ფეხბურთი

20:27 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო წუთების დრამა კრისტაბლეთ ეროვნულ ლიგაში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი საჩხერის „ჩიხურასა“ და „დინამო თბილისს“ შორის გაიმართა და მოლოდინი გაამართლა.

დრამატული მატჩი, რომლის ბედი მსაჯის მეექვსე კომპენსირებულ წუთზე გადაწყდა. იქამდე კი, ბევრი რამ მოხდა, თუმცა პირველი ტაიმი უგოლო გამოდგა. აი, მეორე ნახევარში მოსაწყენად არავის ეცალა. ჯერ იყო და კორიფაძის კუთხურს შემდეგ კამლაძემ საჯარიმოში ყველას აჯობა და „ჩიხურა“ დაწინაურდა.

სოსო ფრუიძის გუნდი სასურველ შედეგს იქამდე ინარჩუნებდა, სანამ ლევან კუტალიამ ჯერ ჯარიმა არ მოიპოვა და ეს სტანდარტი გოლით თავად დაასრულა. ლევან შენგელიამ საჯარიმოში ყველას დაასწრო, გადაცემა გააკეთა და კუტალიამ ერთი შეხებით მოახერხა გათანაბრება. მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა და ყველაზე საინტერესოდ მოვლენები სწორედ მოკლე მონაკვეთში განვითარდა. შენგელიამ იაქტიურა, დინო ჰამზიჩმა აჯობა, ხოლო დამატებაზე კუტალიამ ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, სტუმართა შეტევა გაგრძელა და მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს, გუჯა რუხაია შესანიშნავი თავურით გამოეხმაურა - 1:2.

ეს თითქოს „დინამოს“ გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ ასე არ იყო. ბოლო წუთზე, საჯარიმოში ნოდარ იაშვილმა „ჩიხურას“ შემტევი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად კორიფაძემ აქცია და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„დინამომ“ 17 ქულა დააგროვა და ეს ერთი ქულა მისთვის დიდი ვერაფერი ნუგეში უნდა იყოს, ხოლო „ჩიხურამ“ ზედიზედ მეცხრე წაუგებელი თამაში ჩაატარა და ბუნებრივია, წარმატებული სერიის გაგრძელებით კმაყოფილიც უნდა იყოს.

„ჩიხურა“ – „დინამო თბილისი“ 2:2 (0:0)

გოლები: 1:0 კამლაძე (56), 1:1 კუტალია (80), 1:2 რუხაია (90), 2:2 კორიფაძე (90, პენ)

სტატისტიკა
0.238573