ფეხბურთი

4:08 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" სასეზონო გამოცდა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „ტოტენჰემთან“ მატჩამდე ამბობს, რომ ამ გუნდში მაინცდამაინც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად არ მისულა. არავინ იცის, რამდენად გულწრფელი იყო ესპანელი ამ განცხადების დროს, მაგრამ ფაქტია, დღეს „სიტიმ“ „ტოტენჰემი“ აუცილებლად და თანაც ორბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირს დაემშვიდობება.

„სიტიმ“ ერთი კვირის ლონდონში 0:1 წააგო და მეტად უფერული ფეხბურთიც აჩვენა. „ტოტენჰემმა“ კი იმ მატჩიდან მაქსიმუმი გამოადნო და დღეს ეცდება მოპოვებული უპირატესობა დაიცვას. თუმცა, მთავარი ლიდერი, ჰარი კეინი დაუშავდა და მის გარშე მოუწევს ფონს გასვლა.

სავარაუდო შემადგენლობები:

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტი, მენდი; დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა; ბერნარდო სილვა, აგუერო, სტერლინგი

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; სისოკო, ვანიამა; ერიკსენი, ლუკას მოურა, სონი; ლორენტე

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

9 აპრილს, „ტოტენჰემმა“ ახალ სტადიონზე პირველი თამაში ჩაატარა ევროთასებზე. სერხიო აგუერომ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო ჰონ-მინ სონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ჰოტსპური“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად ითამაშებს. „სიტისთვის“ კი ბოლო ოთხ სეზონში მესამე მეოთხედფინალია. „ქალაქელები“ ამ ეტაპზე შარშანაც ინგლისურ გუნდს დაუპირისპირდნენ („ლივერპულს“).

მერვედფინალში ორივე გუნდმა გერმანული ბარიერი დაძლია. „ტოტენჰემმა“ „ორი მატჩის ჯამში „დორტმუნდი“ 4:0, ხოლო „სიტიმ“ „შალკემ“ 10:2 გაანადგურა.

ურთიერთშეხვედრები

„სიტი“ და „ტოტენჰემი“ აქამდე ჯამში 157-ჯერ შეხვედრიან და 61 თამაში „სიტიმ“ მოიგო, 61-იც „ტოტენჰემმა“, 35-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა. „სიტის“ უკანასკნელ სამ შეხვედრაში ლონდონური გუნდი დამარცხებული ჰყავდა, სანამ ერთი კვირის წინ დამარცხდებოდა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 29 ოქტომბერს, „უემბლიზე“, რიად მაჰრეზის გოლით მანჩესტერელებმა იმარჯვეს. საპასუხო თამაში კი 20 აპრილს „ეტიჰადზე“ შედგება. ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალიდან სამი დღის შემდეგ.

ევროთასებზე ეს გუნდები მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. ლონდონში „ტოტენჰემმა“ იმარჯვა. საინტერესოა, რომ ამ მატჩიდან სამ დღეში უკვე პრემიერლიგაში გადაიკვეთება მათი გზები და ისევ „ეტიჰად სთედიუმზე“.

სტატისტიკა

მანჩესტერ სიტი

„სიტის“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აქამდე ორჯერ უთამაშია. ერთხელ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ერთხელ გამოეთიშა.

2017-2018, „ლივერპული“ (0:3, 1:2)

2015-2016, პსჟ (2:2, 1:1 სტუმრად გატანილი გოლით იმარჯვა)

„სიტის“ გზა ევროთასებზე ინგლისურ გუნდებთან ხუთჯერ გადაკვეთილა და ყველა შემთხვევაში დამარცხდა. 12 თვის წინ „ლივერპულთან“ მეოთხედფინალში და გაბრიელ ჟესუსის გოლიც ერთადერთია ინგლისური გუნდების კარში.

მანამდე იყო თასების თასზე „ჩელსისთან“ მარცხი, რომელთანაც შინაც და სტუმრადაც 0:1 წააგო.

„სიტისთვის“ საუკეთესო სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე 2015-2016 წლებში იყო, როდესაც ნახევარფინალს უწია.

„ქალაქელები“ ზედიზედ 6 სეზონია ჯგუფიდან გადიან, მაგრამ მეოთხედფინალში მხოლოდ მესამედ თამაშობენ.

„სიტიმ“ მიმდინარე სეზონში „შახტარი“ 6:0 და „შალკე“ 7:0 დაამარცხა და ეს ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებებია ამ გუნდის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ევროთასებზე ბოლო 14 მატჩიდან 7 მოიგო და 6 წააგო. სახლში კი მიმდინარე სეზონში „ლიონთან“ (1:2) წააგო. ეს იყო ევროთასებზე მიჯრით მესამე წაგება ამ ანგარიშით. ფრანგებთან მარცხის მერე კი 7 მატჩიდან 6 მოიგო, სანამ ლონდონში წააგებდა.

მიმდინარე სეზონში „სიტიმ“ საკუთარ მოედანზე 4 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

„სიტიმ“ 7 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც პირველი თამაში სტუმრად წააგო. ბოლო 5 შემთხვევაში კი დამარცხდა. ბოლოს ეს „ლივერპულთან“ გასულ სეზონში მოხდა. ორჯერ კი ასეთი რამ მაშინ მოხდა, როდესაც 0:1 წააგო სტუმრად პირველი თამაში. 1970-1971 წლების სეზონში „ჩელსისთან“ (0:1, 0:1), და 2011-2012 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე „სპორტინგთან“ (0:1, 3:2).

„ქალაქელები“ პირველ თამაშში სტუმრად დამარცხების შემდეგ მომდევნო ეტაპზე 1970-1971 წლების სეზონის მერე აღარ გასულან. მანჩესტერულმა გუნდმა მაშინ „გორნიკი“ გადათამაშებასი დაამარცხა (3:1).

„სიტი“ პენალტების სერიაში: 2 მოგება, 0 წაგება

2008-2009 წლების სეზონი, უეფას თასის მერვედფინალი: „ოლბორგი“ (4:3)

2008-2009 წლების სეზონი, უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპი: „მიდტიულანდი“ (4:2)

ტოტენჰემი

„ტოტენჰემს“ მეოთხედფინალში ორჯერ უთამაშია და ერთხელ იმარჯვა, ერთხელ დამარცხდა.

2011-2012, „რეალი“ (0:4, 0:1)

1961-1962, „დუკლა“ (0:1, 4:1)

ეს იქნება „ტოტენჰემის“ მეოთხე ორმატჩიანი დუელი ევროთასებზე ინგლისურ გუნდებთან. პირველად მსგავსი რამ 1972-1973 წლების სეზონში უეფას თასზე მოხდა. ჯამური სტატისტიკა ასეთია: 1 მოგება, 2 წაგება.

„ტოტენჰემმა“ ევროპული თასი მოიგო, როდესაც გზად ინგლისური გუნდი ჩამოიშორა. 1972 წელს, უეფას თასზე „ვულვზი“ გააგდო (2:1, 1:1).

„ტოტენჰემმა“ მერვედფინალში სტუმრად „დორტმუნდი“ დაამარცხა (1:0) და მერვედფინალში სტუმრად ასეთი ბალანსით იწონებს თავს: 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

მიმდინარე სეზონში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა სტუმრად „ინტერთან“ წააგო (1:2), პსვ ეინდჰოვენსა (2:2) და „ბარსელონას“ (1:1) დაუზავდა, ხოლო „დორტმუნდი“ დაამარცხა (1:0).

„მამლებმა“ ევროთასებზე ბოლო 19 თამაშში მხოლოდ 5-ჯერ მოიგეს (7 ფრე, 7 წაგება).

„ტოტენჰემი“ 19 შემთხვევიდან 17-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, როდესაც პირველი თამაში სახლში მოიგო. მათ შორის, ერთი მიმდინარე სეზონში „დორტმუნდთან“ (3:0, 1:0). ერთ-ერთი წაგება კი, 1999-2000 წლების სეზონში უეფას თასის მეორე ეტაპზე დაფიქსირდა, „კაიზერლსაუტერნთან“ (1:0, 0:2). უშუალოდ 1:0-ს რაც შეეხება, აქ ბალანსი თანაბარია: 1 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 1 გამოვარდნა.

„ტოტენჰემი“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 წაგება

2012-2013, ევროპა ლიგის მეოთხედფინალი: „ბაზელი“ (1:4)

2007-2008, უეფას თასის მერვედფინალი: პსვ ეინდჰოვენი (5:6)

1983-1984, თასების თასის ფინალი: „ანდერლეხტი“ (4:3)

გზაჯვარედინი

პეპ გვარდიოლას მაურისიო პოჩეტინოს წინააღმდეგ 14 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული (8 მოგება, 4 ფრე). ჩამონათვალში შედის ესპანური დაპირისპირებები, „ბარსელონასა“ და „ესპანიოლს“ შორის.

კაილი უოლკერი „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი იყო 2011-2017 წლებში და 183 თამაშში 4 გოლიც გაიტანა (პრემიერლიგაში).

კირან ტრიპიერი „სიტის“ აკადემიაში ირიცხებოდა 9 წელი და 2012 წელს „ბარნლიში“ გადავიდა.

უგო ლორისი და ბენჟამინ მენდი საფრანგეთის ნაკრებში 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

ერიკ დაიერი, დენი როუზი, კირან ტრიპიერი, დელე ალი, ჰარი კეინი და ჯონ სტოუნსი, კაილი უოლკერი, ფაბიან დელფი, რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)

ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი და ვინსენ კომპანი, კევინ დე ბრუინი (ბელგია)

ლუკას მოურა და ედერსონი, დანილო, ფერნანდინიო, გაბრიელ ჟესუსი (ბრაზილია)

პაულო გაძანიგა, ხუან ფოიტი, ერიკ ლამელა და ნიკოლას ოტამენდი, სერხიო აგუერო (არგენტინა)

უგო ლორისი და ბენჟამინ მენდი (საფრანგეთი)

ბოლო პერიოდი

„მანჩესტერ სიტი“

„სიტის“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 26 გოლი აქვს გატანილი.

„სიტიმ“ ბოლო 25 მატჩში ყველა ტურნირის ჩათვლით მხოლოდ ორჯერ წააგო (22 მოგება). გაიტანა 75 გოლი და გაუშვა მხოლოდ 13. კვირას კი, „კრისტალ პალასი“ (3:1) დაამარცხა.

ერთადერთი მატჩი, რომელშიც „სიტიმ“ გოლი ვერ გაიტანა, 24 თებერვალს, კარაბაოს თასის ფინალში „ჩელსისთან“ შედგა. თუმცა გვარდიოლას გუნდმა პენალტების სერიაში (4:3) მაინც მოიგო და ტიტული მოიპოვა.

რაჰიმ სტერლინგმა „კრისტალ პალასთან“ დუბლი შეასრულა და ბოლო 7 თამაშში 6 გოლი დაუგროვდა.

„სიტი“ 2013 წლის შემდეგ ასოციაციის თასის ფინალში პირველად გავიდა, ჯამში მეთერთმეტედ. ფინალში 18 მაისს, „უემბლიზე“ „უოტფორდს“ დაუპირისპირდება.

„ქალაქელებმა“ პრემიერლიგაში ბოლო 9 თამაში მოიგეს.

„სიტის“ მიმდინარე სეზონში შინ 23 თამაში აქვს მოგებული და ორჯერ წააგო. ბოლო 11 მატჩი მოიგო, 48 გოლი გაიტანა, 3 გაუშვა და 8-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო 11 თამაშიდან შვიდში კარი მშრალად შეინახა.

„სიტიმ“ მიმდინარე სეზონში ჩატარებული 54 მატჩიდან 10-ჯერ მოახერხა 5 ან მეტი გოლის გატანა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში 9 იანვარს „ბარტონი“ 9:0 გაანადგურა და ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება 1987 წლის შემდეგ, როდესაც „ჰადერსფილდი“ 10:1 დაამარცხა.

„ქალაქელებმა“ ზამთარში სპლიტის „ჰაიდუკიდან“ 18 წლის ანტ პალავესრა გაიფორმეს.

სერხიო აგუერომ ბოლო სამ თამაშში ოთხი გოლი გაიტანა, ხოლო 16 მატჩში 15 გოლი. „ფულჰემთან“ 30 მარტს ტრავმა მიიღო. ასევე დაზიანება აქვს ოლექსნადრ ზინჩენკოს და „ბრაიტონთან“ არცერთს უთამაშია.

ბენჟამინ მენდიმ გასული წლის 14 ნოემბერს ოპერაცია გაიკეთა. „ბრაიტონთან“ 79 წუთი ითამაშა, ხოლო „კრისტალ პალასთან“ შეუცვლელად იყო მოედანზე.

კლაუდიო ბრავო 20 აგვისტოს შემდეგ ლაზარეთშია.

„ტოტენჰემი“

ჰონ-მინ სონმა ევროთასებზე 50-ე თამაში ჩაატარა „სიტისთან“ პირველ მატჩში. ჰარი კეინი ამ ნიშნულს მომდევნო მატჩში უწევს, მაგრამ ახლა ის ტრავმირებულია.

„ტოტენჰემმა“ 3 აპრილს ახალ სტადიონზე პირველად ითამაშა და „კრისტალ პალასი“ (2:0) დაამარცხა. იქამდე ჩატარებული 6 მატჩიდან კი ერთადერთი ჰქონდა მოგებული (1 ფრე, 4 წაგება). ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 9 თამაშში 4 გამარჯვება მოიპოვა.

„მამლებმა“ შაბათს „ჰადერსფილდი“ (4:0) დაამარცხეს და ლუკას მოურამ ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ტოტენჰემს“ ახალ სტადიონზე სამი მატჩიდან სამივე მშრალი ანგარიშით აქვს მოგებული. „ჰადერსფილდთან“ გამარჯვება იყო ყველაზე დიდი ანგარიშით 4 იანვრის შემდეგ, როდესაც ასოციაციის თასზე „ტრანმერი“ 7:0 გაანადგურა.

ლონდონელებმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებული 49 თამაშიდან 4-ჯერ ითამაშა ფრე (30 მოგება, 14 წაგება).

მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ბოლო 17 თამაშიდან საკუთარი კარი მშრალად მხოლოდ ექვსჯერ შეინახა.

ჰარი კეინმა პირველ თამაშში კოჭის ტრავმა მიიღო და მისთვის სეზონი დასრულდა. დელე ალის კი ოპერაცია ხელზე ჩაუტარდა, რომელიც იმავე თამაშში დაიზიანა.

ფერნანდო ლორენტე „ჰადერსფილდთან“ მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს, ხოლო ჰარი ვინკსს კი მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.

სერჟ ორიეს 23 მარტის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც ეროვნულ ნაკრებში ტრავმა მიიღო.

ერიკ ლამელას კი, „დორტმუნდთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია.

სტატისტიკა
0.366762