ფეხბურთი

2:10 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ჩემპიონობას უახლოვდება

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტური ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ კვლავ ლიდერი იქნება. „დორტმუნდი“ თავის შეხვედრას კვირას ჩაატარებს, მაგრამ იქამდე „რეკორდმაისტერმა“ მორიგი სამი ქულა მოიპოვა.

ნიკო კოვაჩის გუნდის მეტოქე ბრემენის „ვერდერი“ იყო, რომელსაც ამ მატჩამდე მოდანი უგოლოდ არ დაეტოვებინა. თუმცა, „ალიანს არენაზე“ „ბრემენელ მუსიკოსებს“ საგოლედ არ სცხელოდათ, მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებით იყვნენ დაკავებულნი. ჩინებულად ირჯებოდა მეკარე პავლენკა, რომელმაც არაერთხელ იხსნა თანაგუნდელები, მაგრამ ვერაფერს გახდა 75-ე წუთზე, როდესაც ნიკლას ზულემ დაარტყა და გაიტანა. გერმანელ მცველს რიკოშეტიც დაეხმარა, რადგან ბურთი გზად სტუმართა ფეხბურთელს მოხვდა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. „ბაიერნმა“ 70 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია „ჰოფენჰაიმის“ წარმოდგენა გელზენრკიხენში, სადაც დაბეჩავებულ „შალკეს“ შავი დღე ელოდა. იულიან ნაგელსმანის გუნდი ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და ამიტომაც, „ველტინს არენაზე“ მეტად მოტივირებული იყო. რასაც ვერ ვიტყვით „შალკეზე“, რომელმაც ეს სეზონი სასწრაფოდ უნდა დაივიწყოს - 2:5.

ჩემპიონთა ლიგის საგზური პრაქტიკულად გაიფორმა „ლაიფციგმა“, რომელსაც დარჩენილ 4 ტურში 3 ქულაც ეყოფა მისიის შესასრულებლად. „რედ ბულმა“ უშუალო კონკურენტი „გლადბახი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა და მეხუთე ადგილტან 11-ქულიან ჰანდიკაპს ფლობს, რაც რა თქმა უნდა, სერიოზული ფორაა.

„შტუტგარტი“ როგორც ჩანს უკვე პლეი-აუტზე ფიქრობს, რადგან „აუგსბურგს“ ესტუმრა და 0:6 განადგურდა. „მაინცმა“ და „დიუსელდროფმა“ კი ერთმანეთში გააგორეს ბურთი და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ორივე გუნდს თავი სამშვიდობოს აქვთ, ამიტომაც, ამ შეხვედრას დიდი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია.

ტური კვირას დარულდება, ჩემპიონობის მაძიებელი „დორტმუნდი“ კი „ფრაიბურგს“ ესტუმრება.

„მაინცი“ – „დიუსელდორფი“ 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 მატეტა (1), 1:1 ლუკებაიკო (19), 2:1 ონისივო (67), 3:1 მატეტა (87)

„ლევერკუზენი“ – „ნიურნბერგი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ალარიო (61), 2:0 ვოლანდი (86)

„აუგსბურგი“ – „შტუტგარტი“ 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 ხედირა (11), 2:0 ჰანი (18), 3:0 მაქსი (29), 4:0 რიჩტერი (53),5:0 მაქსი (58), 6:0 რიჩტერი (68)

„ბაიერნი“ – „ვერდერი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ზულე (75)

„გლადბახი“ – „ლაიფციგი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჰალსტენბერგი (17, პენ), 0:2 ჰალსტენბერგი (53), 1:2 პლეა (61)

„შალკე“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:5 (0:2)

გოლები: 0:1 ბელფოდილი (25), 0:2 კრამარიჩი (45), 1:2 კალიჯური (60, პენ), 1:3 ალაი (65), 1:4 ამირი (73), 1:5 ბელფოდილი (80), 2:5 ბურგშტალერი (90)

თეგებიბუნდესლიგა
0.113295