ფეხბურთი

2:25 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაყოფიერი 9 წუთი: თამაშში ჩართვა, გოლი და გაძევება

გერმანიის ბუნდესლიგის XXXII ტურში „ბაიერნმა“ „ჰანოვერი“, რომ დაამარცხა (3:1) და ჩემპიონობას ერთი ნაბიჯიღა აშორებს, ამაში დიდად გასაკვირი არაფერია. თუმცა, ჰანოვერელთა ფორვარდი ჟონათასი კი მოექცა ყურადღების ცენტრში.

საქმე ისაა, რომ 30 წლის ფეხბურთელი თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო და მინდორზე სულ რაღაც 9 წუთი გაატარა. არც ტრავმა მიუღია და არც მწვრთნელი დარჩენილა მისი თამაშით უკმაყოფილო, მეტიც, ხსენებულ მოკლე მონაკვეთში ბევრი რამის გაკეთებაც მოასწრო.

ჟონათასმა 51-ე წუთზე პენალტი გაიტანა და ანგარიშის სხვაობა შეამცირა (2:1), ხოლო მერე უხეშობას მიჰყო ხელი. ჯერ, 52-ე, მერე 55-ე წუთზე მთავარ არბიტრ კრისტიან დინგერტს ორჯერ დასტყუა ყვითელი ბარათი და გასახდელის გზას გაუდგა.

ვერაფერს იტყვი, თამაშში ჩართვა, გოლი, ორი ყვითელი ბარათი, შესაბამისად გაძევება, 9 წუთის კვალობაზე არც ისე მარტივად მოსახერხებელი მონაგარია...

0.115314