დავიდე ძაპაკოსტამ და ედენ აზარმა გაიტანეს) და "ჩელსი" ფინალში გავიდა.

"არისტოკრატებს" "არსენალისგან" განსხვავებით ბოლო ორი ევროპული ფინალი მოგებული აქვთ. 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის მიუნხენში "ბაიერნთან" პენალტების სერიაში და 2013 წელს სწორედ ევროპა ლიგაზე ლისაბონის "ბენფიკას" წინააღმდეგ ამსტერდამში მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე ბრანისლავ ივანოვიჩის გოლით (2:1). თუ "არსენალისთვის" ბაქოს ფინალს ორმაგი დატვირთვა აქვს, სატიტულე და სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზურიც იდება, "ჩელსისთვის" მხოლოდ ერთი - ტიტულის მოგების მოტივაცია, რადგან მაურიციო სარის გუნდმა პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაიფორმა.

ჰო, სარი ვახსენეთ და ბარემ ვთქვათ, რომ 1999 წლის შემდეგ პირველად, როდესაც ალბერტო მალეზანი "პარმას" თავკაცი იყო, ევროპა ლიგის ფინალში (უეფას თასის) იტალიელის გაწვრთნილი გუნდი ითამაშებს.

და ბოლოს, რაც მთავარია, ფეხბურთის ისტორია დაიწერა: ისტორიაში პირველად, ერთ სეზონში, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპა ლიგაზე ფინალში მხოლოდ ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ითამაშებენ! ოთხიდან სამი გუნდი კი, საერთოდაც ერთ ქალაქს, ლონდონს წარმოადგენს. იქით "ლივერპული" - "ტოტენჰემი" 1-ელ ივნისს, მადრიდში. აქით "არსენალი" - "ჩელსი" 29 მაისს, ბაქოში. ვინ იქნებიან გამარჯვებულები, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ახლა დაუშვებელია, მაგრამ ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის სუპერთასიც ინგლისური იქნება. ეს 14 აგვისტოს, სტამბულში, "ვოდაფონ არენაზე".

0.112893