სხვა

17:07 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე მეცხრედ იასპარეზებს!
“მიხარია, რომ ქართველი ლიცენზიანტების სია ისევ მე გავხსენი”

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ პირველივე ჯერზე მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძალებს ზედიზედ მე-9 (!) ოლიმპიადაზე მოსინჯავს. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოსთვის ეს ტოკიოს თამაშების პირველი ლიცენზიაა.

ჩვენი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ეს დღეს პეკინში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე შეძლო, სადაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 578 ქულით ფინალშიც შევიდა, იქ კი 176.9 ქულით საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და საგზურიც მიიღო, რადგან მის წინ მდგომთაგან ოთხივეს – ბერძენ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონ ანა კორაკაკის, რუს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას, უნგრელ ვერონიკა მაიორის და კორეელ მინჯუნ კიმის უკვე ჰქონდათ საგზურები (თავად ტურნირი კორეელმა მოიგო 154.0 ქულით). ქალთა ტურნირში ჩვენი მეორე მონაწილე ლიზი კილაძე 563 ქულით მე-60 ადგილზე გავიდა.
ლეგენდარული ქართველი მსროლელისთვის, პირად პირველობაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონისთვის, ეს, მეცხრე ოლიმპიადაა, ამ მაჩვენებლით კი ის გაუთანაბრდა ლატვიელ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს, ევროპის ორგზის გამარჯვებულ აფანას კუზმინსს. აქამდე, სროლის სახეობებში მსოფლიოს მასშტაბით, ქალებშიც და ვაჟებშიც ოლიმპიადებში მონაწილეობის რეკორდი მას ეკუთვნოდა.
ახლა ლატვიელის მიღწევა სალუქვაძემ გაიმეორა. აქვე გეტყვით, რომ ისინი 1988 წელს სეულში ერთად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, თუმცა კუზმინსი ლონდონის ოლიმპიადაზე საგზური “ველური ბარათით” გაემგზავრა, სალუქვაძემ კი 9-ვე შემთხვევაში საგზური თავისით მოიპოვა. ოღონდ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ლატვიელს 1984 წელს ლოს ანჟელესის ოლიმპიადა გამოატოვებინეს მაშინდელი პოლიტიკური მიზეზების გამო: მოგეხსენებათ, იმ თამაშებს ყოფილმა სოცბანაკის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.
რაც შეეხება სრულიად ოლიმპიზმის ისტორიას, აქ რეკორდი 10 თამაშებია.
ცოტა წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნის პეკინში ჭირს ინტერნეტი და ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ ეს ფაქტია. თუმცა, დღეს მაინც მოვახერხეთ ნინო სალუქვაძესთან დაკავშირება და კომენტარის ჩაწერა. ემოციებისგან დაცლილი ოლიმპიური ჩემპიონი თანაგუნდელებთან და სხვა მსროლელებთან ერთად სასროლეთიდან სასტუმროში ბრუნდებოდა.
ნინო სალუქვაძე: “ლიცენზიის მიღება ძნელი იყო, რადგან მისი მოპოვების წესს ყოველ ოლიმპიურ ციკლში ართულებენ. საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი შედეგი (578 ქულა) კი ვაჩვენე, მაგრამ ფინალში მოხვედრა მაინც სათუო იყო, რადგან შედეგებმა მოიმატა. 578 ქულის დაგროვება ვაჟებსაც კი უჭირთ, მე კი მერვე ადგილით შევედი ფინალში. დარწმუნებული კი ვიყავი, იქ მოვხვდებოდი, მაგრამ მეოთხე-მეხუთე ადგილს ველოდი და არა მერვეს.
ისე ვიცოდით, რომ ფინალში სამს ჰქონდა ლიცენზია და ვფიქრობდი, რომ მეხუთე ადგილზე ნაკლები შედეგი არ მეჩვენებინა. თუმცა შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოყოლებული, თურმე ოთხს ჰქონია საგზური მოპოვებული.
ფინალში გამოსვლა თავიდან ცუდად დავიწყე, მაგრამ ნელ-ნელა ამოვქაჩე და საბოლოოდ, თითქოს ჩემსა და მონღოლ ანუდარი ცოლმონბაატარს შორის უნდა გადაწყვეტილიყო საგზურის ბედი. ბოლოში ორი 10-იანი გავაკეთე და მონღოლი კი გამოვაგდე, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ საგზური მანაც მოიპოვა.
ძალიან დაღლილი და გამოფიტული ვარ. იქნებ ბევრს ჰგონია, სალუქვაძე მაინც აიღებს ლიცენზიასო, მაგრამ არაა საქმე ასე ადვილად, მისი მოპოვება ძალიან რთულია. მგონი, ყველა მე მქომაგობდა მეცხრე ოლიმპიადის გამო, თუმცა მაშინ რეკორდზე არ ვფიქრობდი. კარგია, რომ ეს გამომივიდა და ერთი ლიცენზია გვაქვს. საქართველოში ლიცენზიანტების სია ისევ მე გავხსენი”.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132912