კალათბურთი

14:40 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ზაზა”ბალტიის ლიგის ფინალშია
“ჰიუნდაი” და “იბერი” მე-3 ადგილისთვის ითამაშებენ

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროექტით ბალტიის ლიგაში მონაწილე გუნდებმა წარმატებას მიაღწიეს. ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა გათამაშებაში, რომელშიც 3 ქართული გუნდი მონაწილეობს, ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი ფინალში გავიდა. სულ მცირედი დააკლდა “ჰიუნდაის” იგივე შედეგამდე, რომელმაც ნახევარფინალური მატჩი ბოლო წამებზე დათმო სანკტ-პეტერბურგის “ადმირალთან”, თორემ ბალტიის ლიგაში ქართულ ფინალს მივიღებდით.

თავის მხრივ, “ზაზამ” ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართული გუნდი – “თბილისი ბასკეტ იბერი” დაამარცხა (75:52). ზემოთნახენები 3 ქართული გუნდიდან 2 – “ზაზა” და “თბილისი ბასკეტ იბერი” ბალტიის ლიგაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანადაფინანსებით მონაწილეობს. ახალი პროექტით, იმ გუნდებს, რომლებიც წარმატებით იასპარეზებენ Junior NBA – GBF ლიგაში, ფედერაცია თანადაფინანსებას გაუწევს, რათა საერთაშორისო ტურნირში გაიღრმავონ გამოცდილება და კლასი აიმაღლონ.

გასული წლის Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან ბალტიის ლიგაში ასპარეზობისთვის 50-პროცენტიანი თანადაფინანსება მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა “ბათუმმა” საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაზე უარი განაცხადა, ხოლო ბრინჯაოსმედალოსანმა “თბილისი ბასკეტ იბერიმ” ასევე მიიღო ფედერაციის 50-პროცენტიანი თანადაფინანსება. რაც შეეხება “ჰიუნდაის”, ეს გუნდი შარშანაც თავის სახსრებით მონაწილეობდა ბალტიის ლიგაში და ჩემპიონიც გახდა. ჰიუნდაელებმა Junior NBA – GBF ლიგის გასული წლის გათამაშებაში საპრიზო ადგილები ვერ დაიკავეს, თუმცა მსაკუთარი სახსრებით ისევ გაემგზავრნენ ბალტიისპირეთში.

სამივე ქართულმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში იდენტური შედეგი – 12 მოგება და 3 მარცხი აჩვენა და ფინალურ ეტაპზე მოხვდა. ფინალურ ეტაპს ესტონეთის დედაქალაქი ტარტუ მასპინძლობდა და მასში 16 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. ჯგუფებში გამარჯვებულები ნახევარფინალში გადიოდნენ და სამივე ქართულმა გუნდმა თავიანთ ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასვლა მოახერხეს.

“ზაზამ” ჯგუფში ესტონურ ტტუ-ს 78:42 მოუგო, ფინური “პიკივა” 97:42 გაანადგურა, ხოლო სოკის ესტონურ აკადემიას 69:46 სძლია.

“თბილისი ბასკეტ იბერიმ” ესტონური “კეილა” 76:51 დაამარცხა, “ტარტუს” 56:51 აჯობა, ხოლო ფინურ “მუკის” 60:41 მოუგო.

“ჰიუნდაიმაც” ჯგუფში სამივე თამაში მოიგო: “კალინინგრადთან” 47:44, ფინურ “ჰონკასთან” – 55:47, ხოლო ესტონურ “რაპლასთან” – 55:49.

ნახევარფინალში დღს “ზაზამ” 75:52 დაამარცხა “თბილისი ბასკეტ იბერი”, ხოლო “ჰიუნდაიმ” “ადმირალთან” დასანანი მატჩი წააგო. ჰიუნდაელები ბოლო პერიოდის წინ 10 ქულით იგებდნენ, თუმცა დასკვნითი მეოთხედი 4:16 დათმეს და საბოლოო 36:38 წააგეს.

ფინალური მატჩი ხვალ, 21 აპრილს გაიმართება, რომელშიც “ზაზა” და “ადმირალი” შეხვდებიან”. მესამე ადგილისთვის “იბერი” “ჰიუნდაის” გაეჯიბრება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121105