ფეხბურთი

20:33 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი, გოლი "მადონინაში", "მილანის" წარმატების საიდუმლო - კახა კალაძის ინტერვიუ
"ყველაზე კარგად "ინტერთან" გოლი მაგონდება, ისტორიაში შევედი"

თბილისის მერმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ იტალიურ გამოცემა Avvenire-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც იტალიაში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

საუბარი დღევანდელი ვითარებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ მთლიანად „მილანში“ გატარებული პერიოდი მოიცვა. კალაძემ მაშინდელი „როსონერის“ წარმატების მთავარი იარაღი დაასახელა და ასევე ისაუბრა იმ ფეხბურთელების შესახებაც, რომელთაც წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად უჭირდა.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- ძალიან დატვირთული. დილით ძალიან ადრე იწყება და გვიან ღამით მთავრდება. დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, მე მინდა და უნდა გამოვეხმაურო საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობის საჭიროებებს.

- რა უფრო რთულია სპორტსმენობა თუ პოლიტიკოსობა?

- პოლიტიკაში არასდროს არ უნდა დამარცხდე: გადაწყვეტილებები გავლენას ხალხზე ახდენს. ფეხბურთში კი შეიძლება შენი გუნდი დამარცხდეს ან ფრე ითამაშოს.

- ბერლუსკონისთან ისევ საუბრობთ?

- ბოლოს ეს მოხდა მაშინ, როდესაც არჩევნებში გავიმარჯვე და მომილოცა.

- პოლიტიკაში მისი მოდელით ხართ?

- ძნელია პარალელი. საქართველო და იტალია სრულიად განსხვავდებიან. ჩვენ ბევრ რამეში უკან ვართ, მაგრამ განვითარებაზე ვმუშაობთ. ცოტა ხნის წინ ჩვენ რუსეთთან ომი გვქონდა და ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ ისევაა ოკუპირებული.

- რას ნიშნავს თქვენთვის იტალია და მილანი?

- დღეს რასაც წარმოვადგენ ეს თქვენი ქვეყნისა და „მილანის“ დამსახურებაა. ის გამარჯვების მენტალიტეტი, რომელიც „როსონერიში“ გვქონდა, მინდა პოლიტიკაში გამოვიყენო, ეს ფუნდამენტურია.

- „როსონერის“ როგორ უყურებთ?

- ეს არის გუნდი, რომელსაც დიდი განვითარება შეუძლია. გატუზო თავის სამუშაოს კარგად ასრულებს, მომწონს როგორც მუშაობს და ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ, იტალიის თასს მოიგებენ. იმედია, მომავალ სეზონშიც „მილანის“ მთავარი მწვრთნელი იქნება.

- თქვენ მეგობარ რინოსთან ათასი ისტორია გაკავშირებთ...

- ერთი თითოეული ვარჯიშიდან. ყოველდღე ხუმრობები. პირლო გარეგნულად მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ შიგნიდან ასეთი არ იყო. ორივე დიდი ფეხბურთელი იყო, მეგობრები და განსაკუთრებით, ადამიანები. მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობდა...

- რომელი?

- ბრაზილიელების ჩაცმულობის ყურება შეუძლებელი იყო, ან ფილიპო ინძაგის. ჯერ კიდევ მახსოვს მისი ტყავის ქურთული, ღმერთო ჩემო...

- მალდინი ყოველთვის იყო სიმბოლო, ისევე, როგორც ჩემპიონი...

- პაოლო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. ახლა სწორ ადგილას მუშაობას და ვუსურვებ, რომ ტოპ გუნდი აეშენებინოს.

- პიონტეკი შევჩენკოს ჰგავს?

- მე ვფიქრობ, არა. პოლონელი კარგად თამაშობს, მაგრამ შევასთან პარალელისთვის ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რადგან უკრაინელი ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, რომელთანაც მითამაშია.

- სხვებიც არიან?

- არსებობს რამდენიმე: მალდინი, ნესტა, რივალდო, ინძაგი, რუი კოშტა, რონალდინიო.

- ვის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?

- იბრა, ვიერი და რონალდო (ფენომენი).

- „მილანის“ მაისურით ყველაზე კარგად რა გაგონდებათ?

- მანჩესტერში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი, რადგან იმ სიხარულის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ისევე, როგორც მეორედ ჩემპიონთა ლიგის მოგება. პერსონალურად კი, დერბიში გატანილი გოლი, რომლითაც მატჩი მოვიგეთ. დიდი სიხარული იყო საკონტინტენთაშორისო თასისა და სკუდეტოს მოგებაც. ჩვენი ქომაგები ჩვენით ნამდვილად ამაყობდნენ. დასანანი მხოლოდ „ლივერპულთან“ სტამბულში წაგებული ფინალია.

- რა იყო თქვენი საიდუმლო? „იუვენტუსი“ დღეს ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს. თქვენს დროს ალბათ უფრო მეტი ძლიერი გუნდი იყო და მეტი იბრძოდა მაღალი მიზნებისთვის. თუმცა, თქვენ ხშირად იყავით მწვერვალზე...

- გამოვარჩევდი ნიჭსა და ხასიათს, რომელიც ჩემს „მილანს“ ჰქონდა. შეიძლებოდა ნაკლებად ძლიერ გუნდთან დავმარცხებულიყავით, მაგრამ ყველა გადამწყვეტ თამაშს ვიგებდით, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი იყო.

- თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი?

- „ინტერს“ გავუტანე და ისტორიაში შევედი. „ნერაძური“ ჩვენი მთავარი მეტოქე იყო „იუვესთან“ შედარებით. განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა.

- როგორ დავასრულოთ ინტერვიუ?

- ყოველთვის ფორცა „მილან“!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101475