ფეხბურთი

2:47 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" მორიგი სასწაულისთვის მოემზადა, "ბარსელონა" - ნახევარფინალისთვის

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალისტი გაირკვევა, ერთ-ერთი ბარსელონაში, სადაც ადგილობრივი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუხვდება. ერთი კვირის წინ „ოლდ ტრაფორდზე“ ესპანურმა გრანდმა 1:0 მოიგო, მაგრამ მშვიდად მაინც ვერ იქნება.

რატომ? საკმარისია გავიხსენოთ როგორ გავიდა მეოთხედფინალში „მანჩესტერი“. რა თქმა უნდა, ახლა სხვა ვითარებაა და სხვა მეტოქე, მაგრამ ამის უგულებელყოფა ცალსახად არ შეიძლება. თანაც, „იუნაიტედი“ სტუმრად მიმდინარე სეზონში გაცილებით ომახიანად და თავისუფლად თამაშობს, ვიდრე სახლში.

თავის მხრივ, „ბარსა“ ძალიან ახლოსაა 2015 წლის შემდეგ ნახევარფინალში გავიდეს. ამისთვის საკმარისია დღეს არ წააგოს. თუმცა ერნესტო ვალვერდეს განცხადებით, მისი გუნდი მოედანზე მხოლოდ გოლების გასატანად გავა. დღევანდელ მატჩში „ბლაუგრანას“ უსმან დემბელე უბრუნდება და მხოლოდ ტომას ვერმაელენს და რაფინიას მოისაკლისებს, რაც სერიოზულ დანაკლისად არ უნდა აღვიქვათ. სერხიო ბუსკეტსა და ნელსონ სემედუს კი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევთ, თუ „ბარსელონა“ შემდეგ ეტაპზე გავა.

„მანჩესტერის“ დანაკლისი გაცილებით მნიშვნელოვანი და სერიოზულია. ერიკ ბაილი, ენდერ ერერა და ანტონიო ვალენსია ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ, ხოლო პირველ მატჩში ავტოგოლის ავტორი ლუკ შოუ დისკვალიფიცირებულია. ამავე საფრთხის წინაშე ერერა, მატიჩი, ვალენსია და იანგი დგანან.

ერნესტო ვალვერდე („ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი): „შიში არ გვაქვს, უბრალოდ ვიცით, რომ თუ ნახევარფინალში გასვლა გვინდა, ძალიან მტკიცე თამაში უნდა ჩავატაროთ. ვიცით, რომ სერიოზული მეტოქე გვყავს და სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ. ჩვენი პრიორიტეტი გოლის გატანა იქნება და არა არგაშვება, რადგან პირველი თამაშის შედეგზე ფიქრი დიდი სისულელეა“.

ოლე გუნარ სულშერი („მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი): „1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ფანტასტიკური მოგონება მაკავშირებს. ეს იყო ბოლო და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „კამპ ნოუზე“ ვიყავი. მოუთმენლად ველოდებით, რომ თამაში დაიწყოს და უკეთ ვითამაშოთ. ახლა 0:1-ს ვმარცხდებით, მაგრამ ჩვენი შანსი გვექნება და უნდა გამოვიყენოთ. ვიცით, გოლების გატანა სტანდარტული მდგომარეობებიდან, სიმაღლეში უპირატესობას ვფლობთ, მაგრამ თავი კარგად უნდა დავიცვათ. მნიშვნელობა არ აქვს გოლს 93-ე წუთზე თუ გავიტანთ, მთავარია გავიტანოთ. ფეხბურთელებს პარიზული მოგონება დაეხმარებათ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური; მესი, სუარესი, დემბელე

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; დალო, ლინდელოფი, სმოლინგი, იანგი; მაკტომინეი, ფრედი, პოგბა; რაშფორდი, ლუკაკუ, მარსიალი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

„ბარსელონამ“ „ოლდ ტრაფორდზე“ ლუკ შოუს ავტოგოლით მოიგო და ეს იყო კატალონელთა პირველი საგარეო გამაჯვება პლეი-ოფის სტადიაზე ბოლო 7 მატჩში (2 ფრე, 4 წაგება).

„მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად თამაშობს. „ბარსელონა“ კი ბოლო სამი სეზონია ასპარეზობას სწორედ ამ ეტაპზე ასრულებს.

„იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ სწორედ „კამპ ნოუზე“ მოიგო, სადაც „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ოლე გუნარ სულშერმა გაიტანა.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 12-ჯერ შეხვედრიან და მცირე უპირატესობას „ბარსელონა“ ფლობს, რომელმაც 5 თამაში მოიგო, ოთხიც ფრედ დასრულდა, ხოლო სამჯერ გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ. ბურთების ბალანსი ესპანელთა სასარგებლოდაა (21:15).

2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონამ“ სამუელ ეტო’ოსა და ლიონელ მესის გოლებით 2:0 დაამარცხა "მანჩესტერი", ხოლო ორი წლის შემდეგ ისევ კატალონელებმა, ისვე ფინალში 3:1 იმარჯვეს მესის, პედროსა და დავიდ ვილას გოლებით. ინგლისელთაგან უეინ რუნიმ გაიტანა.

„იუნაიტედს“ „ბარსელონა“ 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ არ დაუმარცხებია, როდესაც ნახევარფინალში აჯობა. ორივე შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა და ის პოლ სქოულზმა საპასუხო მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ გაიტანა. იქამდე, „კამპ ნოუზე“ კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა.

საერთოდ, „მანჩესტერი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ბარსელონასთან“ 4 თამაშია დაუმარცხებელია (2 მოგება, 2 ფრე). მანამდე, 1983-194 წლების სეზონში თასების თასზე აჯობა „ბლაუგრანას“ შინ 3:0 მოუგო და 0:2 ესპანეთში წააგო.

„ბარსელონამ“ 1994-1995 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე „მანჩესტერი“ 4:0 გაანადგურა და ხრისტკო სტოიჩკოვმა დუბლი შეასრულა.

„მანჩესტერმა“ „ბარსელონა“ 1991 წელს თასების თასის ფინალში როტერდამში 2:1 დაამარცხა მარკ ჰიუზის დუბლის წყალობით. ბოლო დაპირისპირება კი ერთი კვირის წინ შედგა და კატალონელებმა ლუკ შოუს ავტოგოლით მოიგეს.

სტატისტიკა

ბარსელონა

„ბარსელონას“ ბალანსი მეოთხედფინალურ ეტაპზე ასეთია: 14 მოგება, 6 წაგება

2017-2018, „რომა“ (4:1, 0:3)

2016-2017, „იუვენტუსი“ (0:3, 0:0)

2015-2016, „ატლეტიკო“ (2:1, 0:2)

2014-2015, პსჟ (3:1, 2:0)

2013-2014, „ატლეტიკო“ (1:1, 0:1)

2012-2013, პსჟ (2:2, 1:1)

2011-2012,“მილანი“ (0:0, 3:1)

2010-2011, „შახტარი“ (5:1, 1:0)

2009-2010 „არსენალი“ (2:2, 4:1)

2008-2009, „ბაიერნი“ (4:0, 1:1)

2007-2008, „შალკე“ (1:0, 1:0)

2005-2006, „ბენფიკა“ (0:0, 2:0)

2002-2003, „იუვენტუსი“ (1:1, 1:2)

2001-2002, „პანათინაიკოსი“ (0:1, 3:1)

1999-2000, „ჩელსი“ (1:3, 5:1)

1994-1995, პსჟ (1:1, 1:2)

1985-1986, „იუვენტუსი“ (1:0, 1:1)

1974-1975, „ატვიდაბერგი“ (2:0, 3:0)

1960-1961 „კრალოვე სპარტაკი“ (4:0, 1:1)

1959-1960, „ვულვზი“ (4:0, 5:2)

12 თვის წინ „ბარსელონამ“ „რომა“ შინ 4:1 დაამარცხა, მაგრამ სტუმრად 0:3 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

„ბარსელონა“ მიმდინარე სეზონში ინგლისურ გუნდს უკვე დაუპირისპირდა. „ტოტენჰემს“ სტუმრად 4:2 აჯობა, ხოლო შინ დაუზავდა (1:1).

„ბარსამ“ ინგლისურ მეტოქეებთან“ ბოლო 14 თამაშში 9 მოიგო. მათ შორის, გასულ სეზონში „ჩელსი“ ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა.

„კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ასეთი სტატისტიკით იწონებს თავს: 20 მოგება, 11 ფრე, 2 წაგება. ბოლო 9 თამაშიდან კი 7-ჯერ დაამარცხა ალბიონური გუნდები.

პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებს კატალონელები 24-ჯერ დაუპირისპირდნენ და 14-ჯერ შემდეგ ეტაპის საგზური მოიპოვეს. ბოლოს 2012 წელს ნახევარფინალში „ჩელსისთან“ დამარცხდა. ეს ერთადერთი წაგება იყო საპლეი-ოფო სტადიაზე ბოლო რვა დაპირისპირებებში.

„რომასთან“ წაგება ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსასთვის“ ერთადერთი მარცხია ბოლო 20 თამაშში (12 მოგება, 7 ფრე). მერვედფინალში კი „ლიონი“ ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხა.

„ბარსელონას“ გასული სეზონიდან მოყოლებული სახლში ყველა საპლეი-ოფო მატჩი აქვს მოგებული. ბოლო 12 თამაში კი „კამპ ნოუზე“ საერთოდ არ წაუგია პლეი-ოფში (12 მოგება, 2 ფრე). ბოლო მარცხი 2013 წლით თარიღდება (0:3).

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მიმდინარე სეზონში საწყისი ორი საშინაო მატჩი მოიგო პსვ ეინდჰოვენთან (4:0) და „ინტერთან“, პლეი-ოფში „ლიონს“ (5:1) აჯობა, ხოლო „ტოტენჰემს“ დაუზავდა (1:1).

„ბარსელონა“ შინ ჩემპიონთა ლიგაზე 30 თამაშია არ დამარცხებულა (27 მოგება, 3 ფრე). ბოლოს მსგავსი რამ 2013 წლის სექტემბერში მოხდა. „ლიონთან“ გამარჯვების შემდეგ კი „ბაიერნის“ რეკორდი დაამხო სახლში წაუგებელი მატჩებით. გერმანულმა გიგანტმა 1998 წლის მარტიდან 2002 წლის აპრილამე 29 საშინაო შეხვედრა არ წააგო.

„ბარსელონას“ 4 გოლი აკლია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 500 გოლი დაუგროვდეს. ასეთი მიღწევით მხოლოდ მადრიდის „რეალი“ დაიკვეხნის.

„ბარსელონა“ 38 შემთხვევიდან 36-ჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა, როდესაც პირველი თამაში სტუმრად მოიგო. ბოლოს ასეთი რამ ლონდონის „არსენალთან“ 2015-2016 წლების სეზონში მოხდა. რაც შეეხება ორ გამონაკლის შემთხვევას, ერთი 1980-1981 წლების სეზონში უეფას თასის მეორე ეტაპზე „კიოლნთან“ დაფიქსირდა (1:0 სტუმრად, 0:4 შინ). მეორე კი 1984-1985 წლების სეზონში თასების თასზე ფრანგულ „მეცთან“ გაანიავა უპირატესობა (4:2 სტუმრად, 1:4 სახლში). 36 გამარჯვებიდან კი 7 მაშინ მოხდა, როდესაც სტუმრად პირველი მატჩი 1:0 მოიგო. ბოლოს 2007-2009 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „შალკესთან“.

„ბარსელონა“ პენალტების სერიაში: 5 მოგება, 1 წაგება

1988-1989 წლების სეზონი, თასების თასის მეორე ეტაპი: „ლეხი“ (5:4)

1985-1986 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის ფინალი: „სტიაუა“ (0:2)

1985-1986 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი: „გიოტებორგი“ (5:4)

1978-1979 წლების სეზონი, თასების თასის მეორე ეტაპი: „ანდერლეხტი“ (4:1)

1977-1978 წლების სეზონი, უეფას თასის მესამე ეტაპი: „იფსვიჩ თაუნი“ (3:1)

1977-1978 წლების სეზონი, უეფას თასის მეორე ეტაპი: „ალკმაარი“ (5:4)

მანჩესტერ იუნაიტედი

„მანჩესტერის“ ბალანსი მეოთხედფინალში დადებითია: 12 მოგება, 6 წაგება

2013-2014, „ბაიერნი“ (1:1, 1:3)

2010-2011, „ჩელსი“ (1:0, 2:1)

2009-2010, „ბაიერნი“ (1:2, 3:2)

2008-2009, „პორტუ“ (2:2, 1:0)

2007-2008, „რომა“ (2:0, 1:0)

2006-2007, „რომა“ (1:2, 7:1)

2002-2003, „რეალი“ (1:3, 4:3)

2001-2002, „დეპორტივო“ (2:0, 3:2)

2000-2001, „ბაიერნი“ (0:1, 1:2)

1999-2000, „რეალი“ (0:0, 2:3)

1998-1999, „ინტერი“ (2:0, 1:1)

1997-1998, „მონაკო“ (0:0, 1:1)

1996-1997, „პორტუ“ (4:0, 0:0)

1968-1969, „რაპიდი“ (3:0, 0:0)

1967-1968, „გორნიკი“ (2:0, 0:1)

1865-1966, „ბენფიკა“ (3:2, 5:1)

1957-1958, „ცრვენა ზვეზდა“ (2:1, 3:3)

1956-1957, „ბილბაო“ (3:5, 3:0)

„იუნაიტედმა“ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდიდან წასვლის შემდეგ მეოთხედფინალში ერთხელ ითამაშა და 2013-2014 წლების სეზონში დევიდ მოიესთან ერთად „ბაიერნთან“ წააგო.

„მანჩესტერმა“ მერვედფინალში პატარა სასწაული მოახდინა. პსჟ-სთან შინ 0:2 წააგო, მაგრამ შემდეგ სტუმრად 3:1 იმარჯვა და დიდებული ქამ-ბექის ავტორი გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ მეოთხედ მოხდა, რომ გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა, როცა პირველი თამაში სახლში წააგო, ხოლო პირველად, როდესაც სახლში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა და მაინც გავიდა შემდეგ ეტაპზე.

„წითელმა“ ეშმაკებმა“ მიმდინარე სეზონში ესპანურ გუნდთან უკვე ითამაშეს. „ვალენსიასთან“ შინ ნულოვან ფრეს დასჯერდნენ, ხოლო სტუმრად 1:2 წააგეს.

„იუნაიტედს“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული (6 ფრე, 8 წაგება), ხოლო ბოლო შვიდიდან არცერთი (3 ფრე, 4 წაგება). ესპანეთში ბოლო 10 სტუმრობა კი მანკუნიანელთათვის მხოლოდ ორჯერ დასრულდა მარცხით (2 მოგება, 6 ფრე).

გასულ სეზონში „მანიუ“ მერვედფინალში სწორედ ესპანელებთან, კერძოდ „სევილიასთან“ დამარცხდა (0:0, 1:2). ამ წაგებით შეწყდა „ოლდ ტრაფორდზე“ 21 მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც სათავეს 2013 წლიდან იღებდა და მაშინაც ესპანურ გუნდთან წააგო („რეალთან“ 1:2).

„მანჩესტერის“ ბალანსი პლეი-ოფში ესპანურ გუნდებთან ასეთია: 6 მოგება, 8 წაგება

„მანჩესტერმა“ მიმდინარე სეზონში სტუმრად „იანგ ბოიზი“ (3:0) და „იუვენტუსი“ (2:1) დაამარცხა სტუმრად, რასაც „ვალენსიასთან“ წაგება მოჰყვა (1:2). ბოლო კი იყო პარიზში მოგება (3:1).

„იუნაიტედს“ ევროთასებზე ბოლო 29 მატჩიდან სტუმრად მხოლოდ 7 აქვს წაგებული (17 მოგება, 5 ფრე).

პსჟ-სთან ქამ-ბექი იყო პირველი „მანჩესტერისთვის“, როდესაც შინ საწყისი თამაში წააგო და მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. მანამდე, სამჯერ გამოეთიშა ასპარეზობას მსგავს შემთხვევაში, მათ შორის ორჯერ, როდესაც შინ 0:1 წააგო. 2000-2001 წლების სეზონში „ბაიერნთან“ (0:1 შინ, 1:2 სტუმრად), ხოლო 2004-2005 წლების სეზონში (0:1 შინ, 0:1 სტუმრად).

„მანჩესტერი“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 წაგება

2007-2008, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „ჩელსი“ (6:5)

1992-1993, უეფას თასის პირველი ეტაპი: „ტორპედო მოსკოვი“ (3:4)

1984-1985, უეფას თასის მეოთხედფინალი: „ვიდეოტონი“ (4:5)

გზაჯვარედინი

„იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1999 წელს „კამპ ნოუზე“ მოიგო, როდესაც „ბაიერნი“ დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა.

ოლე გუნარ სულშერმა 55 წუთი ითამაშა იმავე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონასთან“ მატჩში, რომელიც „კამპ ნოუზე“ ფრედ 3:3 დასრულდა.

ჟერარ პიკე 2004-2008 წლებში „მანჩესტერში“ თამაშბდა და 12 პრემიერლიგური მატჩის შემდეგ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა.

ალექსის სანჩესს „ბარსელონას“ მაისურით 2011-2014 წლებში 88 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი. მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი. გარდა ამისა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი.

ფილიპე კოუტინიოს „ლივერპულის“ რიგებში „მანჩესტერთან“ 9-ჯერ უთამაშია და ერთადერთი გოლი გაუტანა (3 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება).

ლუის სუარესმა პრემიერლიგის 110 თამაშში 69 გოლი გაიტანა და მათ შორის „მანჩესტერის“ კარი 6 თამაშიდან ორჯერ დალაშქრა (2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება).

ლიონელ მესის პრემიერლიგის გუნდების წინააღმდეგ 30-ჯერ უთამაშია და 22 გოლი გაუტანია. ასეთი კარგი შედეგი არგენტინელს არცერთი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ აქვს.

ინგლისში უთამაშიათ:

ტომას ვერმაელენი („არსენალი“ 2009-2014)

ფილიპე კოუტინიო („ლივერპული“ 2013-2018)

ლუის სუარესი („ლივერპული“ 2011-2014)

კევინ პრინს ბოატენგი („ტოტენჰემი“ 2007-2009, „პორტსმუთი“ 2009-2010)

ესპანეთში უთამაშიათ:

დავიდ დე ხეა („ატლეტიკო“ 2008-2011)

ერიკ ბაილი („ესპანიოლი“ 2013-2015, „ვილიარეალი“ 2015-2016)

ანდერ ერერა („სარაგოსა“ 2008-2011, „ბილბაო“ 2011-2014)

ხუან მატა („რეალი, კასტილია“ 2006-2007, „ვალენსია“ 2007-2011)

ანტონიო ვალენსია („ვილიარეალი“ 2005, „უელვა“ 2006)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

დავიდ დე ხეა, ანდერ ერერა, ხუან მატა და სერხი რობერტო, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი)

პოლ პოგბა, ანტონი მარსიალი და უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი (საფრანგეთი)

ფრედი, ანდრეას პერეირა და მალკომი, რაფინია, არტური, ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია)

სერხიო რომერო და ლიონელ მესი (არგენტინა)

რომელუ ლუკაკუ და ტომას ვერმაელენი (ბელგია)

ალექსის სანჩესი და არტურო ვიდალი (ჩილე)

ბოლო პერიოდი

„ბარსელონა“

ივან რაკიტიჩმა ევროთასებზე მეასე მატჩი ჩაატარა და ეს „მანჩესტერთან“ პირველ მატჩში მოხდა.

ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე თამაში ჩაატარა.

ლიონელ მესი მიდმინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია 8 გოლით რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად, თუმცა პოლონელი ტურნირს უკვე გამოეთიშა.

„ბარსელონა“ 18 თამაშია ყველა ტურნირის ჩათვლით დაუმარცხებელია (12 მოგება, 6 ფრე). 2 აპრილს, „ვილიარეალთან“ 2:4 აგებდა, მაგრამ 4:4 ითამაშა. შაბათს კი, „კამპ ნოუზე“ „ატლეტიკო“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შაბათს „ბარსელონა“ „უესკას“ დაუპირისპირდა და უგოლოდ დაშორდა.

მუსა ვაგუემ, ჯეისონ მურილომ, რიკარდ პუგმა და ჟან-კლერ ტოდიბომ „ბლაუგრანას“ მაისურით პირველი თამაში სწორედ შაბათს ჩაატარეს.

„ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ ბოლო ხუთი თამაში მოიგო, სადაც მიმდინარე სეზონში ერთადერთხელ წააგო 11 ნოემბერს, „ბეტისთან“ (3:4). საერთო სტატისტიკა ასეთია: 18 მოგება, 5 ფრე, 1 წაგება. ბოლო 15 მატჩი კი საკუთარ კედლებში არ წაუგია.

„ბარსელონამ“ ბოლო 14 მატჩში ყველა ტურნირის ჩათვლით 9-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

მესიმ „ატლეტიკოს“ გაუტანა და ლა ლიგაში 33 გოლი დაუგროვდა. ბოლო 22 შეხვედრაში არგენტინელმა თავი 26-ჯერ გამოიჩინა.

ლუის სუარესს ბოლო 10 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

რაფინიამ 24 ნოემბერს, „ატლეტიკოსთან“ მატჩში დაზიანება მიიღო და ოპერაცია გაიკეთა.

„ბლაუგრანა“ ესპანეთის თასის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა. 27 თებერვალს „რეალი“ დაამარცხა ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში (4:1). 25 მაისს, სევილიაში, „ვალენსიას“ დაუპირისპირდება ფინალურ შეხვედრაში.

ჟან-კლერ ტოდიბო „ბარსამ“ იანვარში „ტულუზადან“ დაიმატა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არაა. ზაფხულში კი გუნდს „აიაქსიდან“ ფრენკი დე იონგი და „ატლეტიკო მინეიროდან“ ემერსონი შეუერთებიან.

„მანჩესტერ იუნაიტედი“

ეშლი იანგმა უეფას ტურნირებში 50-ე თამაში ჩაატარა.

„იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური თამაშის შემდეგ ექვსიდან ოთხი თამაში წააგო. მათ შორის, „არსენალთან“ (0:2) 10 მარტს, რომელიც სულშერის პერიოდში პირველი პრემიერლიგური წაგება აღმოჩნდა.

„წითელმა ეშმაკებმა“ შაბათს „ვესტ ჰემი“ პოლ პოგბას დუბლით 2:1 დაამარცხეს.

„იუნაიტედი“ 16 მატს ინგლისის ასოციაციის თასს „ვულვზთან“ 1:2 წაგების შემდეგ გამოეთიშა.

პოლ პოგბას პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი და ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია. 9 თებერვლის შემდეგ გოლი საერთოდ არ ჰქონდა გატანილი, სანამ „ვესტ ჰემს“ ორჯერ დაამწუხრებდა.

სულშერმა თავისი საწყისი 8 თამაში მოიგო და „მანჩესტერის“ ისტორიაში ასეთი კარგი სტარტი არავის ჰქონია.

28 მარტს ოლე გუნარ სულშერს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ანდერ ერერა და ერიკ ბაილი ტრავმირებულები არიან.

სტატისტიკა
0.233598