ფეხბურთი

22:20 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: ეპოქალური "მილანისგან" დამცირებული "სამეფო კლუბი" (+VIDEO)

არიგო საკის „მილანი“ ეპოქალური იყო და დღემდე ბევრისთვის საკლუბო ფეხბურთის სამაგალითო გუნდად მიიჩნევა. ამაში სიმართლის მარცვალი არსებობს, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი გემოვნების საკითხია.

ფაქტი კი უტყუარია - არიგო საკის "მილანმა" საფეხბურთო ეპოქა შექმნა და ახლა სწორედ იმ პერიოდის „როსონერის“ დიდებულ მატჩზე ვისაუბრებთ, რომელიც ზუსტად 30 წლის წინ, 1989 წლის 19 აპრილს შედგა.

ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში „მილანის“ მეტოქე მადრიდის „რეალი“ გახლდათ. ორივე გუნდს დიდი პაუზა ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში და მხოლოდ ერთ მიზანს ისახავდნენ - თასის მოგებას. ორი დიადი გუნდის დუელი 5 აპრილს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაიწყო, სადაც უგო სანჩესის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლი 77-ე წუთზე მარკო ვან ბასტენმა გაქვითა და შეხვედრაც ასე დასრულდა.

საპასუხო მატჩს კი, „სან სირომ“ ორი კვირის თავზე უმასპინძლა. 19 აპრილს, საფეხბურთო ისტორიისთვის დაუვიწყარი თამაში შედგა. იმ დღეს საკის „მილანი“ (როგორც ჩვეულებრივ იმ წლებში) შეუჩერებელი იყო, მაგრამ „სამეფო კლუბის“ ასეთი შერცხვენა, მაინც ცალსახად გამოსარჩევი ფაქტია.

კარლო ანჩელოტიმ, ფრანკ რაიკაარდმა და რუუდ გულიტმა პირველივე ტაიმში გაარკვიეს, რომ ფინალში „როსონერი“ გავიდოდა. თუმცა, იტალიური გრანდი ამას არ დასჯერდა და ესპანელთა რბევა გააგრძელა. ვან ბასტენმა ისევ გაიტანა, ხოლო წერტილი რობერტო დონადონიმ დასვა - 5:0.

„მილანმა“ ძლევამოსილი სვლა გააგრძელა და ფინალში „ნოუ კამპზე“ ბუქარესტის „სტიუასთანაც“ დომინანტური ფეხბურთი ითამაშა (4:0).

0.114414