კალათბურთი

18:30 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

Euroleague.net: “შენგელიას ფაქტორი გადამწყვეტი იყო”

ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი მოსკოვში “ბასკონიას” გამარჯვებას გამოეხმაურა და წარმატების უმთავრეს ფაქტორად თორნიკე შენგელიასა და მარსელინიო უერტასის დამაჯერებელი გამარჯვება დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ბასკურმა კლუბმა ცსკა-სთან მეოთხედფინალური სერიის მე-2 შეხვედრა 78:68 მოიგო, ანგარიში გაათანაბრა (1:1) და თუკი შინ დაგეგმილ ორ მატჩში იმარჯვებს, “ოთხთა ფინალის” საგზურს მიიღებს. აი, რას წერს ევროლიგის საიტი:

“ბასკონიას” მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა მოსკოვში 26 ქულით წაგებული პირველი მატჩის შემდეგ, სასტარტო ხუთეულში 2 ცვლილება განახორციელა. მან ვინსენ პუარესა და ლუკა ვილდოზას ნაცვლად მოედანზე თოკო შენგელია და მარსელიონ უერტასი გაიყვანა და ამან, თამაშზე გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია.

შენგელიასთანა და უეერტასთან ერთად ბასკონიელები მატჩის სტარტზე 8:2 დაწინაურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დუეტს შეხვედრა შთამბეჭდავი სტატისტიკური მაჩვენებლებით არ დაუსრულებია, თამაშის ხასიათის განსაზღვრაში დიდი როლი ითამაშეს.

შენგელიამ შეხვედრის დასაწყისში მხოლოდ 4 წუთი გაატარა. თორნიკე მალევე დაჯარიმდა ოტელო ჰანტერზე, მალევე კი პერსონალური ფოლი ვილ კლაიბერნის წინააღმდეგ აიღო და მართალია, სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მოუხდა, ყველას აგრძნობინა, რომ “ბასკონია” ფიზიკურ ორთაბრძოლებში მეტოქეს არაფერს დაუთმობდა. ამ მხრივ დომინაცია მისმა შემცვლელმა პუარემაც გააგრძელა და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

შენგელიას ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა პერასოვიჩმაც გაუსვა, როდესაც ევროლიგის გასული სეზონის სიმბოლური ხუთეულის წევრზე შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

“ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ცხადია იცით, რომ შენგელიას ტრავმის გამო 100 დღეზე მეტი გაუცდა და ამ დროს უბრალოდ სირბილის საშუალებაც კი არ ჰქონია. ასეთი იძულებითი შესვენების შემდეგ, ოპტიმალური ფორმის დაბრუნება ძალიან რთულია, თუმცა, თოკო დღითიდღე უკეთესია. შენგელია ნამდვილი მებრძოლია, უდიდეს სამუშაოს ასრულებს და ყოველ მომდევნო მატჩში მეტი სარგებელი მოაქვს. მისთვის რთული პერიოდია, მაგრამ ნამდვილად სწორ გზაზე დგას”.

ყოჩაღად დაიწყო უერტასმაც და უკვე 4 შედეგიანი პასი ჰქონდა, როდესაც შევონ შილდსის სამქულიანის შემდეგ, სტუმრები 19:10 დაწინაურდნენ. ბრაზილიელმა უკანახაზელმა მოედანზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა, თუმცა, მისმა კარგმა სტარტმა თავდაჯერება ლუკა ვილდოზასაც გადადო.

საბოლოოდ, შენგელიამ 23 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, უერტასის მონაგარი კი მხოლოდ 1 ქულა, თუმცა, 6 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ. პერასოვიჩს ბოლო წუთებზე ისინი აღარ დაუტვირთავს, თუმცა, “ბასკონიას” კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112207