ფეხბურთი

0:56 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტის“ შეცდომის მოლოდინში

„ლივერპულმა“ უმოტივაციო „ჰადერსფილდი“ 5:0 გაანადგურა და კვლავ პირველ ადგილზე დადგა. მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ კვირას „სიტიც“ იმავეს გააკეთებს „ბარნლისთან“ და ისევ გალიდერდება.

რაც შეეხება თამაშს, აქ სერიოზულად საუბარი ზედმეტია. „ლივერპული“ ორი თავით სჯობდა პრემიერლიგიდან უკვე გავარდნილ მეტოქეს და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, იმდენს გაუტანდა, რამდენსაც მოისურვებდა.

ანგარიში მასპინძლება უკვე მე-15 წამზე (!) გახსნეს. თავი ნაბი კეიტამ გამოიჩინა. გვინეელის გოლი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა „ლივერპულის“ პრემიერლიგურ ისტორიაში. მერე მანემ თავით მეორე შეაგდო, რობერტსონის იდეალური პასის კვალად. „წითლები“ მცირე ხანს გაჩერდნენ და ტაიმის ბოლოსკენ ისევ აფეთქდნენ, სალაჰმა მოხდენილად გადაუგდო ბურთი თავზე მეკარე ლოსლს.

მეორე ტაიმში მანემ და სალაჰმა თითოც გაიტანეს და ანგარიში მთლად გამანადგურებელი გახადეს. სენეგალელს ჰეთ თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი მორიგი თავური ძელს მოხვდა.

შედეგად, სალაჰს მიმდინარე პრემიერლიგაში 21 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. მას 20 გოლით სადიო მანე მიჰყვება.

კიდევ ერთი. 73-ე წუთზე სტარიჯის ნაცვლად მინდორზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი გამოჩნდა. მუხლის ტრავმის გამო მას ზუსტად წელიწადი და ორი დღე არ ეთამაშა.

„ენფილდმა“ ფრიად გაიხარა, მაგრამ სიხარული მაშინ ნახეთ, „სიტიმ“ „ბარნლისთან“ შემთხვევით რომ დაკარგოს ქულები.

ინგლისი

პრემიერლიგა. 36-ე ტური. 26 აპრილი

ლივერპული - ჰადერსფილდი 5:0

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 249

1:0 კეიტა (1), 2:0 მანე (23), 3:0 სალაჰი (45+1), 4:0 მანე (66), 5:0 სალაჰი (83)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი (გომესი 88), ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვეინალდუმი (შაჩირი 73), ჰენდერსონი, კეიტა, მანე, სალაჰი, სტარიჯი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 73)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ჰადერსფილდი: ლოსლი, დურმი (პრიტჩარდი 81), შინდლერი, კონგოლო, სმიტი, სტანკოვიჩი, ჰოგი, მბენზა (კაჩუნგა 87), ბაკუნა, გრანტი, მუნიე (ლიოვე 65)

მწვრთნელი: იან სევერტი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება არ ყოფილა

Loading...
სტატისტიკა
0.350962